მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა და წაგება დაიმსახურა.

„60 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ, მხოლოდ ცივი შხაპის შემდეგ გვქონდა რეაქცია. მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩემპიონატისთვის, ჩვენი პოზიციისთვის – შეგვეძლო მილანური გუნდები 9 და 11 ქულით ჩამოგვეტოვებინა. ორი გასვლითი თამაში ზედიზედ წავაგეთ, ახლა წინ ლისაბონში მატჩი და „ნაპოლისთან“ თამაში გველოდება, უნდა დავბრუნდეთ.

ფაჯოლის ტირილი სათადარიგო სკამზე? ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი ბიჭია, შეცდომების დაშვება შესაძლებელია, მაგრამ ის არ არის დამნაშავე. დამნაშავეები ვართ ყველანი, გვქონდა შანსი ნაბიჯი წინ გადაგვედგა, მაგრამ ასე არ იყო.

საჭირო იყო დღევანდელ მატჩზე ფოკუსირება და შემდეგ მხოლოდ ევროპა ლიგაზე. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ფორმაში შესვლა სჭირდებათ, მაგალითად, კიეზა და პოგბა. პირველ რიგში მატჩებისადმი მიდგომა უნდა გავაუმჯობესოთ, მატჩის ბოლო ნაწილი უკეთესი იყო. კიეზამ „სპორტინგთან“ 90 წუთი ითამაშა და დღეს არ იყო სასტარტოში თამაშისთვის საჭირო კონდიციაში. პოგბა უკეთაა, მაგრამ ჯერ კიდევ უკანაა, ისე კი, ვხედავთ, რომ ის განსხვავებული ფეხბურთელია. უნდა გავჩუმდეთ და „სპორტინგთან“ მატჩზე ვიფიქროთ.

პოგბა ძლიერია, მაგრამ ჯერ არ შეუძლია 90 წუთის თამაში. მიზანია ნახევარი საათი თამაში შეძლო, მერე კი მისი სათამაშო დრო მეთოდურად გაიზარდოს. მთავარია, რომ მუხლი უკეთ აქვს. ჩემს გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ნაბიჯი წინ უნდა გადაგვედგა სატურნირო ცხრილისთვის და ეს ვერ გავაკეთეთ. არის თამაშები, რომლებიც „იუვენტუსმა“ კი არ უნდა ითამაშოს, არამედ უნდა მოიგოს.

მეორე ტაიმში ცვლილებებმა რეაქცია გამოიწვია, ეს არის, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური საკითხი. პირველ ტაიმში უბრალოდ ვიდექით, არ ვმოძრაობდით. მეორე ტაიმი უკეთესად შეიძლებოდა წარმართულიყო, 5 საშინელი წუთი გვქონდა, რომელიც თამაშის წაგების ფასად დაგვიჯდა.

ვღელავ იმიტომ, რომ დღევანდელი თამაში მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონატისთვის, მაგრამ წაგება დავიმსახურეთ. ახლა ხუთშაბათის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ ალიბს არ ვეძებთ, „იუვე“ ვართ და კვირაში 3 მატჩი უნდა ვითამაშოთ. ვიცოდით, რომ „სასუოლო“ კარგი გუნდი იყო, უბრალოდ უნდა მოუმატოთ. ცუდი თამაში ჩავატარეთ, გვქონდა სიტუაციები, რომლებიც უკეთ უნდა გამოგვეყენებინა”, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 აპრილს, ევროპა ლიგაზე სტუმრად „სპორტინგთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

ბრემერი: “გატის სეზონის წინ ვეუბნებოდი, რომ მოთმინება გამოეჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ფედერიკო გატისა და დანილოზე ისაუბრა. როგორც …