Juventus.ge დღეს მოგიყვებათ პერსონაჟზე, რომელმაც „იუვენტუსისთვის“ დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის… მას ისევე უყვარს „იუვენტუსი“, როგორც ჩვენ!
ის 1994 წლის ზაფხულში აღმოჩნდა „იუვენტუსში“ უეფას პარამეტრების გამოყენებით, რამაც „იუვეს“ მარსელის „ოლიმპიკის“ კაპიტნის მოპოვების უფლება მისცა მხოლოდ სამი მილიარდი ლირის (იტალიური ფულის ერთეული იმ დროს). სეზონის დასაწყისში აქილევსის მყესის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, მაგრამ შემდეგ პოტენციალი სრულად წარმოაჩინა და პაულო სოუზასთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრის ხერხემალი შექმნა, რამაც მარჩელო ლიპის „იუვენტუსს“ საშუალება მისცა 9-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოეგო, მოეპოვებინა იტალიის თასი და უეფას თასის ფინალში გასულიყო, რომელიც „პარმასთან“ წააგო.
მაგრამ მისთვის ნამდვილი შედევრი იყო მეორე სეზონი, როდესაც რომში, ისტორიულ ფინალში „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პირადად დეშამი კარიერაში მეორედ დაეუფლა ამ ტიტულს „მარსელთან“ ერთად ჩემპიონობის შემდეგ. მან ტურინში 5 წლის განამვლობაში ითამაშა, 3 სკუდეტო,1 იტალიის თასი, იტალიის ორი სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონინენტთაშორისო თასი მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კაპიტნის რანგში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბრაზილიასთან სენ-დენიში 3:0 მოგების შემდეგ.
1998-1999 წლების სეზონის ბოლოს მან გადაწყვიტა დაეტოვებინა „იუვენტუსში“ და ჯერ „ჩელსიში“ გადავიდა, შემდეგ კი „ვალენსიაში“ ითამაშა, სადაც კარიერა დაასრულა, როდესაც ჯერ 33 წლისაც არ იყო. ამ დროს გადამწყვეტი „მონაკოს“ შეთავაზება იყო, მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მონეგასკებმა გადაწყვიტეს ნდობა გამოეცხადებინათ ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტიულ მწვრთნელზე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეზონი რთული გამოდგა და გუნდი ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძოდა.
თუმცა, მეორე სეზონში „ლიონთან“ ჭიდილში მეორე ადგილზე გავიდა და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო საფრანგეთის ლიგის თასი. პირველი ფურორი 2003-2004 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც „მონაკო“ სენსაციურად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ფინალამდე მონეგასკებმა შთამბეჭდავად ითამაშეს და განსაკუთრებით მეოთხედფინალში „რეალის“ დამარცხებაა გამოსარჩევი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 2:4 წააგეს, შემდეგ შინ 3:1 იმარჯვეს და ნახევარფინალში რომან აბრამოვიჩის ამბიციური „ჩელსიც“ დაამარცხეს. ფინალში დეშამის „მონაკომ“ ჟოზე მოურინიოს „პორტუსთან“ 0:3 წააგო. ამ ჯადოსნურმა სეზონმა მას საშუალება მისცა „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტთან ახლოს ყოფილიყო, რომელიც ზუსტად იმ დროს მარჩელო ლიპიმ დატოვა (2004 წლის გაზაფხულზე).
მაშინ დეშამის და კიდევ ერთი ყოფილი იუვენტინოს, ჩეზარე პრანდელის კანდიდატურები განიხილებოდა და მასთან პირდაპირი კონტაქტიც იყო, სადაც ერთ დილით ტურინსა და იტალიაში ორი მოულოდნელი სიახლე არ გაჟღერდა. ერთი იყო უმბერტო ანიელის გარდაცვალება, მეორე კი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელოს დანიშვნა, რაც სწორედ აწ გარდაცვლილი უმბერტო ანიელის მკაფიო თხოვნა/მოთხოვნა იყო.
ამრიგად, ის რჩება „მონაკოს“ მწვრთნელად, რომელიც 2005 წლის სექტემბერში დატოვა და თქვა, რომ გუნდში ძველი სტიმული აღარ იყო. ერთწლიანი უქმობის შემდეგ, 2006 წლის ზაფხულიც მოვიდა, როდესაც დიდიეს ოცნება მაინც აუხდა. „იუვენტუსის“ სერია B-ში დაქვეითების მიუხედავად, ფაბიო კაპელო ჯერაც არ იყო გადამდგარი, მაგრამ 10 ივლისს, მან მადრიდის „რეალიდან“ წინადადება მიიღო და კაპელო ჩაძირული გემიდან გაიქცა. არავის სურდა იმ გუნდის გაწვრთნა, რომლის მომავალი ცნობილი არ იყო. იმ დროს დაზუსტებით არავინ იცოდა „იუვე“ სერია B-ში ითამაშებდა თუ სერია C-ში. ალესიო სეკო იმ დროს ალბერტო ძაკერონის შეუთანხმდა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ „იუვე“ ისევ სერია A-ში იმუშავებდა, ხოლო „სამპდორიას“ მაშინდელმა მწვრთნელმა ვალტერ ნოველინომ საერთოდ უარი თქვა. შედეგად, „იუვენტუსში“ გადაწყვიტეს დიდიე დეშამისთვის შეეთავაზებინათ სამსახური და ერთი სატელოფონო ზარიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფრანგი ტურინში გაფრენილიყო და კონტრაქტი გაეფორმებინა.
როდესაც საქმე 2006 წლის ზაფხულს ეხება, ყველას ახსოვს ნედვედის, დელ პიეროსა და ბუფონის გაღებული მსხვერპლი, რასაც კამორანეზისა და ტრეზეგეს დარჩენაც მოჰყვა. მაგრამ აღარავის ახსოვს, რომ მისმა მწვრთნელმა უარი თქვა ევროპიდან არაერთ პრესტიჟულ წინადადებაზე და ტურინში პაქტიკულად სირბილით გაიქცა – ალბათ ეს იყო იმ სეზონის სიყვარულის ყველაზე ლამაზი ჟესტი.
პირველ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაკვირვებით შეხედა მწვრთნელს, რომელმაც უარი თქვა ბევრ წინადადებაზე და დათანხმდა გუნდის მწვრთნელობას, რომელიც შეიძლებოდა სერია C-ში აღმოჩენილიყო. თუმცა, მან მიიღო ყველა ის რისკი, რასაც მაშინ „იუვეს“ მწვრთნელობა წარმოადგენდა.
„ვამაყობ, რომ ასეთ პრესტიჟულ სკამზე ვჯდები, რადგან ეს ჩემი არჩევანია და „იუვე“, მიუხედავად კატეგორიისა თუ სად ითამაშებს, ყოველთვის „იუვედ“ რჩება და არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ მოგონებაა“, – თქვა დეშამმა.
დიდიე დეშამმა „იუვენტუსს“ მხოლოდ ერთი სეზონი უხელმძღვანელა, მაგრამ ისტორიაში ყველაზე მძიმე სეზონში. სერია B-დან გუნდი სერია A-ში დააბრუნა, მიუხედავად ბევრი დაბკოლებისა და მათ შორის სოლიდური დაკლებული ქულებისა. სერია A-ს საგზური გუნდმა ოფიციალურად არეცოში გამარჯვების შემდეგ გაიფორმა და დეშამმა პოსტი დატოვა ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო გეგმებზე შეუთანხმებლობის გამო. მოგვიანებით დეშამმა განაცხადა, რომ ამ არჩევანს ნანობს, მაგრამ ეს უფრო ფასადური განცხადება იყო, რადგან დრომ აშკარად გამოაჩინა მაშინდელი ხელმძღვანელობის და მენეჯრების არაკომპეტენტურობა.
„იუვენტუსის“ შემდეგ დიდიემ მშობლიური „მარსელი“ ჩაიბარა, რომელსაც 3 წლის განმავლობაში უხელძღვანელა და საფრანგეთის ჩემპიონი დიდი ხნის შემდეგ გახადა. 2012 წლის 8 ივლისს კი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა, 2014 წლის მუნდიალზე 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან წააგო. ამას მოჰყვა ევრო 2016-ზე მეორე ადგილი და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
დიდიე დეშამმა მთავარი საერთაშორისო ჯილდოები მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, საკონინენტთაშორისო თასი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ეროვნულ ნაკრებში – ეს როგორც ფეხბურთელმა. როგორც მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონობა გაიმეორა და ახლა ევროპის ჩემპიონობას უმიზნებს.
ალბათ, მომავალში, როდესაც დიდიე დეშამი საკლუბო ასპარეზზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ანდრეა ანიელიმ და კომპანიამ ყველა უნდა გააკეთონ და არამარტო ახსოვდეთ მისი CV, არამედ ის სიყვარული, რაც მან „იუვენტუსს“ 2006 წლის ზაფხულში დაუმტკიცა. ალბათ, ამჟამად მსოფლიოში ძალიან ცოტა მწვრთნელია, რომელიც იმაზე მეტად იმსახურებს „იუვენტუსის“ მწვრთნელობას, ვიდრე დიდიე დეშამი. აქვე დავამატებთ, რომ თითქმის შეუძლებელია ფეხბურთის სამყაროში იპოვოთ ადამიანი, რომელმაც დიდიე დეშამზე მეტი ტიტული მოიგო…