მთავარი / ბლოგი / ძველი ნაცნობი – “მანჩესტერი”
ძველი ნაცნობი – “მანჩესტერი”

ძველი ნაცნობი – “მანჩესტერი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონში „იუვენტუსი“ H ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვალენსია“ და „იანგ ბოიზი“ იქნებიან.

JUVENTUS.GE სამივე მეტოქის შესახებ ისაუბრებს. ამჯერად, ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ ვისაუბრებთ.

ისტორია

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „იუვეს“ მთავარ კონკურენტად მოსჩანს. ეს კლუბი 140 წლის წინ, 1878 წელს დაარსდა, თუმცა პირველი წარმატებები მეოცე საუკუნეში მოვიდა. „წითელი ეშმაკები“ ინგლისის ჩემპინები პირველად 1908 წელს გახდნენ და ამ დროისთვის ეს ტიტული 20-ჯერ აქვთ მოგებული, რაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში რეკორდია.

„იუნაიტედის“ ოქროს ხანა ორ პერიოდად იყოფება: გასული საუკუნის 60-იანი წლები და ალექს ფერგიუსონი გენიალური ეპოქა.

თუმცა, სანამ სერ ალექსი ისტორიას დაწერდა, იქამდე კიდევ ერთმა გენიოსმა, მატ ბასბიმ მოახერხა იგივე. ის „მანჩესტერს“ 1945-1969 წლებში წვრთნიდა და 5-ჯერ გახადა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო 1968 წელს ისტორიაში პირველად ჩემპიონთა თასი მოაგებინა. ვინძლო, ბასბის გუნდის მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავი ყოფლიყო, რომ არა 1958 წელს მომხდარი ტრაგედია. „მანჩესტერის“ თვითმფრინავმა მიუნხენთან ახლოს კატასტროფა განიცადა. მიუხედავად ამისა, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი, მათ შორის ბასბი და სერ ბობი ჩარლტონი გადარჩნენ. სწორედ მათ გამოჭედეს „წითელ ეშმაკთა“ წარმატებები.

ბასბის გუნდიდან წასვლის შემდედ „მანიუს“ ცუდი პერიოდი დაუდგა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, 1986 წელს გუნდი შოტლანდიელ ალექს ფერგიუსონს ჩააბარეს, რომლის ეიმედებოდათ, მაგრამ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთ სიმაღლეებს დაიპყრობდა. ფერგიუსონმა ახალგაზრდული გუნდიდან დევიდ ბექჰემი, ფილ და გარი ნევილები, პოლ სქოულზი დააწინაურა. აქვე იყვნენ რაიან გიგზი, პეტერ შმეიხელი, როი კინი, სტივ ბრიუსი, ენდი კოული, დუაიტ იორკი, ერიკ კანტონა. შედეგად, წარმატებამაც არ დაახანა. „მანჩესტერმა“ ფერგიუსონის დროს 13-ჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, 6-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 5-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, 11-ჯერ ინგლისის სუპერთასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

განსაკუთრებით გამორჩეული და საუკეთესოც გამოდგა 1998-1999 წლების სეზონი, როდესაც „იუნაიტედმა“ ისტორიული ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ბარსელონაში, „ბაიერნთან“ ფერგიუსონის გუნდმა მსაჯის კომპესირებულ დროში 2 გოლი გაიტანა და გერმანული გიგანტი 2:1 დაამარცხა. ევროპულ ასპარეზზე მეორე წარმატება 2008 წელს მოვიდა, როდესაც ფინალში „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. 2009 და 2011 წლებში კი ინგლისელები ფინალში „ბარსელონასთან“ დამარცხდნენ.

სწორედ 2011 წელი გამოდგა ჯერჯერობით ბოლო სეზონი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე „იუნაიტედმა“ სასახელოდ ითამაშა. 2013 წელს კი ეპოქაც დასრულდა. სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერა დაასრულა და „ოლდ ტრაფორდს“ პრემიერლიგის ტიტულით დაემშვიდობა.

მას შემდეგ „მანჩესტერის“ მთავარი მიღწევა ინგლისის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგაა. თუმცა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად თამაშობს. 2011-2012 და 2015-2016 წლების სეზონში ჯგუფში ჩარჩა, 2014 წელს მეოთხედფინალში დამარცხდა „ბაიერნთან“, 2013 წელს მერვედფინალში „რეალთან“, ხოლო შარშან მერვედეფინალში „სევილიას“ ბარიერი ვერ დაძლია. 2014-2015 და 2016-2017 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ ასპარეზობდა. წარუმატებელი სეზონი ფერგიუსონის დროსაც იყო. მაგალითად 2005-2006 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლია.

საგულისხმოა, რომ „მანჩესტერი“ „იუვენტუსთან“ ერთად შედის იმ გუნდთა შორის, რომლებსაც ყველა ევროტურნირი აქვთ მოგებული.

ტიტულები

ინგლისის ჩემპიონი – 20

ინგლისის ასოციაციის თასი – 12

ინგლისის ლიგის თასი – 5

ინგლისის სუპერთასი – 21

ჩემპიონთა ლიგა – 3

თასების თასი – 1

ევროპა ლიგა – 1

ევროპის სუპერთასი – 1

საკონტინტეთაშორისო თასი – 1

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 1

შემადგენლობა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე წლებია მსოფლიოში უმდიდრეს გუნდთა შორის შედის და ბუნებრივია, ტრანსფერების დროს აქტიურია. თუმცა, წლევანდელი ზაფხული ნამდვილად გამონაკლისი იყო, რადგან მხოლოდ ბრაზილიელი ფრედი დაიმატა „შახტარიდან“. მიუხედავად ამისა, ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში ჩინებული შემადგენლობაა თავმოყრილი.

მეკარის პოზიციაზე „იუნაიტედის“ საქმე ძალიან კარგადაა. დავიდ დე ხეა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. დაცვის ცენტრში ძირითადად ვიქტორ ლინდელოფი და კრის სმოლინგი მოქმედებენ, ხოლო ფლანგებზე ანტონიო ვალენსია, რომელიც გუნდის კაპიტანია და ლუკ შოუ. ნახევარდაცვის ცენტრს „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა და ნემანია მატიჩი ამაგრებენ. აქვე არიან ანდერ ერერა , ხუან მატა და ჯესი ლინგარდი. შეტევაში კი ალექსის სანჩესი, მარკუს რაშფორდი და რომელუ ლუკაკუ დიდ საფრთხე უქმნიან მეტოქეებს.

არ უნდა დავივიწყოთ მარუან ფელაინი, ფრედი, ფილ ჯონსი, მატეო დარმიანი, ერიკ ბაილი და ენტონი მარსიალიც.

მეკარეები: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ლი გრანტი

მცველები: ვიქტორ ლინდელოფი, ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, მარკოს როხო, დიოგო დალო, ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი, მატეო დარმიანი

ნახევარმცველები: პოლ პოგბა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, ფრედი, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი, ნემანია მატიჩი, სკოტ მაკტომინეი

თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი, მარკუს რაშფორდი, რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი

„იუნაიტედის“ ღირსებას „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა იცავს. პოგბა „იუვეში“ 2012 წელს სწორედ „მანჩესტერიდან“ მივიდა და ტურინელ გულშემატკივარს ჩინებული თამაშით თავი მალევე შეაყვარა. პოგბა ტურინში 4 წლის განმავლობაში ჩინებულად თამაშობდა და გუნდის ლიდერი იყო. საბოლოოდ, 2016 წლის ზაფხულში ინგლისში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერის“ ლიდერად მიიჩნევა, ბევრი მიიჩნევს, რომ ფრანგი ისეთ თამაშს ვერ აჩვენებს, როგორც „იუვეში“. მეტიც, მიმდინარე ზაფხულს ბევრი იწერებოდა პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების შესახებ, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ინგლისური მედიის ცნობით, პოგბასა და მოურინიოს შორის კონფლიქტია.

მწვრთნელი

ჟოზე მოურინიოს დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სახელი „პორტუში“ გაითქვა, რომელსაც 2003 წელს უეფას თასი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. შედეგად მოურინიო „ჩელსიში“ აღმოჩნდა, რომელსაც პრემიერლიგა ორჯერ მოაგებინა, მაგრამ ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მიაღწია წარმატებას, 2007 წელს კარისკენ მიუთითეს.

საბოლოოდ, „განსაკუთრებული” „ინტერში“ აღმოჩნდა, სადაც ორი წლის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. 2010 წელს ტრიპლეტი შეასრულა და იტალიურ ორ ტიტულს თვით ჩემპიონთა ლიგა დაუმატა. ამ ტრიუმფის შემდეგ ჟოზემ „რეალს“ მიაშურა, მაგრამ მადრიდში მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო თითოჯერ და ეს არ იყო საკმარისი. დაბრუნდა „ჩელსიში“ და კიდევ ერთხელ მოიგო პრემიერლიგა 2015 წელს. თუმცა, იმავე წელს გაათავისუფლეს.

„მანჩესტერი“ კი 2016 წელს ჩაიბარა და ჯერ ინგლისის სუპერთასი, მერე ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოაგებინა. ეს სადებიუტო სეზონში წარმატება იყო, მაგრამ ჩავარდა გასული სეზონი. „მანჩესტერმა“ შიდა ასპარეზზე ტიტული ვერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში „სევილიასთან“ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მოურინიომ პოსტი შეინარჩუნა.

სტადიონი

„ოცნების თეატრი“, გნებავთ „ოლდ ტრაფორდი“. „იუნაიტედის“ საშინაო არენა მართლაც ლეგენდარულია და დღესაც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. არენა, რომელიც სერ მატ ბასბის ქუჩაზე მდებარეობს, 1910 წელს გაიხსნა და მხოლოდ „იუნაიტედის“ საკუთრებაშია. სტადიონი 74 994 მაყურებელზეა გათვლილი. ამ სტადიონზე „იუნაიტედის“ წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია „იუვენტუსს“, თუმცა ამაზე ქვემოთ გაიმბობთ. ისე კი, 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი „იუვესა“ და „მილანს“ შორის სწორედ „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა.

მიმდინარე სეზონი

„მანჩესტერმა“ სეზონი მძიმედ და მეტიც, საშინლად დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში შინ „ლესტერ სიტი“ (2:1) დაამარცხა, თუმცა ამას მოჰყვა ორი მარცხი: ჯერ „ბრაიტონთან“ (2:3) და შემდეგ შინ „ტოტენჰემთან“ (0:3). შედეგად, დაირხა ხმები, რომ მოურინიოს გათავისუფლებას უპირებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით პორტუგალიელი გუნდშია. თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუ „იუნაიტედი“ ასე გააგრძელებს, პორტუგალიელი უსამსახუროდ დარჩება.

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრები ჩემპიონთა ლიგაზე გასული საუკუნის მიწურულს ნამდვილი დღესასწაული იყო ფეხბურთის მოყვარულთათვის. ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ მაშინდელი, მარჩელო ლიპის ფორმაციის გუნდი საუკეთესო იყო, ვის წინააღმდეგაც „მანჩესტერს“ უთამაშია.

„იუვეს“ „წითელ ეშმაკებთან“ პირველად თამაში 1976 წლის 20 ოქტომბერს უეფას თასზე მოუწია და დამარცხდა – 0:1. თუმცა, საპასუხო შეხვედრა 3 ნოემბერს, ტურინში 3:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 1984 წელს, გუნდები უკვე თასების თასზე დაუპირისპირდნენ და პირველ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა – 1:1. იმავე წლის 25 აპრილს კი, „იუვემ“ შინ 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. საბოლოოდ, ტურნირი ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ტრიუმფით დაასრულა.

1996-1997 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე „იუვემ“ „მანჩესტერს“ ორივე თამაში მოუგო. ჯერ „დელე ალპიზე“ და შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ – ორჯერვე 1:0. 1997-1998 წლების სეზონში კი, ისევ ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერმა“ შინ 3:2 მოიგო, ხოლო იტალიაში „იუვე“ გამოვიდა გამარჯვებული – 1:0.

ყველაზე ცნობილი და დაუვიწყარი დუელი სამწუხაროდ „იუვეს“ მარცხით დასრულდა. 1998-1999 წლების სეზონში „ბებერი სინიორა“ ზედიზედ მეოთხე ფინალისკენ მიდიოდა, ხოლო „იუნაიტედი“ ტრიპლეტისკენ. ნახევარფინალში „ოლდ ტრაფორდზე“ ანტონიო კონტეს გოლი ბოლო წუთზე რაიან გიგზმა გაქვითა – 1:1. საპასუხო შეხვედრაში „იუვემ“ დიდებულად დაიწყო და ფილიპო ინძაგის გოლებით 2:0 დაწინაურდ.. თუმცა, სწორედ მერე მოხდა სასწაული. „მანიუმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა, 3:2 მოიგო „დელე ალპიზე“ და ფინალში გავიდა.

ბოლო ოფიციალური დაპირისპირება კი 2002-2003 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შედგა. იმ სეზონში „იუვე“ ფინალში გავიდა, „მანჩესტერი“ მეოთხედფინალში გამოვარდა, მაგრამ ჯგუფში ინგლისელებმა გაცილებით კარგად ითამაშეს: შინ 2:1 მოიგეს, ხოლო იტალიაში 3:0. როგორც ხედავთ, „იუვეს“ „მანჩესტერთან“ ბოლო ორი დაპირისპირების გამო რევანში აქვს ასაღები!

საერთო ჯამში კი, ეს გუნდები ოფიციალურ დონეზე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ და სრული თანაფარდობაა: 5-5 მოგება/წაგება და 2 ფრე. აქვე ვთქვათ, რომ 2011 წლის 24 მაისს, ფეხბურთიდან გარი ნევილს აცილებდნენ. ინგლისელმა მეტოქედ „იუვე“ აირჩია და „ოლდ ტრაფორდზე“ ამხანაგური მატჩი შედგა. ნევილის გაცილების შეხვედრაში  „იუვენტუსმა“ 2:1 გაიმარჯვა.

შემთხვევითი სიახლე

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

ამას წინათ კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა: „„იუვეში“ მე დავაფასე, რას ნიშნავს თანამდებობების პატივისცემა. ამას ვგრძნობდი ტურინში …

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …