1988 წლის 12 ივლისს, ჟენევაში, უეფას მეოთხე პრეზიდენტმა ჟაკ ჟორჟმა საპატიო ჯილდო გადასცა იუვენტუსის პრეზიდენტს ჯამპერო ბონიპერტის. ჯილდო იყო კვადრატული ვერცხლის ტაბლო, რომელზეც გამოსახულია სამივე ის ჯილდო, რაც იტალიელებს ჰქონდათ მოგებული: ევროპის ჩემპიონთა თასი, თასის მფლობელთა თასი და უეფას თასი. დაფნის ფოთლების და თავად ორგანიზაციის ლოგო ოქროსგან იყო დამზადებული.
იუვენტუსი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მოიპოვა უეფას სამი მთავარი ჯილდო. 1977 წელს,“ ბიანკონერი“-მ თავისი პირველი ევროპული ჯილდო, უეფას თასი, ორმატჩიან ფინალში მოუგო “ატლეტიკ ბილბაო”-ს. 7 წლის შემდეგ იტალიელებმა მოიპოვეს თასების თასი „პორტუს“-თან 2:1 მოგების შედეგად. ხოლო 1985 წელს მიშელ პლატინის ერთადერთმა გოლმა გუნდს მოუტანა ევროპის ჩემპიონთა თასი ცნობილ ფინალში „ეიზელზე“.
ჟაკ ჟორჟი და ჯამპიერო ბონიპერტი
1992 წლის ივლისში „ბარსელონა“-ს პრეზიდენტმა ხოსეპ ლუის ნუნიესმა, მას შემდეგ რაც კლუბმა მოიგო ჩემპიონთა თასი, მიმართა უეფას მოთხოვნით, ეღიარებინათ „ბლაუგრანა“ მეორე გუნდად, რომელმაც სამი მთავარი ევროთასი მოიგო. ორგანიზაციამ ნუნიესს უარი უთხრა, რადგან ლურჯ-ბროწეულისფერებს აქტივში თასების თასის და ჩემპიონთა თასის გარდა, მხოლოდ “საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი” ჰქონდათ. ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციამ კი უარი განაცხადა ეს თასი ეღიარებინა უეფას თასის წინამორბედად და არაექვივალენტურად ჩათვალა ისინი. სხვათა შორის, სხვა კლუბებიც, რომლებიც გახდნენ სამივე ტიტულის ლეგიტიმური მფლობელები, დარჩნენ უეფასგან სამახსოვრო ჯილდოს გარეშე. „აიაქსი“ (1992), „ბავარია“ (1996), „ჩელსი“ (2013) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (2017) შემოუერთდნენ „იუვენტუსს“ სამი მთავარი ტურნირის გამარჯვებულების რანგში, უეფას ეგიდით.
მაგრამ „ბიანკონერი“ მაინც ერთადერთ ე.წ. ევროპულ რეკორდსმენად რჩება. საქმე იმაშია, რომ იტალიურმა კლუბმა შეძლო მოეპოვებინა ექვსივე შესაძლო ოფიციალური ტიტული კონფედერაციის ეგიდით: სამ ძირითადს 1985-ში დაემატა ევროპის სუპერთასი, იმავე წელს მოგებულ იქნა საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო 1999-ში „იუვენტუსი“ გახდა ინეტრტოტოს თასის მფლობელი.
გარდა ამისა, უკვე აღარავის შეუძლია ამ მიღწევის გამეორება: საკონტინენტთაშორისო თასი უეფადან გადავიდა და იქცა ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატად, ხოლო ინტერტოტომ, რომელსაც უეფა 13 წელი მართავდა, შეწყვიტა არსებობა 2008 წელს.