მთავარი / ბლოგი / “იუვენტუსის” სატრანსფერო ამბები – შეჯამება

“იუვენტუსის” სატრანსფერო ამბები – შეჯამება

ტურინის „იუვენტუსისთვის“ 2019 წლის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად მიმდინარეობს. „ბებერმა ქალბატონმა“ უკვე რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რომელთა შორის ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი, მატის დე ლიხტის ტრანსფერი გამოდგა.

მატის დე ლიხტი

ტურინელებმა „აიაქსს“ დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც სამომავლოდ 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება. გამოდის, რომ ჰოლანდიელის ტრანსფერი მთლიანობაში 85 მილიონი ევრო დაჯდა. დე ლიხტი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

ლუკა პელეგრინი

20 წლის ფეხბურთელი რეალურად ტურინში ლეონარდო სპინაცოლას ბარტერის ხარჯზე მივიდა, მაგრამ ფინანსურად „ბებერ სინიორას“ მისი გამოსყიდვა 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა. მთლიანობაში, „იუვე“ ამ ტრანსფერით ფინანსური კუთხით მოგებული დარჩა, რადგან სპინაცოლა 26 მილიონ ევროდ ფასობდა. შესაბამისად, 6 მილიონი ევროს პლიუსი გააკეთა.

ადრიენ რაბიო

ფრანგი ნახევარმცველი ტურინელებმა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმეს. პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რაბიო „იუვეს“ შეუერთდა და ახლა იტალიურ გრანდთან ერთად შეეცდება ტიტულების მოგებას.

აარონ რემზი

უელსელის ტრანსფერი ჯერ კიდევ ზამთარში დაანონსდა. რაბიოს მსგავსად, ისიც უფასო გარიგების ნაყოფია. რემზის „არსენალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და შავ-თეთრი მაისური მოირგო.

აარონ რემზი: “იუვენტუსი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”

ჯანლუიჯი ბუფონი

რაბიოსა და რემზის შემდეგ ბუფონიც – 40 წლის კიპერი ტურინს ერთწლიანი განშორების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა და ერთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ოფიციალურად: ბუფონი "იუვენტუსის" ფეხბურთელია
ჯანლუიჯი ბუფონი და პაველ ნედვედი

მერიჰ დემირალი

21 წლის თურქი მცველის გამოჩენა გუნდში ბევრისთვის მოულონდელი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგი პრესა აქვს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. დემირალის გადაბირება „იუვენტუსს“ 18 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება.

კრისტიან რომერო

დე ლიხტისა და დემირალის გარდა, „იუვემ“ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი იყიდა – კრისტიან რომერო. თუმცა, ჰოლანდიელისგან და თურქისგან განსხვავებით, არგენტინელი დამდეგ სეზონს „იუვეში“ არ გაატარებს. შეთანხმების საფუძველზე, რომერო მომდევნო სეზონს იჯარით „ჯენოაში“ დაჰყოფს, სათამაშო პრაქტიკას, გამოცდილებას მიიღებს და დამდეგ ზაფხულს შავ-თეთრთა ბანაკს შეუერთდება. მისი ტრანსფერის ღირებულებამ 26 მილიონი ევრო შეადგინა.

შესაძლო ახალწვეულები

ცხადია, კრიშტიანუ რონალდუსა და მატის დე ლიხტის ხმაურიანი ტრნასფერების შემდეგ „იუვენტუსთან“ ნებისმიერი ფეხბურთელის დაკავშირება რეალურად აღიქმება. ამჟამად, მიმდინარე ზაფხულს „ბებერ სინიორას“ ყველაზე აქტიურად ოთხ ფეხბურთელს უკავშირებენ – მაურო იკარდი, პოლ პოგბა, ნეიმარი და ფედერიკო კიეზა.

თუ ფინანსურ მხარეს შევხედავთ და შექმნილ ვითარებას, თანაც, იტალიურ მედიას დავეყრდნობით, კიეზასა და იკარდის ტრანსფერის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე პოგბასა და ნეიმარის. პსჟ ბრაზილიელს ადვილად რომ არ შეელევა, ცხადზე ცხადია, ხოლო პოგბას სანაცვლოდ „მანჩესტერიც“ სოლიდურ თანხას ითხოვს. მინო რაიოლა, რომელმაც დე ლიხტის ტრანსფერი პირადად გაჩარხა, ცდილობს ფრანგი ტურინში დააბრუნოს, მაგრამ ინგლისელები არ ნებდებიან. ჟოაუ კანსელუს, დუგლას კოშტასა და ბლეზ მატუიდის ერთი მოთამაშის სანაცვლოდ დათმობა კი ნაკლებ მოსალოდნელია და მეტიც, არასწორი გათვლა იქნება. ბოლო ცნობებით, ტურინელები მანჩესტრელების დაყოლიებას პაულო დიბალასთან ბარტერტზე ეცდებიან და თუ აქედანაც არაფერი გამოვიდა, ტრანსფერზე ხელს აიღებენ.

Rai-ს ჟურნალისტი: "ნეიმარის მამა პარატიჩის ტურინში შეხვდება"

ჯერჯერობით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვეზე მეტია დარჩენილი და შესაძლოა ვითარება კიდევ მრავალგზის შეიცვალოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ახლა ტურინელების პირველი საზრუნავი შემადგენლობის „გაცხრილვა“ და ფეხბურთელების გასხვისებაა, ხოლო შემდეგ აქტიურ შეტევაზე გადავლენ ფედერიკო კიეზასა და მაურო იკარდის ტრანსფერების დახურვაზე.

წამსვლელები

როგორც ამბობენ, გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატები სამი ხედირა და გონსალო იგუაინი არიან. არგენტინელს „რომა“ ეპატიჟება და მისი მაღალი ხელფასი კლუბის მესვეურებისთვის მიუღებელია. თანაც, იკარდისადმი ინტერესი მართლაც რეალურია. რაც შეეხება ხედირას, რაბიოსა და რემზის დამატების შემდეგ გერმანელი პრაქტიკულად თამაშგარეშია. სხვათა შორის, არაა გამორიცხული ბლეზ მატუიდის გაყიდვაც. ისევე, როგორც ჟოაუ კანსელუს, რომელსაც „მანჩესტერ სიტის“ დიდი ხანია უკავშირებენ. თუ პორტუგალიელი გუნდს დატოვებს, „იუვენტუსს“ უცილობლივ მოუწევს მარჯვენა მცველის შეძენა, რადგან გუნდში მხოლოდ მატია დე შილიო დარჩება ამ პოზიციაზე, რაც დიდი ალბათობით, მთელი სეზონი საკმარისი არ იქნება. გუნდიდან პრაქტიკულად წასული იყო მატია პერინი, რომელიც ლისაბონის „ბენფიკაში“ სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდა. გავრცელებული ცნობით, „იუვეში“ დაბრუნდება და მხარეები მოლაპრაკებების მაგიდას იანვარში მიუბრუნდებიან.

და ბოლოს, მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა. არგენტინელი მხოლოდ ორ შემთხვევაში დატოვებს „იუვეს“ – თუ ნეიმართან ან პოლ პოგბასთან ბარტერი შედგება და ამის შესახებ უკვე დაიწერა, ხოლო მანჯუკიჩი სავარაუდოდ, მაურიციო სარისთვის ხელშეუხებელი ფიგურა არ იქნება. ხორვატის წასვლა პრაქტიკულად იმ შემთხვევაში იქნება გარდაუვალი, თუ გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ დარჩება.

დანარჩენს კი, მიმდინარე ზაფხული გამოაჩენს. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *