მთავარი / ბლოგი / სანამ ურემი გადაბრუნდება – დიდი დისბალანსი და დეგრადაცია “იუვეში”

სანამ ურემი გადაბრუნდება – დიდი დისბალანსი და დეგრადაცია “იუვეში”

ჯერ ურემი არ გადაბრუნებულა, მაგრამ სანამ გადაბრუნდება გზის დანახვა მანამდეა საჭირო. „იუვენტუსის“ პრობლემები ბოლო დროს აშკარაა და ეს შორიდან, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ვეცდებით მივყვეთ თანმიმდევრულად და მაქსიმალურად გავარჩიოთ საკითხი, რომელიც ძალზე აქტუალურია.

ანდრეა ანიელის იმპერია

ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტზე 2010 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც გუნდი ღრმა კრიზისში იყო. პოსტსერია B-ს პერიოდში „ბებერ ქალბატონს“ არ ულხინდა და ვერაფრით ახერხებდა ძველ სიმაღლეებზე დაბრუნებას. ანიელიმ თავიდანვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები და გუნდში ჯუზეპე მაროტა მოიყვანა, რომელსაც ფაბიო პარატიჩი ამოუყენა გვერდით. სწორედ ამ დუეტის ნაყოფიერი მუშაობით და სწორი ტრანსფერებით „იუვემ“ ორ წელიწადში სკუდეტოს მოგება მოახერხა.

გუნდი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვითარდებოდა და ამაზე შედეგებიც მიანიშნებს. ზედიზედ რვა სკუდეტო, იტალიის ოთხი თასი და ოთხი სუპერთასი. შიდა ასპარეზზე წარმატებების შემდეგ ბუნებრივია დღის წესრიგში საერთაშორისო წარმატებაც დადგა. ჩემპიონთა ლიგა მთავარი საზომია და ამ საზომს „იუვე“ უკვე 24 წელია ვერაფრით მიწვდა. ანიელი არ მალავს, რომ მისი მიზანი „იუვენტუსის“ ევროპაში საუკეთესო გუნდად ქცევაა.

ამასთან წლებია ტურინული გრანდი ახლოსაა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო, იყო სხვა კარგი სეზონები, როდესაც უფრო მეტიც შეიძლებოდა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე.  გუნდის ევოლუცია კარგად ჩანს ტრანსფერებიდანაც. მაროტა-პარატიჩის დუეტი თავისუფალი აგენტების სპეციალისტებად იქცნენ და შორს რომ არ წავიდეთ, ანდრეა პირლოს ტრანსფერი მარტო რად ღირს. იყო სხვა წარმატებული გარიგებებიც.

გეგმა, რომელიც არ მუშაობს

თუმცა, ნათელია მხოლოდ ეს არ კმარა ევროპაში გასროლისთვის და 2018 წლის ზაფხული ამის ნათელი დადასტურებაა. კრიშტიანუ რონალდუ არის ადამიანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგასთან ყველაზე მეტად ასოცირდება.

რონალდუს ტრანსფერში „იუვემ“ 105 მილიონი ევრო გადაიხადა და ხელფასის სახით იტალიისთვის უპრეცედენტო თანხა, 30 მილიონი ევროდ დაუნიშნა (სეზონში). ცხადია, კრიშტიანუს ტრანსფერი მხოლოდ სპორტული კუთხით არ უნდა შეფასდეს და მოედანს მიღმა მან უკვე გაამართლა. ტურინელთა პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა, რაც აისახა, როგორც უფრო ძვირადღირებულ სხვადასხვა კონტრაქტებში, ისე სოციალურ ქსელში პოპულარობაში, სადაც ახლა „იუვე“ მხოლოდ „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჩამორჩება.

მოედანზე რონალდუც არაფერს აკლებდა აქამდე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით ის კრიშტიანუ, რომელიც „რეალიდან“ გვახსოვს, „იუვეს“ მაისურით მაინც არ გვინახავს. ეს ბევრ ფაქტორთან არის კავშირში და უპირველეს ყოვლისა და თანაგუნდელებთან.

დიახ, რონალდუს „იუვენტუსში“ ნამდვილად არ ჰყავს ისეთი კალიბრის ნახევარცველები, როგორებიც ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი არიან. არ ჰყავს ისეთი განაპირა მცველები, როგორებიც დანი კარვახალი და მარსელო არიან. სამაგიეროდ ჰყავს საშინლად არასტაბილური ალექს სანდრო, დაბალი დონის მატია დე შილიო და „მანჩესტერ სიტის“ დაწუნებული დანილო. ასევე ჰყავს სამი ხედირა, რომლის საუკეთესო წლები, უკვე წლებია ჩავლილია, ჰყავს ბლეზ მატუიდი, რომელიც არ არის შემოქმედი ფეხბურთელი და მითუფრო მაურიციო სარის ფეხბურთის სტილისთვის შესაფერისი. ჰყავს რეგრესირებადი მირალემ პიანიჩი, რომლის ცნობა უბრალოდ ძალიან ძნელია.

დიახ, „იუვენტუსის“ პრობლემა დღეს პორტუგალიელი არაა, არამედ შემადგენლობაში ძალიან დიდი დისბალანსი. არიან ვარსკვლავები, მაგრამ არის პოზიციები, სადაც კომპელქტაცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ახლახან ალექს სანდრო დაშავდა და დაახლოებით ერთი თვე იუქმებს. პარადოქსია და „იუვენტუსს“ მის გარდა ნომინალური მარცხენა მცველი არ ჰყავს. დიახ, ახლა მას ან მატია დე შილიო შეცვლის ან დანილო და ორივე მარჯვენა მცველია. ეს ცხადია პრობლემაა და როდესაც გუნდი სამივე ტურნირზე ჩემპიონობას გეგმავს, არცერთ პოზიციაზე ერთი ფეხბურთელის იმედად არ უნდა იყოს. პარალელურად დიდი უფსკრულია ნახევარდაცვაში…

ნახევარდაცვის დიდი პრობლემა

ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, კლაუდიო მარკიზიო და არტურო ვიდალი – არც ისე დიდი ხნის წინ ტურინელთა ნახევარდაცვა ასეთი იყო. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ევროპაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად გახლდათ. თუმცა, მეთოდურად ნახევარდაცვამ ძალიან დიდი რეგრადაცია განიცადა. პირლო და ვიდალი ერთად წავიდნენ, მიჰყვა პოგბა და ბოლოს მარკიზიო, რომელიც გუნდიდან ისე გააგდეს, მგონი მადლობაც არ გადაუხადეს. სხვათა შორის, როცა “იუვეს” ეს ნახევარდაცვა ჰყავდა, არ ჰყავდა კრიშტიანუ რონალდუ ან პაულო დიბალა, მაგრამ ჰყავდა ფაბიო კვალიარელა, მირკო ვუჩინიჩი (დისბალანსი მაშინაც პრობლემა იყო) და სხვები… (მათ არაფერს ვერჩი, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ, მაგრამ რონალდუს კალიბრის მოთამაშეები ცხადია არ ყოფილან).

სანაცვლოდ, „იუვენტუსის“ დღევანდელი ნახევარდაცვა კრიტიკას ვერ უძლებს და ეს პრობლემა მიმდინარე სეზონში არ გაჩენილა, გაჩნდა წლების წინ. ბლეზ მატუიდი, ადრიენ რაბიო და აარონ რემზი არიან ფეხბურთელები, რომელთა სანაცვლოდ „იუვეს“ ერთი თეთრიც არ გადაუხდია. უცნაურია არა? არა! კლუბმა ტოტალურად მცდარი სტარანსფერო პოლიტიკა აწარმოა.

შორს არ გავიხედოთ და 2019 წლის ზაფხულის ფანჯარა გავიხსენოთ. აარონ რემზი, ადრიენ რაბიო უკვე ფლოპებში არიან და ამას დიდი მსჯელობა არ სჭირდება, დანილოს ტრანსფერი იმთავითვე განწირული და გაუგებარი იყო. ჟოაო კანსელოს ერთადერთ ტურინულ სეზონში ციდან ვარსკვლავები არ დაუწყვეტავს, მაგრამ დანილოში მისი გაცვლა მართლაც უცნაური ნაბიჯი იყო. ვისაც ახსოვს ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაში ჯერ მადრიდის „რეალში“, შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“, ის მისგან იმაზე მეტს ნამდვილად არ უნდა დალოდებოდა, რაც მიმდინარე სეზონში ვნახეთ.

გაამართლა მხოლოდ ორმა ტრანსფერმა – მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი. რეალურად ორივე მომავლის პროექტია (თუ კლუბი ჩვეულ ნაბიჯს არ გადადგამს და პირველივე სარფიან წინადადებაზე არ გაყიდის, რაც ვნახე ვიდალის და პოგბას შემთხვევებში). თუმცა, ორივე ცენტრალური მცველია და ეს, ის რგოლია, სადაც „იუვეს“ ყველაზე ნაკლებად უჭირს. ნამდვილად უფრო ლოგიკური იქნებოდა „აიაქსიდან“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერი, მაგრამ ტურინში როგორც ჩანს ნახევარდაცვის პრობლემას ვერ ხედავენ. ზემოთ ალექს სანდროს ტრავმა ვახსენეთ, რომელსაც შემცვლელი არ ჰყავს. „იუვემ“ ლეონარდო სპინაცოლა გაასხვისა, რომელიც შარშან ბრაზილიელს კარგად ცვლიდა. ესეც უცნაური იყო, მაგრამ მის ნაცვლად შეძენილი ლუკა პელეგრინი დაუყოვნებლივ „კალიარიში“ გაანათხოვრეს და გუნდი ისევ ერთი მარცხენა მცველის ამარა დატოვეს. სხვათა შორის, პოსტკორონავირუსულ პერიოდში კლუბებს ხუთ შეცვლის უფლება აქვთ, მაგრამ „ნაპოლისთან“ ფინალში მაურიციო სარიმ მხოლოდ სამი გამოიყენა. რატომ? იმიტომ, რომ სათადარიგო სკამზე არ ჰყავდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გააძლიერებდა. გონსალო იგუაინი ტრავმირებულია და აღმოჩნდა, რომ „პიპიტას“ გარდა, „იუვეს“ ფორვარდი არ ჰყავს, რა უცნაურია არა? მაგრამ ასეა, შემტევ ხუან კუადრადოს კი მარჯვენა მცველების ავბედითობის გამო დაცვაში უწევს თამაში და შესაბამისად შეტევაც სუსტდება, რადგან ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდება. ცხადია ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – შემადგენლობა დაუბალანსებელია.

სწორედ ესაა „იუვენტუსის“ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა – გუნდს ჰყავს მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, უნიჭიერესი მატიას დე ლიხტი, მაგრამ ბალანსი დარღვეულია. ცოტა ხნის წინ, ვეტერანმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ თქვა და სწორედაც – კრიშტიანუ რონალდუ გვირგვინი უნდა იყოს და „იუვეს“ მანამდე 10 ფეხბურთელი უნდა ჰყავდესო. სამწუხაროდ, „იუვეს“ 10 ფეხბურთელი არ ჰყავს.

ალეგრის ციკლის დასრულება და სტილის შეცვლა

ანდრეა ანიელის მმართველობის პერიოდში „იუვენტუსში“ ბრენდინგის ცვლილებაც მოხდა. აშენდა ახალი სტადიონი, გაჩნდა ახალი ლოგო, ამ სეზონში განსხვავებული მაისურის დიზაინიც ვიხილეთ. პარალელურად ტურინში სათამაშო სტილის შეცვლად განიზრახეს.

ყველაფერი „აიაქსთან“ შარშანდელი მარცხით დაიწყო. მასიმილიანო ალეგრის თამაშის სტილი დაუწუნეს და კარისკენ მიუთითეს – გვინდა ლამაზი თამაშით მოვიგოთ. კარგია, ლამაზი ფეხბურთი ყველას მოსწონს, მითუმეტეს თუ იმარჯვებ, მაგრამ ეს ხშირად არ მუშაობს.

სხვათა შორის, ანიელი ალეგრის გაშვების წინააღმდეგი იყო, მაგრამ პაველ ნედვედმა, რომლის ხისტი ხასიათი გუნდზე ხშირ შემთხვევაში კარგად არ მოქმედებს და ფაბიო პარატიჩიმ ანიელი დაარწმუნეს, რომ ალეგრის ეპოქა უნდა დასრულებულიყო. სწორედ ამ ორის კანდიდატურა გახლავთ მაურიციო სარი.

პეპ გვარდიოლა იყო მთავარი არჩევანი, მაგრამ ფინანსური რესურსი ესპანელს ვერ გასწვდა. სამაგიეროდ ადვილად გასწვდა „ფეიკ გვარდიოლას“. დიახ, მაურიციო სარი წლებია ცდილობს არიგო საკის, პეპ გვარდიოლას სტილის დანერგვას და რიგ კლუბებში მეტ-ნაკლებად გამოსდიოდა. უცნაურია, ამ ლამაზი ფეხბურთის პარალელურად, მაურიციო სარის კარიერაში ერთადერთი ტიტული აქვს – ევროპა ლიგა. ისიც, „ჩელსიში“ მოიგო და იქიდან ისე გაუშვეს, წარბიც არ შეუხრიათ. წარმოგიდგენიათ? უშვებენ მწვრთნელს, რომელმაც ტიტული მოიგო. ეს კითხვას ბადებს, რატომ? იმიტომ, რომ ლონდონში კარგად მიხვდნენ, მაურიციო სარი და მათი სტილი სხვადასხვა მცნებები გახლდათ.

ასეა „იუვენტუსშიც“ – „სარისიმო“, როგორც მის ფეხბურთს ეძახიან, „იუვეს“ არსებობის 123-წლიან ისტორიაში არასდროს უთამაშია. იტალიელ სპეციალისტს ძალიან უჭირს თამაში წაკითხვა, არ შეუძლია შეცვალოს თამაში, მისი მიმდინარეობისას. კარგით, დავუშვათ, სარი კარგი მწვრთნელია და ამ ერთმა სეზონმა ვერაფერში დაგვარწმუნა, რამდენად მიესადაგება „იუვენტუსის“ ფეხბურთელთა თვისებები მის ფეხბურთს? არ მიესადაგება.

ისევ და ისევ ნახევარდაცვის პრობლემასთან მივდივართ, რადგან იქ ვერ ნახავთ ფეხბურთელს, რომელიც სარის ფეხბურთში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ფედერიკო ბერნარდესკის, მირალემ პიანიჩის უდიდესი რეგრესი შემთხვევითი არაა, სამი ხედირა მუდამ ლაზარეთშია, აარონ რემზიც ნაწილობრივ, რასაც ადაპტაციის პრობლემებიც დაემატა და ადრიენ რაბიო, რომელიც საერთოდ სრულ გაურკვევლობაშია და ვგონებ, ტურინში არც ჩასულა და მხოლოდ ხელფასს იღებს.

სარის ფეხბურთს დიდი მინუსი აქვს ისეთი გოლეადორისთვის, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელი არ არის (მითუმეტეს 35 წლის ასაკში) მოკლე და გაუთავებელი პასების ფეხბურთელი, რონალდუს სჭირდება საჯარიმოსთან სივრცეები, რომელიც სარის სტილში გაქრა. მთელი გუნდი იქ იყრის თავს და სივრცეებიც აღარ ჩანს, გუნდი აღარ თამაშობს ფლანგურ გადაცემებზე და რა შეუძლია რონალდუს მეორე სართულზე ეს ყველამ იცის. რაც მთავარია, რონალდუს არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი შეტევაში, რომელიც სივრცეებს შეუქმნის, როგორიც ჰყავდა „რეალში“ – კარიმ ბენზემა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მარიო მანჯუკიჩი, მაგრამ რა გააკეთა სარიმ? მისვლის პირველივე დღიდან მოიძულა ხორვატი, ჯერ გუნდს ჩამოაშორა და შემდეგ გაყიდეს. მანჯუკიჩი იყო ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე თავს არ ზოგავდა და რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი შავ-თეთრი მაისურისთვის. მაგრამ სარის გეგმებში ვერ ჩაჯდა. და, ახლა, როდესაც იგუაინი ტრავმირებულია, „იუვენტუსს“ ფორვარდი არ ჰყავს… ალექსა სანდროსაც შეიძლებოდა ჰყოლოდა შემცვლელი, მაგრამ სარის გამო არ ჰყავს. ზამთარში მატია დე შილიოსა და ლაიუნ კურზავას ბარტერი იტალიელი მწვრთნელის განკარგულებით ბოლო მომენტში ჩაიშალა.

სხვათა შორის, სარი ის ადამიანია, რომელმაც „იუვენტუსის“ ქომაგებს ავტობუსიდან შუა თითი უჩვენა და ის ადამიანია, რომელიც პრესკონფერენციაზე „იუვენტუსს“ ქურდებს უწოდებდა. ახლა ის „ჩვენს“ მხარესაა და უკვე დაკარგა ორი ტიტული. არა, სულაც არა, ყველაფერი სარის ბრალი არაა, არ ვეჭვობ, რომ წარმატების მიღწევა სურს, მაგრამ ეს მის შესაძლებლობებს აღემატება. აღემატება როგორც მისი სისუსტის, ისე შემადგენლობის დისბალანსის გამო. მე მაინც, მგონია, რომ მთავარი დამნაშავეები ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი არიან. სწორედ ისინი აგებენ პასუხს სარის მოყვანაზე და რაც მთავარია ტრანსფერებზე.

კულუარებში ამბობდნენ, რომ ჯუზეპე მაროტა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგი იყო, მაგრამ პარატიჩი-ნედვედის დაჟინებული მოთხოვნით, პორტუგალიელი ტურინშია. შედეგად, მაროტას პოსტის დატოვება მოუხდა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონია, რომ მაროტას პერიოდში განხორციელებულ ბევრ წარმატებულ ტრანსფერში მისი წვლილი უდიდესი იყო და როგორი „წარმატებული“ ტრანსფერები შედგა მისი წასვლის შემდეგ, ამაზე უკვე ვიმსჯელეთ, საკმარისია ერთი თამაში მაინც ნახოთ აარონ რემზის, ადრიენ რაბიოს ან დანილოს.

იდენტობის გარეშე

ჩემთვის „იუვენტუსი“ უპირველესად იტალიასთან ასოცირდება. იტალიის ნაკრები „იუვენტუსთან“. ეს გადაბმული ჯაჭვი, ნებსით თუ უნებლიედ გაწყდა. „იუვეში“ იტალიელები თითზე ჩამოსათვლელად არიან, პირდაპირი მნიშვნელობით და ამისთვის ერთი ხელიც გვეყოფა… გუნდმა აქცენტი ლეგიონერებზე გააკეთა და ადგილობრივი მოთამაშეები მიივიწყა. მესმის, რომ იტალიური ფეხბურთის ოქროს ხანა არ დგას, ისე როგორც 90-იანებში ან მიმდინარე საუკუნის დასაწყისში და გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარ მიზანდ აქვს დასახული, ფონს მხოლოდ იტალიელებით ვერ გავიდოდა. მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ყველაზე უარის თქმა შეცდომა მგონია. ვფიქრობ, რომ ამით გუნდმა იდენტობა და სული დაკარგა. იდენტობის გარეშე თავის მხრივ გუნდი კი არა, არაფერი ვარგა დედამიწის ზურგზე. ვერავინ დამაჯერებს, რომ იტალიაში მაგალითად ადრიენ რაბიოზე უკეთესი ნახევარმცველები არ არიან (არიან და რამდენიც გინდათ).

ჩემთვის იდენტობის დაკარგავაა ისიც, როდესაც მოედანზე ჯანლუიჯი ბუფონია და „იუვენტუსის“ კაპიტნის სამკლავური მირალემ პიანიჩს უკეთია ან თუნდაც ლეონარდო ბონუჩის. ბუფონი წავიდა ერთი წლით, მაგრამ დაბრუნდა და ნუთუ ამ ერთ წელში დაგვავიწყდა ის 17 წელი, რომელიც ჯიჯიმ საყვარელ გუნდს შეალია?! ბუფონი არის ფიგურა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლებში სერია B-ში, მეშვიდეადგილოსან გუნდში გაატარა და ცხადია ამით ბევრი დაკარგა, მაგრამ მოიგო, ჩემი, შენი და თითოეული იუვენტინოს გული, არამარტო იუვენტინოს, ჭეშმარიტი ფეხბურთის ქომაგის, ასე მგონია.

ჩემთვის უცნაური და უფრო მეტად მიუღებელია, რომ 2020 წლის 20 მაისის შემდეგ, როდესაც ალესანდრო დელ პიერომ „იუვეს“ ღირსება ბოლოჯერ დაიცვა, პრაქტიკულად აღარ მინახავს გუნდთან ერთად. არ ვიცი რა მოხდა მასსა და ანდრეა ანიელის შორის, მაგრამ ფაქტია, ალექსი „იუვენტუსისგან“ ძალიან შორსაა. არადა, ასეთი ფიგურა გყავდეს და არათუ კლუბის სტრუქტურაში არ ასაქმებდე, არამედ ფანებთან ერთხელ შეხვედრაც არ მოუწყო, ჩემთვის იდენტობის დაკარგვაა.

სანამ ურემი გადაბრუნდება

ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე ნამდვილად გამოჩნდება. როგორც იტალიური მედია წერს და ჩვენც უნდა დავუჯეროთ, მაურიციო სარით ტურინში იმედგაცრუებულნი არიან. თუმცა, სეზონის ბოლომდე შანსს მისცემენ. არ ვიცი, სწორია თუ არა ეს, უფრო მეტადაც მგონია, რომ მისი დანიშვნა იყო შეცდომა და ახლა, დარჩება თუ არა, დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. მაგრამ ფაქტი ერთია – წლევანდელი „იუვენტუსი“ ბოლო 9 სეზონიდან ყველაზე სუსტია. ყოველშემთხვევაში სეზონის განვლილი ნაწილიდან ასე ჩანს და კარგი იქნება თუ ჩემი შეფასება მცდარი აღმოჩნდება სეზონის დასრულების შემდეგ.

ავტორი: გიორგი მელქაძე

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …