მთავარი / ბლოგი / როდესაც “იუვე” მასკერანოსთან და ჩაბი ალონსოსთან ერთ ნაბიჯში იყო…

როდესაც “იუვე” მასკერანოსთან და ჩაბი ალონსოსთან ერთ ნაბიჯში იყო…

ბოლო წლებში სანამ ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის გზები გაიყრებოდა, „იუვენტუსს“ სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული შეცდომები თითქმის არ დაუშვია, მაგრამ მანამდე იყო სინანულის მიზეზები.

მაგალითად კალჩოპოლის შემდეგ, როდესაც „იუვე“ სერია A-ში დაბრუნდა და ტრანსფერებზე ჟან-კლოდ ბლანი და ალესიო სეკო მუშაობდნენ. ტურინული გრანდი ძალიან ახლოს იყო ხავიერ მასკერანოსა და ჩაბი ალონსოს ტრანსფერებთან, მაგრამ საბოლოოდ, ტიაგო, სერხიო ალმირონი და კრისტიან პოულსენი დაიმატა. ვეცდებით 2007-2008 წლებში განვითარებული მოვლენები გავიხსენოთ.

მასკერანო – ბოლო მომენტში ჩაშლილი გარიგება

2007 წლის იანვარში, რომელიც ჯერ კიდევ სერია B-ში თამშობდა, ელიტაში დასაბრუნებლად ემზადებოდა და მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა ალესიო სეკომ „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოსთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია. არგენტინელს ინგლისის დატოვება სურდა და მზად იყო ქვედა ლიგაში (დროებით) ეთამაშა.

გარიგება ითვალისწინებდა იჯარას გამოსყიდვის უფლებით 17 მილიონ ევროდ. ზუსტად ამ მომენტში რაღაც სწორი მიმართულებით აღარ წავიდა.

„ეს არ იყო რთული მოლაპარაკება. ფეხბურთელს ინგლისიდან წასვლა სურდა და მზად იყო სერია B-ში ეთამაშა, მაგრამ ბოლოს დეტალები აირია. გართულდა ტრანსფერის განხორციელება“, – თქვა მოგვიანებით არგენტინელის აგენტმა.

ალესიო სეკო იძულებული გახდა ფეხბურთელზე უარი ეთქვა:

„იმავე სასტუმროში ვიყავით. მას ვთხარი, რომ ოპერაცია აღარ იყო შესაძლებელი, ეს ძალიან მწარე და სამწუხარო იყო. ის უკვე ხედავდა საკუთარ თავს შავ-თეთრ მაისურში“, – ამბობს სეკო.

შედეგად, საბოლოოდ მასკერანო „ლივერპულში“ გადავიდა, სადაც შესანიშნავად ითამაშა და მოგვიანებით უკვე კატალონიის „ბარსელონას“ შეუცვლელი ფიგურაც გახდა.

„ბენიტესს ჩემი წაყვანა ჯერ კიდევ „ვალენსიაში“ უნდოდა, როდესაც „რივერ პლეიტში“ ვთამაშობდი. შემდეგ „ვესტ ჰემში“ ყოფნის დროს სახლში მესტუმრა, მე ინგლისში დარჩენა არ მინდოდა, ვფიქრობდი, რომ იქაური სტილი ჩემსას არ შეესაბამებოდა. „იუვეს“ ვესაუბრებოდი, მაგრამ ბენიტესმა დამარწმუნა“, – განაცხადა მასკერანომ.

როგორც ვთქვით, ეს მოვლენები 2007 წლის იანვარში ვიტარდებოდა, ხოლო მომდევნო ზაფხულს (2007 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში) „იუვენტუსმა“ მასკერანოს ნაცვლად „ლიონიდან“ ტიაგო და „ემპოლიდან“ სერხიო ალმირონი დაიმატა, ორივე ჯამში 22 მილიონ ევროდ. როგორ გამოადგა ეს ფეხბურთელები „იუვენტუსს“ შეხსენება ზედმეტია.

ჩაბი ალონსო – 3 მილიონი ევროს საკითხი

წელიწადნახევრის შემდეგ კი, სწორედ იმავე ბენიტესმა „იუვენტუსს“ დიდი პასი მისცა და ჩაბი ალონსო ტრანსფერზე დააყენა, რომელიც იდეალურად ერგებოდა ტურინული გრანდის გეგმებს ნახევარდაცვაში. თუმცა, როგორც გაირკვა ტრანსფერი 3 მილიონის გამო არ შედგა…

„ბენიტესმა გადაწყვეტია გავეყიდე და შემცვლელიც იპოვა გარეთ ბერი, რომელიც „ასტონ ვილაში“ თამაშობდა. მე მას ვუთხარი: „კარგი რაფა, შენი გადაწყვეტილებაა და მე ვიღებ მას“. ფეხბურთი ასეთია, მასთან არავითარი პრობლემა არ მქონია. ძალიან ახლოს ვიყავი „არსენალთან“ და „იუვენტუსთან“, მაგრამ „ლივერპული“ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო ლონდონელები და ტურინელები 17 მილიონზე მეტს არ იხდიდნენ. ამიტომაც, „ლივერპულში“ დარჩენა მომიწია“, – თქვა ესპანელმა ნახევარმცველმა.

ტრანსფერი, რომ ძალიან ახლოს იყო, „იუვენტუსის“ მაშინდელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა, რომელსაც ძალიან სურდა ჩაბი ალონსოს დამატება.

„ჩვენ უნდა გვეყიდა ნახევარმცველი. ფლამინისთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ის საბოლოოდ „მილანში“ გადავიდა. შემდეგ ეტაპზე კი, არჩევანი კრისტიან პოულსენსა და ჩაბი ალონსოს შორის უნდა გაგვეკეთებინა. ჟან-კლოდ ბლანი მოვიდა ჩემთან და მკითხა, რომელი მერჩივნა. მე ვუპასუხე, რომ ჩაბი ალონსო პოულსენს 20-ჯერ მერჩივნა, მაგრამ მომდევნო დღეებში აღმოჩნდა, რომ ალონსოს საყიდლად საკმარისი თანხა არ იყო და ამიტომაც, პოულსენზე დათანხმება მომიწია“, – განაცხადა რანიერიმ.

თუმცა, ალესიო სეკო უარყოფს, რომ არჩევანი თანხის გამო გაკეთდა. მისი თქმით, ეს იყო კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, პრეზიდენტ კობოლი ჯილისთან განხილული და გავლილი ნაბიჯი:

„დიახ, ის ჩაბი ალონსოს ნახევარი ღირდა, მაგრამ ფასი არაფერ შუაში იყო. ეს იყო კოლეგების შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტულება. რანიერიმ, მე, ბლანმა და კლუბმა ერთად გადავწყვიტეთ“, – აღნიშნა სეკომ.

საბოლოოდ, „იუვენტუსში“ პოულსენი აღმოჩნდა, ხოლო ჩაბი ალონსო „ლივერპულში“ დარჩა. არჩევანი, რომელიც ძალიან მცდარი აღმოჩნდა, რადგა დანიელი ტურინში გაფლოპდა, ხოლო ესპანელმა რა დონეზე მოახერხა თამაში, ყველას კარგად მოეხსენება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …