კრიშტიანუ რონალდუ ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ არ ითამაშებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელის დასვენების დრო მოვიდა.
აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ დააანონსა, რონალდუს დასვენება. მაშინ ალეგრიმ თქვა, რომ კრიშტიანუ მომდევნო სამი მატჩიდან ერთ-ერთში აუცილებლად დაისვენებდა („რომა“, „ატალანტა“, „სამპდორია“).
„რომასთან“ რონალდუ მოედანზე 90 წუთი იყო და შესაბამისად, ახლა ორი მატჩი დარჩა. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით კი, ბერგამოში გასამართ მატჩს გამოტოვებს.
საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც რონალდუ „იუვენტუსში“ გადავიდა, უკლებლივ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გარდა „იანგ ბოიზთან“ საშინაო შეხვედრისა. მაშინ, პორტუგალიელი დისკვალიფიცირებული გახლდათ და მოედანზეც ამიტომ ვერ გავიდა. ისე კი, სხვა თამაშებიდან ყველა 90 წუთი ითამაშა, გამონაკლისი ორი მატჩია: „ფიორენტინა“, სადაც ბოლო ათი წუთი დაისვენა და „ვალენსია“, როდესაც 30-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.
„ატალანტასთან“ „იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა კი ამ დროისთვის ასეთია:
შჩესნი; დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, ბენტანკური, ხედირა; დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, დიბალა
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული მატჩი 26 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.