მთავარი / ბლოგი / იტალიაში რასიზმის წინააღმდეგ არტ-კამპანია დაიწყო. ეს არის ინსტალაცია მაიმუნებით 🙈🙉🙊
იტალიაში რასიზმის წინააღმდეგ არტ-კამპანია დაიწყო. ეს არის ინსტალაცია მაიმუნებით

იტალიაში რასიზმის წინააღმდეგ არტ-კამპანია დაიწყო. ეს არის ინსტალაცია მაიმუნებით 🙈🙉🙊

რასიზმი იტალიური სეზონის ერთ-ერთ მუდმივ თემას წარმოადგენს. ოთხი თვის განმავლობაში მისი მსხვერპლნი იყვნენ მარიო ბალოტელი, კალიდუ კულიბალი, დალბერტი, რონალდო ვიეირა, ფრენკ კესიე და რომელუ ლუკაკუ. „ინტერის“ გულშემატკივრებმა ლუკაკუს განუმარტეს, რომ მისთვის არავის შეურაცხყოფა არ მიუყენებია – ასე იტალიაში ცდილობენ მოწინააღმდეგის დესტაბილიზაციას, მისი კანის ფერის მიუხედავად. „ვერონას“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბალოტელის რეაქცია გაზვიადებული იყო, როდესაც მან ბურთი ტრიბუნებზე გადააგდო და მინდვრიდან წასვლა უნდოდა – ცუდი არაფერი მომხდარა.

მიუხედავად ამისა, ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დისკრიმინაციასთან ბრძოლა დაეწყო.

მილანში, სერია A-ს ოფისში ასამბლეის დარბაზის შესასვლელთან  ჩამოკიდეს მაიმუნის სამი ნახატი. ტრიპტიქის ავტორია სიმონე ფუგაძოტო, პოპულარული იტალიელი მხატვარი და პრიმატების მოყვარული (მისი ნამუშევრების ფასი 90-დან 590 ევრომდეა). ამ ნაშრომის მიზანია, როგორც ნათქვამია სერია A-ს ოფიციალურ ვებსაიტზე, „ინტეგრაციის, მულტიკულტურალიზმისა და ძმობის ღირებულებების გავრცელება. ნამუშევრები ძლიერი ემოციური და სოციალური ზემოქმედებით ხაზს უსვამს საფეხბურთო სამყაროს ბრძოლას ყველა სახის დისკრიმინაციასთან“.

რატომ მაიმუნები?

ფუგაძოტომ დახატა ტრიპტიქი იტალიის თასის 2018/19 ფინალისთვის. იდეა მას გაუჩნდა „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შორის გამართული მატჩის დროს, რომელშიც კალიდუ კულიბალი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. მხატვარმა გადაწყვიტა, რომ მიზანშეწონილია შეხსენება, რომ ყველა ადამიანი მაიმუნიდან მოდის, ნახევარ წელიწადში კი მისი ნამუშევარი სერია A-ს რასიზმის წინააღმდეგ ოფიციალური კამპანიის ნაწილად იქცა.

„მე გადავწყვიტე მაიმუნები გამომესახა იმისთვის, რომ გვესაუბრა რასიზმზე, რადგან ისინი ადამიანის მეტაფორაა“, – ამბობს ფუგაძოტო. „გასულ წელს მე ვიყავი „ინტერი“-„ნაპოლის“ თამაშზე და დამცირებულად ვიგრძენი თავი, როდესაც კულიბალის – ფეხბურთელის, რომელიც ძალიან მიყვარდა, მისამართით გაჟღერდა შეურაცხმყოფელი სიტყვები მაიმუნების ხსენებით.

მე ხუთი-ექვსი წელია მაიმუნებს ვხატავ და ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ საქმის გაკეთება ისე, რომ ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ მაიმუნები ვართ. მე დავხატე მაიმუნი ცისფერი თვალებით და თეთრი კანით – დასავლური, მაიმუნი ნუშის ფორმის თვალებით – აზიური, ხოლო ცენტრში შავი მაიმუნი, რომლიდან ყველაფერი დაიწყო. მაიმუნმა ყველას უნდა ასწავლოს, რომ კაცსა და მაიმუნს შორის სხვაობა არ არის, ჩვენ ერთი და იგივე ვართ. ყველანი მაიმუნები ვართ.

მხატვრისთვის სხვა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისი ნამუშევრით აღქმის შეცვლის მცდელობა. კონცეფცია, ესთეტიკა, რეალიზაცია. ამ ტრიპტიქით შევეცადე მეთქვა, რომ ჩვენ რთული და მომხიბლავი არსებები ვართ. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მოწყენილი ან ბედნიერი, კათოლიკეები, მუსულმანები, თუ ბუდისტები, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს მოქმედებებს განვსაზღვრავთ ჩვენ თვითონ, და რა ჩვენი კანის ფერი“.

სამი მაიმუნი – ბოროტების არჩადენის სიმბოლო

„სამი ბრძენი მაიმუნი“ – სამი მაიმუნის გამოსახულება, რომელიც ასახავს ბოროტების არჩადენის, არასწორიდან განშორების ბუდისტურ იდეას. ფუგაძოტო არ ახსენებს, რომ მის ტრიპტიქს რაიმე საერთო აქვს ცნობილ კომპოზიციასთან, მაგრამ მათ შორის პარალელის დანახვა ადვილია.

„სამი მაიმუნი“ პოპულარული გახდა იაპონიის ქალაქ ნიკოს ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ცენტრში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შესული, ტოსეგუს ტაძრის კარის თავზე გამოსახული პანოს წყალობით.

ვარაუდობენ, რომ მხატვარმა ჰიდარი ძინგორომ მაიმუნების მეშვეობით წარმოაჩინა კონფუცის ქცევის ნორმები IX საუკუნის წიგნიდან „საუბრები და მსჯელობები“: „არ შეხედო, რაც არის არასწორი. არ მოუსმინო, რა არის არასწორი. არ თქვა, რაც არის არასწორი“.

არსებობს თარგმანის სხვა ვარიანტებიც: „თუ ბოროტებას ვერ ვხედავ, არ მესმის ბოროტების შესახებ და ამაზე არაფერს ვამბობ, მაშინ მე მისგან ვარ დაცული“, „მე არაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, არავის არაფერს ვეუბნები“.

მაიმუნის სიმბოლოები ჩართულია Unicode სტანდარტში: 🙈, 🙉, 🙊.

კამპანიას ძალიან აკრიტიკებენ, მაგრამ ფუგაძოტო მიიჩნევს, რომ ეს ნორმალურია

ლიგის იდეას დაუპირისპირდა მედიის უმეტესობა იტალიის ფარგლებს გარეთ, მათ შორის BBC. კონცეფცია მკაცრად გააკრიტიკა ESPN-ის კოლუმნისტმა ჯეიმს ჰორნკასლმა: „მაინტერესებს, როგორ არ ესმის ლიგას, რამდენად უადგილოა ასეთი კოლაბორაცია. ამის შემდეგ სერია A-ს ხელმძღვანელობის იმედი აღარ მაქვს“.

საერთაშორისო ქსელის FARE (ფეხბურთი ევროპაში რასიზმის წინააღმდეგ) წარმომადგენლებმა Twitter-ში აღნიშნეს: „იტალიური ფეხბურთი კვლავ უსიტყვოდ გვტოვებს. ძნელი გასაგებია, რას ფიქრობდნენ სერია A-ში, ვისთან ჰქონდათ კონსულტაცია? ეს კამპანია ჰგავს უღიმღამო ხუმრობას. იგი მხოლოდ აღშფოთებას იწვევს და აფრიკული წარმოშობის ადამიანების დეჰუმანიზაციას ახდენს. დროა, ლიგის პროგრესულმა კლუბებმა აზრი გამოთქვან“.

„რომამ“ პირველმა გამოხატა აზრი: „ჩვენ ვიცით, რომ ლიგას სურს რასიზმთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამისთვის სწორი გზა არის არჩეული“.

„მილანი“ რომაულ კლუბს შეუერთდა: „ხელოვნება ძლიერი იარაღია, მაგრამ ჩვენ მაიმუნების, როგორც რასიზმთან ბრძოლის სიმბოლოს, გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ და ძალიან გვაკვირვებს, რომ ლიგა ამის შესახებ არავისთან კონსულტაციებს არ გადის”.

ჯერჯერობით ყველაზე შთამბეჭდავად რომელუ ლუკაკუს აგენტმა, მაიკლ იორმარკმა  ისაუბრა: „ყოველ ჯერზე, როდესაც სერია A აღებს პირს, მდგომარეობა უარესდება. ყოველ ჯერზე, როდესაც სერია A აკეთებს რასიზმთან დაკავშირებით რამეს და აჩვენებს მის სტრატეგიას მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ის უარესდება. მათ მიერ წარმოდგენილი სურათები არის უტაქტო და შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ ლიგისთვის, არამედ ლიგის კლუბებისთვის მთელი იტალიის მასშტაბით“.

ფუგაძოტო უკვე გამოეხმაურა კრიტიკას: „ყველა ახალი ტიპის კომუნიკაცია იწვევს წინააღმდეგობებს. ყველა თავისუფალია იფიქროს ის, რაც სურს. ხელოვნება ყოველთვის უთანხმოების წყაროა. გაიხსენეთ ოლივიერო ტოსკანის კამპანია Benetton-თვის (90-იან წლებში იტალიელმა რეკლამაში გამოიყენა სურათები, რომლებზე ასახული იყო გული, მღვდელი, რომელიც მონაზონს კოცნის, სისხლიანი ტანსაცმელი, გამოყენებული პრეზერვატივი, შავკანიანი ქალი, რომელიც ძუძუთი კვებავს თეთრ ახალშობილს). დროთა განმავლობაში იგი შედევრად აღიარეს“.

ასევე განცხადება გაავრცელა იტალიის ლიგამ: „ნამდვილი ხელოვნება არის პროვოკაცია. ფუგაძოტოს ნამუშევრების მთავარი იდეაა – ის, ვინც ხელს უწყობენ რასიზმს, დეგრადირებს მაიმუნის დონემდე. ყოველწლიურად მოვიზიდავთ ახალ მხატვრებს ამ პრობლემის ინტერპრეტაციისთვის“.

როგორ დაეხმარებიან მაიმუნები რასიზმთან ბრძოლას? აპირებენ თუ არა სერია A-ში კიდევ რაღაცის გაკეთებას?

საუბრობს ლიგის აღმასრულებელი დირექტორი ლუიჯი დე სიერვო:

„სპორტი, პირველ რიგში, ფეხბურთი, წარმოადგენს საოცარ გზას პოზიტიური მესიჯების, სამართლიანი თამაშის პრინციპებისა და ტოლერანტობის გავრცელებისთვის. სიმონეს ნახატები სრულად ასახავს ამ ღირებულებებს. ლიგა მიზნად ისახავს უარყოფით დამოკიდებულებასთან ბრძოლას. რასიზმი საკმაოდ რთული პრობლემაა, ჩვენ მას სამ დონეზე გადავჭრით: კულტურულზე, სპორტულსა და რეპრესიულზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შევძლებთ მნიშვნელოვანი მატჩის მოგებას ბოროტებასთან, რომელიც ანადგურებს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ თამაშს.

ვითანამშრომლებთ მანდელას ფონდთან, იქნება ინიციატივების სერია ნელსონ მანდელას გარდაცვალების მეექვსე წლისთავზე. ასევე სკოლებში იქნება განხორციელებული პროგრამა „ძვირფასო ფეხბურთო, მე შენთვის ვწერ“.

მეორე წრეში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებები გამოჩნდება კაპიტნის სამკლაურებზე. რასიზმის წინააღმდეგ ინიციატივებს მიეძღვნება იტალიის თასის რაუნდი და ჩემპიონატის ტური. ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ფეხბურთისა და სპორტის პრობლემა, არამედ ჩვენი საუკუნის პრობლემაა.

ჩვენ ვანახლებთ სტადიონებზე ვიდეოთვალთვალს დამრღვევთა გამოსავლენად. კლუბებს აქვთ შესაძლებლობა აუკრძალონ გულშემატკივრებს სტადიონზე შემოსვლა, მაგრამ ამისათვის მათ უნდა ჰქონდეთ მატჩებიდან სურათების ნახვის საშუალება. ახლა ეს მხოლოდ პოლიციას შეუძლია“.

სერია A-ს ყველა კლუბმა ხელი მოაწერა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წესების კრებულს, თითოეული გუნდიდან თითო ფეხბურთელი გამოვიდა.  რასიზმთან ბრძოლის ელჩები გახდნენ: პიერლუიჯი გოლინი („ატალანტა“), იბრაიმა მბაიე („ბოლონია“), დანიელე გასტალდელო („ბრეშია“), რაგნარ კლავანი („კალიარი“), კევინ-პრინსი ბოატენგი („ფიორენტინა“), სტეფანო სტურარო („ჯენოა“), სოფიან ამრაბატი („ვერონა“), დანილო დ’ამბროზიო („ინტერი“), ბლეზ მატუიდი („იუვენტუსი“), ხოაკინ კორეა („ლაციო“), ჰუმა ბაბაკარი („ლეჩე“), დავიდე კალაბრია („მილანი“), კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“), ჟერვინიო („პარმა“), ჟუან ჟეზუსი („რომა“), ალბინ ეკდალი („სამპდორია“), პედრო ობიანგი („სასუოლო“), ფელიპე („სპალ“), კრისტიან ანსალდი („ტორინო“) და სტეფანო ოკაკა („უდინეზე“).

შემთხვევითი სიახლე

გულშემატკივრის ისტორია – “იუვენტუსით” ცხოვრება

მამაჩემი 1978 წლიდან „იუვენტუსის“ გულშემატკივარია. ის მიყვებოდა, რომ 11 წლის იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ნახა, …

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …