მთავარი / სიახლეები / შავ-თეთრების 2018 წელი – შეჯამება
შავ-თეთრების 2018 წელი - შეჯამება

შავ-თეთრების 2018 წელი – შეჯამება

ორი ტიტული – ზედიზედ მე-7 სკუდეტო და მიჯრით მე-4 იტალიის თასი. რეკორდები, ჯიჯი ბუფონთან და კლაუდიო მარკიზიოსთან დამშვიდობება, ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება, კრიშტიანუ რონალდუს ისტორიული ტრანსფერი, გამარჯვებები ლეგენდარულ სტადიონებზე – ეს, ის გამორჩეული მომენტებია, რომელსაც „იუვენტუსმა“ 2018 წელს მიაღწია.

JUVENTUS.GE ეცდება, რომ განვლილი კალენდარული წელი მაქსიმალურად გაიხსენოს.

ზედიზედ მე-7 სკუდეტო

„იუვენტუსისთვის“ 2018 წელი 3 იანვარს, ტურინული დებრით დაიწყო. იტალიის თასის მეოთხედფინალში „იუვემ“ დერბი დელა მოლე „ტორინოს“ დუგლას კოშტასა და მარიო მანჯუკიჩის გოლებით მოუგო.

ამას მოჰყვა სარდიანიაზე, „კალიარისთან“ უმძიმესი გამარჯვება ფედერიკო ბერნარდესკის ერთადერთი გოლით. მერე კი იყო ორკვირიანი პაუზა და სკუდეტოსთვის ფიცხელი ბრძოლა 22 იანვარს განახლდა.

„იუვე“ მიყოლებით და გოლგაუშვებლად იგებდა თამაშებს, მაგრამ „ნაპოლი“ ქულებს არ კარგავდა და ამიტომაც, სკუდეტოსთვის ბრძოლა ფიცხელი იყო. 2018 წლის 31 მარტს ლეონარდო ბონუჩი, ტურინში მეტოქის რანგში პირველად დაბრუნდა. „იუვემ“ მეტოქე დაამარცხა, მაგრამ ბონუჩიმ, რომელსაც ადგილობრივი პუბლიკა თბილად არ დახვედრია, გოლი გაიტანა და აღნიშნა. ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. სხვათა შორის, ამ გოლით დასრულდა „იუვეს“ 9-მატჩიანი მშრალი სერია იტალიის ჩემპიონატში.

ამასობაში სკუდეტოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული. 22 აპრილს კი „ალიანც სთედიუმმა“ მთავარ დაპირისპირებას უმასპინძლა. ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად გაინაღებდა ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოს. თუმცა, „იუვემ“ ცუდად ითამაშა და მატჩის მიწურულს კალიდუ კულიბალის თავურმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნეაპოლელებმა ტურინში მოიგეს და თითქოს სკუდეტო სასწორზე დადგა.

„იუვეს“ ერთ კვირაში მორიგი გამოცდის ჩაბარება ამჯერად დიდ იტალიურ დერბიში მოუწია. „ინტერთან“ მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ მაურო იკარდიმ გაათანაბრა, ხოლო ანდრეა ბარძალის ავტოგოლმა საჩემპიონი ამბიციას ლამის ხაზი გადაუსვა. და მაინც, „იუვენტუსმა“ ჩვეული ხასიათი გამოავლინა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, როდესაც ხუან კუადრადომ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში გონსალო იგუაინის გოლმა „იუვენტუსს“ გამარჯვება მოუტანა და ნათელი გახდა, რომ ჩემპიონი გახდებოდა.

ზედიზედ მეშვიდე სკუდეტო „იუვენტუსმა“ „რომასთან“ სტუმრად უგოლო ფრის შემდეგ გაინაღდა.

კოპა იტალია – ზედიზედ მეოთხე ტრიუმფი

უკვე 4 წელია „იუვენტუსი“ დუბლის შესრულებას ახერხებს. იტალიის თასზე „ბებერმა სინიორამ“ გზა საკმაოდ მარტივად გაიარა. მერვედფინალში „ჯენოა“ 2:0 დაამარცხა, თუმცა ეს ჯერ კიდევ 2017 წელს იყო. აი, 2018 წელს ტურინელებმა „ტორინო“ ასევე 2:0 დაამარცხეს, რასაც ნახევარფინალში „ატალანტასთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირება მოჰყვა. 30 იანვარს, ბერგამოში ერთადერთი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონმა პაპუ გომესს პენალტი აუღო. საპასუხო შეხვედრა ტურინში 28 თებერვალს შედგა და ალეგრის გუნდმა კვლავ 1:0 მოიგო. ეს გოლი მირალემ პიანიჩმა პენალტით გაიტანა.

იტალიის თასის ფინალი 9 მაისს, რომში გაიმართა და „იუვეს“ მეტოქე „მილანი“ იყო. უგოლო პირველი ტაიმის მერე ტურინელებმა მეტოქე არ დაინდეს. ცენტრალურმა მცველმა მეჰდი ბენატიმ დუბლი გაიფორმა, ხოლო დუგლას კოშტამ შორი მანძილიდან გაიტანა. ერთიც ნიკოლა კალინიჩმა საკუთარ კარში შეაგდო – 4:0. იტალიის თასი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გოლგაუშვებლად მოიგო და მორიგი დუბლი შეასრულა – ზედიზედ მეოთხედ.

ჩემპიონთა ლიგა – თითქმის შეუძლებელი

2018 წელი ევროპულ ასპარეზზე ტურინში „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყო. პაულო დიბალას გარეშე მოთამაშე „იუვემ“ შეხვედრის დასაწყისშივე გონსალო იგუაინის დუბლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა. ჰარი კეინმა ანტრაქტამდე შეამცირა სხვაობა, რასაც 45-ე წუთზე გაცუდებული პენალტი მოჰყვა. იგუაინს ჰეთ-თრიქის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოარტყა. მეორე ნახევარში კი, კრისტიან ერიქსენმა ჯარიმით გაათანაბრა და „იუვენტუსი“ საპასუხო მატჩი წინ რთულ ვითარებაში ჩავარდა. 7 მარტს „უემბლიზე“ „იუვეს“ უმძიმესი 90 წუთის გადატანა მოუხდა. განსაკუთრებით პირველ ნახევარში ლონდონელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გოლების გატანა შეეძლოთ. თუმცა, სონ მინ ჰონის გოლით ტაიმი მაინც მოიგეს. ეს ნიშნავდა, რომ ტურინელებს დარჩენილ 45 წუთში მინიმუმ 2 გოლი აუცილებლად უნდა გაეტანათ. ასეც მოხდა – სამწუთიანი ინტერვალის გმირი გონსალო იგუაინი გამოდგა. „პიპიტამ“ ჯერ თავად გაათანაბრა, ხოლო მერე დიდებული პასით პაულო დიბალა მეკარეს შეატოვა და La Joya-მ შანსი არ გაუშვა. „იუვემ“ „უემბლიზე“ 2:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ჯანლუიჯი ბუფონი და კომპანია ასე ნანატრი თასისკენ ერთი ნაბიჯით ახლოს მივიდნენ.

შემდეგი დაბრკოლება „რეალი“ იყო. 3 აპრილს პირველ მატჩს ტურინმა უმასპინძლა, სადაც „ბებერ სინიორას“ მძიმე დღე დაუდგა. „რეალმა“ 3:0 მოიგო და გარდა იმისა, რომ ევროსარბიელზე ტურინში „იუვეს“ წაუგებელი ხანგრძლივი სერია შეწყდა, პრაქტიკულად გადაწყდა ორმატჩიანი დუელის ბედი… კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და მეორე გოლი ფანტასტიკურ აკრობატულ ნახტომში გაიტანა. შედეგად, „იუვეს“ პუბლიკა პორტუგალიელს ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტები შეაგება. რონალდუმ კი მათ მადლობა გადაუხადა. ნამატჩევს კრიშტიანუმ თქვა:

„ჩემს კარიერაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი ფაქტი პირველად მოხდა. დიდი მადლობა „იუვეს“ გულშემატკივრებს“.

საპასუხო მატჩამდე ერთი კვირა რჩებოდა. თითქოს იმედი არ იყო, თანაც პირველ მატჩში პაულო დიბალა გააძევეს და ეს მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა. მაგრამ, „იუვე“ არასდროს ნებდება. სწორედ ამას წერდა სოციალურ ქსელში პირველი მატჩის შემდეგ ნამდვილი იუვენტინო კლაუდიო მარკიზიო. „პრინცი“ ამბობდა, რომ „ვისაც არ სჯერა „იუვენტუსის“ ის იუვენტინო არ იყო.

მარკიზიო არ ცდებოდა. მადრიდში ლამის საუკუნის ქამ-ბექი შედგა. მატჩის დასაწყისში და ტაიმის მიწურულს მარიო მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა. „იუვე“ კარგად იყენებდა სერხიო რამოსის არყოფნაში (დისკვალიფიკაცია ჰქონდა) მეტოქის დაცვაში შექმნილ სიცარიელებს და მანჯუკიჩს მადრიდელი ოპონენტები ვერაფერს უხერხებდნენ. 61-ე წუთზე კი, ბლეზ მატუიდიმ ანგარიში 3:0 გახადა და ყველაფერი თავიდან დაიწყო! ორი მატჩი ჯამში ანგარიში გათანაბრდა – 3:3. „იუვეს“ კიდევ ერთი გოლი უდიდეს უპირატესობას მიანიჭებდა. მაგრამ, ალეგრიმ პრაგმატიზმი ამჯობინა შეტევას და შეცდა. ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, როდესაც ინგლისელი არბიტრის, მაიკლ ოლივერის სასტვენის ხმა გაისმა, ოღონდ ის არა დამატებით დროს, არამედ ჯიჯი ბუფონის კარში პენალტს მოასწავებდა. იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა დავა. მეჰდი ბენატიასა და ლუკას ვასკესის ეპიზოდი დიდხანს დარჩა დავის საგანი. „იუვეს“ ფეხბურთელებმა გააპროტესტეს და განსაკუთრებით ბუფონმა. ჯიჯიმ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო შანსი იყო („იუვენტუსში“ მაინც) და ასე ახლოს იყო ნახევარფინალთან, უშუალო კონკურენტის საოცარ სტილში დამარცხებასთან… ამიტომაც, ლეგენდამ თავი დაკარგა და ინგლისელ არბიტრს ლამის ხელით შეეხო. შედეგად, ბუფონი გააძევეს. მის ნაცვლად კარში ჩამდგარმა ვოიცეხ შჩესნიმ რონალდუს დარტყმის მიმართულება გამოუცნო, მაგრამ მეტი ვერ გააწყო – 1:3. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ დაემშვიდობა თავაწეული. ბევრი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იმით, რომ „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:1 ჰყავს დამარცხებული. თანაც, პირველი მატჩის 0:3 წაგების მერე… მადრიდული დაპირიპირება ისტორიაში შევიდა. ნამატჩევს კი ბუფონმა თქვა:

„მსაჯს გულის ნაცვლად სანაგვე ურნა აქვს!“.

რაც შეეხება 2018-2019 წლების სეზონს – „იუვე“ H ჯგუფში მოხვდა და 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ორჯერ დაამარცხა „ვალენსია“ (2:0, 1:0), ხოლო თითოჯერ „იანგ ბოიზი“ (3:0) და „მანჩესტერი“ (1:0). თავის მხრივ ამ გუნდებთან თითოჯერ წააგო (1:2, 1:2). განსაკუთრებით აღსანიშნავი ჯგუფურ ეტაპზე „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვება და ტურინში კრიშტიანუს პირველი გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ მაისურით. თანაც, „მანჩესტერის“ კარში. ამავე წელს გაირკვა მერვედფინალში ტურინელთა მეტოქე – მადრიდის „ატლეტიკო“.

ღირსება და პატივისცემა

2018 წელი იტალიურ ფეხბურთში მძიმე მოვლენითაც გამოირჩა. „ფიორენტინას“ კაპიტანი დავიდე ასტორი უდინეს სასტუმროში მოულოდნელად გარდაიცვალა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელთა ნაწილი და სამწვრთნელო შტაბი კი, „ტოტენჰემთან“ ლონდონში გამარჯვებისთანავე პირდაპირ ფლორენციაში ჩავიდნენ და ასტორის დაკრძალვას დაესწრნენ.

ტურინელი ფეხბურთელების ფლორენციაში გამოჩენას „ფიორენტინას“ ქომაგების აპლოდისმენტები მოჰყვა. იმ ქომაგების, რომელთაც „იუვენტუსზე“ მეტად საძულველი არავინ ჰყავთ. ეს ნამდვილად გახლდათ ღირსეული ადამიანების ღირსეული საქციელი!

დიდი დამშვიდობება

ხუთშაბათს, 2018 წლის 17 მაისს პრესკონფერენცია დაიგეგმა. ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო ჯიჯი ბუფონთან დამშვიდობება. მედიის წინაშე პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ჯიჯი წარსდგნენ. ანიელიმ სიტყვა თავის თავზე აიღო:

„მომდევნო წელს „იუვეს“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი იქნება. მადლობა ჯიჯის საოცარი 17 წლისთვის.”

“თითქმის 20 წელი გავატარე აქ და 7 წელი კაპიტნის რანგში. ეს შესაბამისი მომენტია წერტილის დასასმელად. „იუვენტუსი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში და ეს ჩემი ოჯახია. 15 დღის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერას დავასრულებდი, მაგრამ ახლა არ ვიცი – საინტერესო წინადადება მივიღე“, – თქვა პრესკონფერენციაზე ბუფონმა.

რაც იწყება, ყველაფერი სრულდება. ბუფონისა და „იუვენტუსის“ ბრწყინვალე ისტორია 2001 წლის 3 ივლისს დაიწყო და 2018 წლის 19 მაისს დასრულდა. სწორედ ამ დღეს, როდესაც „იუვემ“ ჩემპიონატის ბოლო ტურში „ვერონას“ უმასპინძლა და სკუდეტო ჩაიბარა, ჯიჯიმ ბოლოჯერ მოირგო „იუვეს“ მაისური. მაისური, რომელსაც მკლავზე ამშვენებდა წარწერა: GIGI UNICO (ერთადერთი ჯიჯი). ბუფონი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს „ალიანც სთედიუმზე“ ბევრი ცრემლი დაიღვარა. ცრემლი, რომელიც 17-წლიან დიდი სიყვარულის ისტორიას იტევდა. ამდენი ცრემლი 2012 წლის 13 მაისის შემდეგ ტურინის ლამაზ სტადიონს არ უნახავს – დელ პიეროს შემდეგ ბუფონი – ეს ლოგიკურია. ბუფონი აღარ იყო „იუვენტუსი“ და ამის დაჯერება ერთი შეხედვით მარტივი არ ყოფილა. სხვათა შორის, იმ დღეს „იუვენტუსი“ კიდევ ერთ გამორჩეულ ფიგურას. სტეფან ლიხშტაინერს დამეშვიდობა. კიდევ ერთ 7 სკუდეტოს კაცს, მაგრამ ის უკანა პლანზე იყო და ყველა ბუფონს აკვირდებოდა. რა გასაკვირია, ჯიჯიმ ტურინში ნამდვილი ეპოქა შექმნა. დაამყარა უამრავი რეკორდი და 17 წლის განმავლობაში კითხვაც არ დასმულა ვინ უნდა ყოფილიყო ტურინელთა კარის სადარჯოზე. ჯიჯიმ 2006 წელს, თავისი დიდების მომენტში და „იუვეს“ ყველაზე მძიმე პერიოდში გუნდი არ მიატოვა. შეიძლება ითქვას ჭაობში გაჰყვა და ძველი დიდების დაბრუნებაში უდიდესი როლი ითამაშა. ბუფონი სამუდამოდ ემახსოვრებათ იუვენტინოებს და ბუფონი ყოველთვის, მუდამ უპირველესად ასოცირდება ტურინის „იუვენტუსთან“. დანარჩენი ყველაფერი მოჩვენებითია.

ჯიჯიმ „იუვეს“ კარი 656-ჯერ დაიცვა და მატჩების რაოდენობით მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება. ჯიჯიმ მოიგო ყველა ტიტული „იუვესთან“ ერთად, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ჩემპიონთა ლიგის გარდა. ჩემპიონთა ლიგა, რომელიც დიდი ტკივილად რჩება მის კარიერაში. ჯიჯი სამჯერ ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ სამჯერვე ფინალი წააგო. არაუშავს – ბუფონის უდიდეს კარიერას ეს ჩრდილს ვერასდროს მიაყენებს.

„ბიანკონერიში“ გატარებული 17 წელი ოფიციალურად დღეს დასრულდა. მეგობრობის, გუნდელობის, ცრემლების, გამარჯვებების, დამარცხებების, ტიტულების, სიტყვების, იმედგაცრუების, ბედნიერებისა და უამრავი ემოციის 17 წელი. არასდროს არაფერს დავივიწყებ და ყოველთვის ჩემს გულთან ერთად ვატარებ“, – ეს სიტყვები ჯიჯიმ 2018 წლის 30 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, როდესაც „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა ოფიციალურად ამოეწურა.

უცნაური დამშვიდობება

2018 წლის 17 აგვისტოს ბევრი გაკვირვებული დარჩა. თითქოს ამას არაფერი მოასწავებდა, ყოველშემთვევაში იმ დროს. კლაუდიო მარკიზიომ, კლუბის დროშამ, გუნდთან ერთად შეკრება გაიარა და მედიაშიც მისი წასვლის შესახებ იმ პერიოდში არაფერი იწერებოდა. თუმცა, 2018 წლის 17 აგვისტოს „იუვენტუსის“ ვებგვერდმა დაწერა, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით კონტრაქტი გაწყდა. ბუფონის შემდეგ ტიფოზებმა კიდევ ერთი კუმირი დაკარგეს. მარკიზიო ძალიან უყვარდათ და მარკიზიოს  ძალიან უყვარდა „იუვენტუსი“.

კლაუდიო ტურინში დაიბადა და დელ პიეროს მატჩებზე გაიზარდა. „იუვეს“ აკადემიაში 1993 წელს, 7 წლის ასაკში გამოჩნდა და 25 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 წელი გაატარა სხვაგან (2007-2008 წლების სეზონი „ემპოლიში“ იჯარით). Il Principino ასოცირდება „იუვეს“ 8 ნომერთან. მარკიზიომ „იუვენტუსში“ 389 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. მას ფანებთან დამშვიდობების საშუალება ოდენ ერთი კვირის წინ მიეცა. ზოგადად, კლაუდიო სათანადოდ არ გაუცილებიათ და ეს ცუდია – 25 წლიან ტურინულ კარიერაში მეტი დაიმსახურა. მიუხედავად ყველაფრისა, კლაუდიო ისევ ნამდვილი იუვენტინოა და სოციალურ ქსელში თუ გამოვიწერთ, ამას მარტივად შევნიშნავთ. კვირა არ გაივლის ისე, რომ იტალიელმა „იუვენტუსზე“ სტატუსი არ განათავსოს ინსტაგრამსა და ტვიტერში.

მოულოდნელი დაბრუნება

ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსი“ 2017 წელს სკანდალურად დატოვა და „მილანში“ არათუ გადავიდა, არამედ კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. მერე, მეტოქის რანგში გოლიც გაიტანა ტურინში და აღნიშნა. ლეონარდო, რომელიც ტურინელ ტიფოზებს ძალიან უყვარდათ უკვე მტერი იყო, შეიძულეს. ამის ფონზე, მისი „იუვენტუსში“ დაბრუნება პრაქტიკულად ფანტასტიკის სფერო იყო. თუმცა, იტალიურმა მედიამ ივლისის მეორე ნახევარში ამ საკითხზე წერა აქტიურად დაიწყო. იტალიელი ჟურნალისტები კი უბრალოდ არაფერს წერენ, იშვიათად, რომ შეცდნენ. ასეც მოხდა – 1 აგვისტოს „ბებერმა სინიორამ“ ოფიციალურად დაადასტურა ბონუჩის დაბრუნება და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თავიდან ტიფოზების შემორიგება ადვილი არ ყოფილა. ლეოს უსტვენდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში „უძღები შვილი“ შეიწყალეს. ახლა ბონუჩი ისევ ძველებური იუვენტინოა და სოციალურ ქსელშიც აღდგა ცნობილი ჰეშთეგი – #FinoallaFine!

საუკუნის ტრანსფერი

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსს“ ძალიან ბევრი გაუტანა. ორჯერ ფინალში, სამჯერ 2018 წელს, იქამდეც ბევრჯერ. მოკლედ, რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლა არარეალურ პერსპექტივად მოსჩანდა.

როგორც ახლა ამბობენ, კრიშტიანუს „იუვენტუსში“ გადასვლა თავად მოსდომებია და ეს ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში. იმის მერე იყო „მაკრატელა“ „ალიანც სთედიუმზე“ და ტაში. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ფანების ღირსეულმა საქციელმა რონალდუ „იუვენტუსით“ საბოლოოდ „მოწამლა“.

ასე იყო თუ ისე, მუნდიალიდან პორტუგალიის გამოვარდნის შემდეგ პრესამ აიტაცა შემდეგ თემა – რონალდუ „იუვენტუსში“. მოვლენები სწრაფად განვითარდა და ტრანსფერი არ გაჭიანურებულა. 2018 წლის 10 ივლისს კი ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„იუვენტუსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. „იუვეს“ შესანიშნავი ხელმძღვანელობა და ფანები ჰყავს, ეს გადაწყვეტილება ადვილად მივიღე. ჩემს ასაკში ფეხბურთელები ჩინეთში ან ყატარში მიდიან, მაგრამ მე მხოლოდ „იუვეში“ გადასვლა მსურდა. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და ყველაფერს გავაკეთებ გუნდის ისტორიაში დიდი კვალის დასატოვებლად“, – თქვა 17 ივლისს რონალდუმ, როდესაც მედიის წინაშე წარადგინეს.

ამას შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის ტრანსფერი, რადგან რონალდუ არაა უბრალოდ ფეხბურთელი. ის გაცილებით მეტია. ფეხბურთელი, რომელსაც ზურგს 5 „ოქროს ბურთი“, 5 ჩემპიონთა ლიგა და უამრავი გოლი უმაგრებს. „იუვენტუსმა“ „რეალს“ 105 მილიონი ევრო გადაუხადა, ფეხბურთელს 4-წლიანი და 120-მილიონიანი (სეზონში 30 მილიონი) კონტრაქტი გაუფორმა. ერთი რამ ნათელია – კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მთავარი ჯოკერია. ახლა ისაა საინტერესო, როდის ითამაშებს გადამწყვეტ როლს ეს ჯოკერი.

ისე კი, დასაწყისი დიდებულია. კრიშტიანუმ რამდენიმე რეკორდი უკვე დაამყარა. სერია A-ში 14 გოლი გაიტანა და პირველი წრის მერე საუკეთესო ბომბარდირია. გოლების გარდა, საგოლე პასებსაც არიგებს და მოედნის ყველა ნაწილში ნახავთ. კრიშტიანუ შავ-თეთრ მაისურში განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და როგორც თავად ამბობს, ახალი ცხოვრებით ძალიან ბედნიერია.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ლამაზი ქალაქია, რომელიც მადრიდისგან განსხვავდება. „იუვენტუსი“ კი საოცრად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე ფანები და ფეხბურთელები ჰყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ერთიანი ოჯახი ჩემს კარიერაში არ ყოფილა. თუნდაც მადრიდისგან განსხვავებით. აქ ყველაფერი ფანტასტიკურია და დარწმუნებული ვარ, რომ „იუვეში“ გადმოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი“, – ეს სიტყვები კრიშტიანუმ 9 დეკემბერს, Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში თქვა.

2018-2019 წლების სეზონის რეკორდული დასაწყისი

სერია A-ში პირველი წრე მიილია და „იუვენტუსი“ სკუდეტოსთან ძალიან ახლოსაა. უახლოესი მდევარი 9-ქულიან ჩამორჩენაშია, მაგრამ საქმე მხოლოდ ციფრებში არაა – „იუვე“ იტალიაში ცალსახად წინაა.

19 მატჩი, 17 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება, 53 ქულა. 53 ქულა, რომელიც იტალიის ჩემპიონატის რეკორდია ერთი წრის მიხედვით. ასე შედეგიანად აქამდე არავის უთამაშია. სხვათა შორის, „იუვემ“ თავისივე მიღწევები გააუმჯობესა, რომელიც 2005-2006 და 2013-2014 წლების სეზონში დაამყარა (52 ქულა).

ლეგენდარულ სტადიონებზე

2018 წელი „იუვენტუსისთვის“ სხვა მხრივაც იყო გამორჩეული. ტურინელებმა სტუმრად საოცრად ითამაშეს და ამის დასამტკიცებლად სტატისტიკას მოვიშველიებ: 25 მატჩი, 20 მოგება, 4  ფრე, 1 წაგება.

„იუვემ“ ერთადერთი საგარეო შეხვედრა 12 დეკემბერს, ბერნში, „იანგ ბოიზთან“ წააგო (1:2). მატჩი, რომელსაც პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა.

2018 წელსა და საგარეო მატჩებზე თუ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ „იუვენტუსმა“ ისტორიულ და ლეგენდარულ არენებზე იზეიმა გამარჯვება. „უემბლიზე“ („ტოტენჰემთან“ 2:1), „სანტიაგო ბერნაბეუზე“ („რეალთან“ 3:1), „ოლდ ტრაფორდზე“ („მანჩესტერთან“ 1:0), „მესტალიაზე („ვალენსიასთან“ 2:0), ორჯერ „სან სიროზე“ („ინტერთან“ 3:2 და „მილანთან“ 2:0)!

უბრალოდ სტატისტიკა

52 თამაში, 42 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება, 100 გატანილი და 30 გაშვებული გოლი.

სერია A

ბოლო 12 თვეში „იუვემ“ სერია A-ში 76 გოლი გაიტანა (42 სახლში, 34 სტუმრად), გაუშვა 20 გოლი (9 სახლში, 11 სტუმრად). 22 მშრალი მატჩი (რეკორდი ტოპ ხუთ ჩემპიონატებში). აქედან 12-ჯერ სტუმრად მოახერხა მშრალად მატჩის ჩატარება.

2018 წელს იტალიის ჩემპიონატში „იუვე“ ერთადერთხელ დამარცხდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ 2006 წელს ჰქონდა, როდესაც წელი დაუმარცხებლად დაასრულა. სამაგიეროდ 2018 წელი სტუმრად წაუგებლად დაასრულა – მხოლოდ 8 გუნდს აქვს ისტორიაში იგივე გაკეთებული.

მოიგო 32 თამაში და მხოლოდ ერთი გამარჯვება დააკლდა რეკორდამდე, რომელიც „იუვემ“ 2016 წელს დაამყარა. ხსენებული 32 მოგებიდან 17 ტურინზე მოდის, ხოლო 15 გასვლით მატჩებზე.

101 ქულა ერთი წლის ჯამში, ხოლო 53 ქულა ერთი წრის მონაცემებით (რეკორდი).

შევხვდებით 2019 წელს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …