25 აპრილი, 1995 წელი, პერუჯაში ლეიკემიით დაავადებული ანდრეა ფორტუნატო გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში. ანდრეა 1971 წლის 26 ივლისს, სალერნოში დაიბადა და 90-იანი წლების დასაწყიში იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი განაპირა მცველი იყო (მარცხენა მცველი), მას ნათელ მომავალს უწინასწრამტყველებდნენ, ხანმოკლე სიცოცხლეში, „კომოს“, „პიზას“, „ჯენოას“ და „იუვენტუსის“ მაისურით ითამაშა.
მის კარიერაში გარდამტეხი 1992-1993 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც „ჯენოაში“ თავი გამოიჩინა და თვით ჯოვანი ტრაპატონის ყურადღება მიიქცია, რომელმაც 1993 წლის ზაფუხლში ნიჭიერი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ წაიყვანა.
1994 წლის 24 აპრილს, პიაჩენცაში ბოლოჯერ ითამაშა, როდესაც „იუვე“ ადგილობრივ გუნდს ესტუმრა. შემდეგ იყო შავი 12 თვე და ზუსტად ერთ წელიწადში გარდაიცვალა. გრძელთმიანი ანდრეას განკურნების საკითხი თითქოს კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ საბედისწერო გამოდგა პნევმონია, რომელიც ლეიკემიასთან მებრძოლი ბიჭისთვის იმუნური სისტემის შემცირების გამო ლეტალური აღმოჩნდა.
„ვიმედოვნებთ, რომ სამოთხეში არსებობს ფეხბურთის გუნდი, სადაც შეძლებ ბურთის თამაშით ბენდიერება ისევ მოიპოვო. ვამაყობ შენით, ძმაო, ანდრეა ფორტუნატო“, – ეს სიტყვები „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ სალერნოში 5 ათასი ადამიანის წინაშე ფორტუნატოს დაკრძალვის ცერემონიაზე წარმოთქვა და ცრემლი ვერ შეიკავა. იქ „იუვენტუსის“ მთელი გუნდი იყო, მათ შორის სერჯიო პორინი, რომელიც „ბებერი სინიორას“ 3-ნომრიან მაისურს, რომელიც მანამდე ანდრეას ემოსა, დაეუფლა.
ანდრეა ფორტუნატომ მშობლიური ქალაქი სალერნო 13 წლის ასაკში დატოვა, ოჯახის ნებართვით და იმ პირობით, რომ სწავლას განაგრძობდა. თუმცა მისი ოცნება ფეხბურთის თამაში იყო და „კომოს“ ახალგაზრდულ აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც 1989 წლის 29 ოქტომბერს, „კოზენცასთა“ სერია B-ში დებიუტი ჰქონდა. 1991 წელს კი ანდრეა „ჯენოამ“ შეიძინა და „პიზაში“ გაანათხოვრა, რომ 20 წლის ბიჭს მეტი გამოცდილება მიეღო და უფრო მდგრადი გამხდარიყო. ანდრეა გენუელებს ერთ წელიწადში დაუბრუნდა და 1992-1993 წლების სეზონში 33 თამაშში 3 გოლი გაიტანა, მათ შორის, იმხანად ევროპის საუკეთესო გუნდის, „მილანის“ კარში და სწორედ ამ გოლით „ჯენოამ“ სერია A-ში ადგილი შეინარჩუნა.
ამრიგად, 1993 წლის ზაფხულში ჯოვანი ტრაპატონის მოთხოვნით „იუვენტუსში“ გადაინაცვლა, გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობდა. იმავე წლის 22 სექტემბერს კი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, 1994 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, ტალინში, ესტონეთთან მარცხენა ფლანგზე პაოლო მალდინი შეცვალა. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფორტუნატომ „სკუადრა აძურაში“ ითამაშა.
„იუვენტუსში“ პირველი სეზონი კარგად მიმდინარეობდა, „ბიანკონერი“ კაპელოს უძლიერეს „მილანს“ კონკურენციას უწევდა, ანდრეამ კი ტურინში პირველი გოლიც გაიტანა, რომის „ლაციოს“ კარში. თუმცა, 1994 წლის გაზაფხულზე მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა. არიგო საკი მას ახალი თაობის უნიჭიერეს ფეხბურთელს უწოდებდა და 1994 წლის მუნდიალზე 22-კაციან განაცხადშიც აპირებდა, რომ დაესახელებინა.
ფორტუნატოს გაუხშირდა წარუმატებელი თამაშები, გულშემატკივრები იმას აბრალებდნენ, რომ მას „კარგი ცხოვრება“ თავში აუვარდა, „კალიარისთან“ უეფას თასზე და ჩემპიონატში „მილანთან“ წაგება. ფორტუნატო ცუდად გამოიყურებოდა, ძველი ანდრეა გამქრალიყო. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ 22 წლის ფეხბურთელი გამუდმებით და ძალიან სწრაფად იღლებოდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ბიანკონერის“ სამედიცინო პერსონალმა 1994 წლის 20 მაისს მოლინეტეს საავადმყოფოში წაიყვანეა სიღრმისეული ანალიზების ჩასატარებლად, რადგან ფეხბურთელს ამხანაგური მატჩების ბოლომდე ჩატარებაც კი უჭირდა. დიაგნოზი დაისვა – მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია…
შედეგად, 1994 წლის ზაფხულში აშშ-ს ნაცვლად, სადაც იტალიის ნაკრები მისი თანაგუნდელის, რობერტო ბაჯოს ლიდერობით მუნდიალზე თამაშობდა, ანდრეა პერუჯას კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც ძვლის ტვინის გადანერგვა უნდა მომხდარიყო. ფორტუნატოს დის, პაოლას უჯრედების ინფუზია მოხდა, მაგრამ ანდრეას სხეულმა არ მიიღო, ამიტომაც მამა, ჯუზეპე დაეხმარა და ფორტუნატომ საავადმყოფო დატოვა, თუმცა პერუჯაში ოჯახთან ერთად დარჩა (ფაბრიციო რავანელის სახლში) და „პერუჯას“ გუნდში ვარჯიშიც დაიწყო. ანდრეას გამოჯანმრთელება მხოლოდ დროის საკითხი იყო, ასე ფიქრობდნენ, მაგრამ პნევმონიამ ბოლო მოუღო ოცნებებსა და იმედებს.
წელს, მისი გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ ჯანლუკა ვიალიმ მეგობარი ისევ გაიხსენა:
„ანდრეა ძალიან კარგი ბიჭი იყო. ერთგული, უანგარო, მამაცი, ცნობისმოყვარე და მეგობრული. ასევე იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი და უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა, რომ იტალიის ნაკრებში ეთამაშა. ჩემთვის ის არ ყოფილა უბრალოდ კოლეგა, არამედ მეგობარი. ახლა კი, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მფარველი ანგელოზია… ანდრეა, მენატრები“.
ანდრეა ფორტუნატო ტურინში ანტონიო კაბრინის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელის 3-ნომრიანი მაისური გადასცეს და დაავადებამდე ყველაფერი იდეალურად ვითარდებოდა. ყველაფერი ჰქონდა, რომ მომდევნო წლების ეპოქალური „იუვენტუსის“ დაცვის მარცხენა ფლანგი კიდევ უფრო გაემყარებინა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ხან ჯანლუკა პესოტოს, ხან ალესანდრო ბირინდელისა და ხანაც პორტუგალიელი დიმაშის განკარგულებაში იყო. და, რაღა თქმა უნდა, იტალიის ნაკრები, სადაც დიდი კონკურენტი ეყოლობოდა პაოლო მალდინის სახით, მაგრამ ფაქტია შანსს მიიღებდა. სხვათა შორის, არამარტო სათამაშო პოზიციით, გარეგნობითაც მალდინისთან ბევრი მსგავსების პოვნა შეიძლება.
ანდრეა ფორტუნატოს ბედმა მხოლოდ 23 წელი არგუნა. „იუვენტუსმა“ მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე ისტორიაში 23-ე სკუდეტო, 9-წლიანი პაუზის შმედგე მოიგო და კლუბმა ეს ნანატრი ჩემპიონობა სწორედ გარდაცვლილ თანაგუნდელს მიუძღვნა. ისიც აღსანიშნავია, რომ ანდრეას გარდაცვალების შემდეგ იტალიის ჩემპიონისა და იტალიის თასის მფლობელის მედალი გადაეცა (1994-1995 წლების სეზონის)…