მთავარი / სიახლეები / დე ლიხტისთვის სანერვიულო არაფერია: “იუვეში” ასეთი მიდგომა მუშაობის ნაწილია

დე ლიხტისთვის სანერვიულო არაფერია: “იუვეში” ასეთი მიდგომა მუშაობის ნაწილია

მიმდინარე ზაფხულს „იუვენტუსის“ ტოპ შენაძენი მატიას დე ლიხტი გამოდგა, რომლის სანაცვლოდ კლუბმა 75 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, ჰოლანდიელი პირველ ტურში სათადარიგო სკამზე დარჩა. საერთოდაც, „პარმასთან“ ძირითადში არცერთი ახალწვეული არ ყოფილა, რადგან გონსალო იგუაინი გუნდში დაბრუნდა და ახალწვეულად ვერ ჩაითვლება.

დე ლიხტის თადარიგში დარჩენა კი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რომ არჩევანი შეცდომით გააკეთა. თუმცა, „იუვენტუსის“ ახალწვეულების (ტოპ შენაძენების) ბოლო წლების გამოცდილება გვეუბნება, რომ საგანგაშო ჰოლანდიელისთვის არაფერია.

გონსალო იგუაინი – „პიპიტა“ „იუვენტუსმა“ 2016 წლის 26 ივლისს 90 მილიონ ევროდ შეიძინა. სადებიუტო მატჩში სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ 66-ე წუთზე მანჯუკიჩის ნაცვლად ჩაერთო თამაშში და „ფიორენტინასთან“ გამარჯვების გოლიც გაიტანა. 10 სექტემბერს კი, მესამე ტურში პირველად მოხვდა ძირითადში „სასუოლოსთან“ და დუბლი შეასრულა. პირველ სეზონში იგუაინმა 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა სერია A-ში, ხოლო ჯამში 55 თამაშში 32-ჯერ გამოიჩინა თავი.

არტურო ვიდალი – „იუვენტუსმა“ ვიდალი 2011 წლის 22 ივლისს 10.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი დებიუტი კი 11 სექტემბერს პირველივე ტურში შედგა და „პარმასთან“ გოლიც გაიტანა. თუმცა თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო. საერთოდ, ძირითად შემადგენლობაში პირველად მხოლოდ მე-4 ტურში მოხვდა 25 სექტემბერს. მას გარკვეული დრო დასჭირდა ანტონიო კონტეს მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის. კინგ არტურომ პირველ სეზონში სერია A-ში 33-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.

პოლ პოგბა – „იუვენტუსში“ ფრანგი 2012 წლის 3 აგვისტოს მივიდა უსასყიდლოდ. მისი დებიუტი 22 სექტემბერს, მეოთხე ტურში შედგა. პოგბამ სეზონი 27 მატჩით და 5 გოლით დაასრულა (სერია A-ში).

პაულო დიბალა – დიბალა „ბიანკონერი“ 2015 წლის ივნისში გახდა. 30 აგვისტოს კი მეორე ტურში პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. ეს „რომასთან“ მოხდა და „ოლიმპიკოზე“ (1:2) გოლიც გაიტანა. სერია A-ში პირველ სეზონში არგენტინელმა 34 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ეს იყო შესანიშნავი სეზონი, რომელიც სათადარიგო სკამიდან დაიწყო.

კრიშტიანუ რონალდუ – „იუვენტუსის“ ბევრი ლიდერი, სადებიუტო მატჩებში სათადარიგო სკამზე ისხდნენ, მაგრამ შემდეგ მოედანზე თავიანთ კვალს ტოვებდნენ. ამ „წესის“ გამონაკლისს წარმოადგენდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც „კიევოსთან“ სასტარტოში იყო, მაგრამ პორტუგალიელი სხვა კატეგორიაა.

ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოში კი მოცემულია გრაფიკა, რომელიც აჯამებს „იუვეს“ ტოპ შენაძენების (ვიდალი, პოგბა, დიბალა, იგუაინი) მონაცემებს სადებიუტო სეზონის საწყის 10 ტურში. როგორც ხედავთ, ვიდალი საწყის 10 ტურში 7-ჯერ იყო ძირითადში, 3-ჯერ სათადარიგო სკამზე და 1 გოლი გაიტანა. პოგბა მხოლოდ სამჯერ იყო სასტარტოში, 7-ჯერ სათადარიგოებში და თავი 2 გოლით გამოიჩინა. დიბალამ და იგუაინმა კი 6-ჯერ ითამაშეს სასტარტოდან, 4-ჯერ სათადარიგო სკამიდან დაიწყეს. La Joya-მ 4 გოლი გაიტანა, ხოლო „პიპიტამ“ ექვსი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მატიას დე ლიხტს სანერვიულო არაფერი აქვს და შანსი აუცილებლად მიეცემა, თანაც არაერთხელ. უბრალოდ, “იუვეში” ასეთი მიდგომა მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *