2019 წელი დასრულდა, რომელმაც „იუვენტუსის“ მუზეუმს ორი ტიტული შემატა – სკუდეტო და იტალიის სუპერთასი. მთლიანობაში კი, ჯერ კიდევ მიმდინარე წელი „ბებერი სინიორასთვის“ არც წარმატებებით დახუნძლული ყოფილა და იყო რთული პერიოდებიც.
გარდა ამისა, ზაფხულში გუნდში დიდი ცვლილელები მოხდა, რომელიც სამწვრთნელო შტაბის შეცვლაში გამოიხატა.
2019 წლის საუკეთესო დასაწყისი
2019 წელი „იუვენტუსისთვის“ ტიტულით დაიწყო. 16 იანვარში საუდის არაბეთში „იუვენტუსმა“ ტიტული მოიპოვა. იტალიის სუპერთასის მატჩი (2018 წლის) 2019 წლის დასაწყისში ჩაინიშნა და „იუვემ“ კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი გოლით „მილანი“ დაამარცხა, შედეგად, ეს ტიტული ისტორიაში მერვედ მოიგო.
ამ მატჩამდე, წლის პირველი თამაში იტალიის თასზე „ბოლონიასთან“ იყო, რომლის მოგება ტურინელებმა მოახერხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. თუმცა, სათასო თავგადასავალი შავ-თეთრებისთვის უჩველოდ ხანმოკლე გამოდგა, რადგან 30 იანვარს, ბერგამოში „ატალანტასთან“ 0:3 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. „იუვენტუსმა“ იტალიის თასზე ზედიზედ 4 ჩემპიონობის შემდეგ პირველად ვერ შეძლო ტიტულის დაცვა.
ოთხი გამორჩეული თამაში
2019 წლის ოთხ დასამახსოვრებელ დაპირისპირებებში მოხვდა იტალიის სუპერთასზე „მილანთან“ გამარჯვება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება დანარჩენ სამ მატჩს:
სერია A-ში „იუვესთვის“ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ 3 მარტს, ნეაპოლში მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ სტუმრობდა. მასპინძლებს გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო ამბიცია შეუნარჩუნდებოდათ, მაგრამ თუ „იუვე“ მოიგებდა, პრაქტიკულად სამი თვით ადრე გაარკვევდა ჩემპიონობის ბედს. „იუვენტუსმა“ მისია ჩინებულად შეასრულა, მირალემ პიანიჩისა და ემრე ჯანის პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 2:1 მოიგო და სკუდეტო ადვილად მოიპოვა.
ალბათ, ყველაზე გამორჩეული იყო 12 მარტს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი. პირველი შეხვედრა „იუვეს“ მადრიდში 0:2, უსახური თამაშის ფონზე ჰქონდა წაგებული და თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდა. მართლაც როგორი საქმეა, დიეგო სიმეონეს გუნდის სანაქებო დაცვასთან ორბურთიანი ჩამორჩენა 90 წუთში აღმოფხვრა. თუმცა, „იუვენტუსმა“ ეს მოახერხა! ტურინში დაუვიწყარი საღამო დაიდგა, კრიშტიანუ რონალდუმ შავ-თეთრი ფორმით პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა და თანაგუნდელებს მეოთხედფინალში ტრიუმფალურად გაუძღვა. „იუვენტუსმა“ იმდენად უშეცდომო და იდეალური ფეხბურთი აჩვენა, რომ ბევრმა აუტსაიდერობიდან მთავარ ფავორიტად მონათლა. თუმცა, ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა…
კიდევ ერთი თამაში მიმდინარე სეზონში შედგა. ამ სეზონში სერია A-ში „იუვე“ თავს ეულად ნამდვილად არ გრძნობს და „ინტერი“ მოსვენებას არ აძლევს. მეტიც, ტურინელებს რამდენჯერმე მოუწიათ მდევრის როლში ყოფნა. ასე იყო 6 ოქტომბრამდეც, სანამ „სან სიროზე“ უშუალო დუელი არ შედგა. „იუვენტუსი“ „ინტერს“ ესტუმრა და ალბათ მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. ტურინელებმა პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის ორი ეფექტური გოლით „ნერაძურის“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი აწვნიეს. იყო კრიშტიანუ რონალდუს გაუქმებული გოლიც… მოკლედ, მაურიციო სარის გუნდმა ანტონიო კონტეს გუნდი დაჯაბნა და სატურნირო ცხრილში იმ საღამოს თავად გალიდერდა.
მორიგი იმედგაცრუება
მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩადენილი გმირობის შემდეგ „იუვენტუსის“ შანსი ჩემპიონთა ლიგაზე ერთი-ორად გაიზარდა. წილისყრამ ალეგრის გუნდი მეოთხედფინალში ამსტერდამის „აიაქსთან“ დააყწვილა და ბევრმა „იუვე“ ნახევარფინალისტადაც მონათლა, რადგან ჰოლანდიელები კი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებდნენ, მაგრამ სათანადო გამოცდილება ხელს არ უწყობდა.
ჰოლანდიურ გრანდთან „იუვენტუსს“ დიდებული წარსულიც (პირად მატჩებში) უწყობდა ხელს და გაცილებით ძლიერი შემადგენლობაც. მართლად ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით დაიწყო. „იოჰან კრუიფ არენაზე“ „იუვე“ პირველი ტაიმის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა და მართალია, მეორე ნახევარში ანგარიში ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ტურინული მატჩის წინ 1:1 აშკარად მის წისქვილზე ასხამდა წყალს.
ტურინშიც ყველაფერი კარგად იწყებოდა. კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით კიდევ ერთხელ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ანგარიში გახსნა. თუმცა, „იუვენტუსის“ ამბიციაც ამ გოლთან ერთად დასრულდა. შემდეგ „აიაქსმა“ საოცარი ფეხბურთი აჩვენა, დონი ვან დე ბეეკის გოლით არამარტო მატჩში, არამედ ორრაუნდიან ბრძოლაში აღადგინა წონასწორობა. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მატიას დე ლიხტის გოლმა გამოთიშა – 1:2. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და, დე ლიხტი, რომელმაც „იუვენტუსის“ სვლა ნანატრი ტიტულისკენ შეაჩერა, ზაფხულში იტალიური გრანდის ფეხბურთელი გახდა. სხვათა შორის, 2018 წელსაც იგივე მოხდა, როცა კრიშტიანუ რონალდუმ „იუვე“ ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო, მერე ტურინში გადაბარგდა.
„იუვენტუსი“ კი იმედგაცრუებამ მოიცვა, რადგან არავინ მალავდა, რომ რონალდუს ტრანსფერი სწორედ ჩემპიონთა ლიგის გამო განხორციელდა. პორტუგალიელს პლეი-ოფში ცდა და მონდომება არ დაუკლია, მაგრამ თანაგუნდელთაგან მხარი ვერავინ აუბა და მარტოც ვერაფერს გახდა.
თუმცა, რონალდუს კიდევ ერთი მცდელობა აქვს. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მეტად დამაჯერებლად იასპარეზა, „ატლეტიკოსთან“, „ლევერკუზენთან“ და „ლოკომოტივთან“ 18 შესაძლებლობიდან 16 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა,სადაც უკვე 2020 წელს „ლიონთან“ მატჩი ელოდება. იმედია, კრიშტიანუს მეორე ცდა წარმატებული იქნება…
ცხელი ზაფხული
„იუვენტუსისთვის“ ზაფხული ყველა გაგებით ცხელი გამოდგა. მას შემდეგ, რაც „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე ხელი მოეცარა, მასიმილიანო ალეგრის პოსტი მხოლოდ სკუდეტომ ვერ შეუნარჩუნა. 17 მაისს დააანონსდა, რომ მაქსი თავის ასისტენტებთან ერთად გუნდს დატოვებდა. ალეგრიმ „იუვენტუსში“ ხუთი წელი მეტად ნაყოფიერად იმუშავა – 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და 2 იტალიის სუპერთასი. ამასთან გუნდი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ალეგრის შემცვლელების ირგვლივ არაერთმა გვარმა გაიჟღერა. ყველაზე ხშირად ახსენებდნენ პეპ გვარდიოლასა და მაურიციო სარის. თუმცა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ესპანელი სპეციალისტი უფრო ჭორებთან ასორიდებოდა და გაცილებით რეალური სარის დანიშვნა გახლდათ. ასეც მოხდა – 16 ივნისს, „იუვენტუსმა“ სარის სამწლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმა. იტალიელი სპეციალისტის სამუშაოს შეფასება 6 თვის თავზე მეტად რთულია, მაგრამ ამ დროისთვის კრიტიკოსები ნამდვილად არ აკლია. თუმცა, ფეხბურთში წიწილებს გაზაფხულზე ითვლიან და ჩვენც გაზაფხულზე დავითვალოთ.
ცხელი იყო სატრანსფერო კამპანიაც: აარონ რემზის ტურინში უსასყიდლოდ მოსვლა ჯერ კიდევ იანვარში დააანონსდა და ასეც მოხდა. იგივე ბედი ადრიენ რაბიომაც გაიზიარა. ლუკა პელეგრინი „იუვენტუსმა“ „რომადან“ დაიმატა, სამაგიეროდ დედაქალაქში ლეონარდო სპინაცოლა წავიდა. თუმცა, პელეგრინი ჯერჯერობით „იუვეს“ მაისურით არ ირჯება, რადგან „კალიარიში“ იჯარითაა გაშვებული.
ერთწლიანი იჯარის შემდეგ ტურინში გონსალო იგუაინი დაბრუნდა. თუმცა, ყველა ფიქრობდა, რომ ეს დროებითი იყო და „პიპიტას“ ტურინის დატოვება მაინც მოუწევდა. საქმე ისე წავიდა, რომ იგუაინი „იუვენტუსმა“ ვერ (არ გაყიდა) და მიმდინარე სეზონში ჩინებულადაც გამოიყურება. დაახლოებით იგივე ისტორია უკავშირდება პაულო დიბალას. „ლა ჯოიას“ „იუვენტუსში“ დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, კლუბს – გაყიდვა. ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად ტრანსფერი არ შედგა, რადგან დიბალას „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერში“ გადასვლა ბოლო წამს ჩაიშალა. არგენტინელი კი, ძველებურად ათამაშდა და დღეს მის გარეშე „იუვენტუსის“ შეტევა ერთობ უნიათოდ და უფერულად გამოიყურება.
სამაგიეროდ, გუნდის დატოვება მოუხდა ჟოაუ კანსელოს, რომლის ტურინული კარიერა ოდენ ერთი სეზონი გაგრძელდა. პორტუგალიელმა „სიტის“ მიაშურა, სანაცვლოდ „იუვემ“ ფული და ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანილო მიიღო.
„იუვენტუსს“ შეუერთდა ბევრისთვის უცნობი თურქი მცველი მერიჰ დემირალიც, რომელიც კლუბმა „სასუოლოდან“ 18 მილიონ ევროდ, პრაქტიკულად განვადებით შეიძინა. თურქი ახლა ტურინელი ქომაგებისთვის მეტად პატივსაცემი ფიგურაა და ცხადია ეს თანხა წყალში გადაყრილი არაა.
ზაფხულს არ ჩაუვლია ხმაურიანი ტრანსფერის გარეშე. თუ ეს შარშან კრიშტიანუ რონალდუ იყო, ამჯერად მატიას დე ლიხტმა ჩაანცვლა. ჰოლანდიელის საგა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ფეხბურთელთან, „აიაქსთან“ და მინო რაიოლასთან შეთანხმება მიღწეული იქნა. „იუვენტუსს“ იმ დროისთვის 19 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის შეძენა კოლოსარული თანხა, 85 მილიონი ევრო დაუჯდა.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით დიდ დაბრუნებას: 2018 წელს ტურინში ლეონარდო ბონუჩი დაბრუნდა და დაბრუნების გარეშე არც 2019 წელს ჩაუვლია – ჯანლუიჯი ბუფონი დიდი დამშვიდობების და ერთწლიანი პარიზული არდადეგების შემდეგ სახლში დაბრუნდა. ჯიჯიმ დაბრუნების შემდეგ 1 ნომერზეც და კაპიტნობაზეც უარი თქვა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იყო დიდი დამშვიდობებაც: ლეგენდარულმა ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „პროფესორმა“ 8.5 წელიწადში „იუვენტუსის“ ღირსება 281 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში იმ ფეხბურთელების მაიურებს ინახავენ, რომელთაც მინიმუმ 300 თამაში აქვთ ჩატარებული, კლუბმა გამონაკლისი დაუშვა და ანდრეას მაისურმაც ლეგენდების გვერდით დაიდო ბინა. ოდნავ მოგვიანებით სხვათა შორის, ბარძალიც დაბრუნდა, ოღონდ არა ფეხბურთელის, არამედ მწვრთნელის რანგში და მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში იკავებს ადგილს. უნდა ვახსენოთ კლაუდიო მარკიზიოც. მართალია, „პრინცმა“ „იუვე“ ჯერ კიდევ კიდევ 2018 წელს დატოვა, მაგრამ ტურინული გუნდის ლეგენდამ 2019 წელს საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
2019 წელი კი, ასევე სევდიანი დამშვიდობებით დაიხურა. მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსი“ დატოვა. სარიმ ხორვატი გუნდში მისვლის პირველივე დღიდან აითვალწუნა და სეზონის ნახევარი ისე მიილია, ფეხბურთელი გუნდთან ერთად მხოლოდ პირველ ტურში „პარმასთან“ იყო, იქაც სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. რამდენიმე დღის კი, მარიო ყატარულ „ალ დუჰაილში“ ოფიციალურად გადავიდა. მანჯკიჩმა „იუვენტუსში“ ჩატარებულ 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა და ქომაგებს ბევრი თბილი მოგონება დაუტოვა.
მიმდინარე სეზონი
2019 წლის მეორე ნაწილი და 2019-2020 წლების სეზონის პირველი ნახევარი. „იუვენტუსს“ ჩინებული შანსი ჰქონდა წელი ტიტულით დაეხურა, მაგრამ რომის „ლაციოსთან“ იტალიის სუპერთასის შეხვედრა წააგო და თასის გარეშე დარჩა.
სხვა მხრივ, „იუვენტუსი“ სამივე ფრონტზე ბრძოლაშია: სერია A-ში 17 ტურის შემდეგ 42 ქულით (13 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) ლიდერობას „ინტერთან“ ერთად იყოფს. იტალიის თასზე 15 იანვარს, მერვედფინალური დაპირისპირება ელოდება „უდინეზესთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც უკვე ვთქვით, პლეი-ოფის საწყის ეტაპზე „ლიონთან“ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
სტატისტიკურად, „იუვენტუსმა“ 2019 წელს ყველა ტურნირის ჩათვლით 50 თამაში ჩაატარა, 32 მოიგო, 9-ჯერ ფრე ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ამ წელს კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც ყველა ტურნირის ჩათვლით 25 გოლის გატანა მოახერხა.
იმედია, 2020 წელი იმაზე უფრო წარმატებული უხვმოსავლიანი გამოდგება, ვიდრე 2019 წელი იყო!