ტურინის „იუვენტუსს“ კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის გადაბირება უნდა. ხორვატი ერნესო ვალვერდესთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აღარაა და „ბარსა“ მზადაა შეელიოს.
თუმცა, კატალონელებმა ემრე ჯანში გაცვლა მოითხოვეს, ეს პირობა კი „იუვესთვის“ მიუღებელია. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი მაურიციო სარის დიდად არ მოსწონს და მართლაც არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს, ფაბიო პარატიჩი მისი გაცვლის წინააღმდეგია.
პარატიჩის ურჩევნია, რომ „ბარსელონას“ რაკიტიჩის სანაცვლოდ დანიელე რუგანი, ბლეზ მატუიდი ან ხუან კუადრადო დაუთმოს.
ხორვატის დამატება კი, ნახევარდაცვაში გამოცდილების შემოტანის მიზნით უნდათ. შეგახსენებთ, სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.