ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა მიიჩნევს, რომ მასიმილიანო ალეგრი პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ძალიან დაეხმარა. ამის შესახებ არგენტინელმა უეფასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ალეგრი? მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით როგორ უნდა ვიმუშაო, როგორ ჩამოვყალიბდე პროფესიონალად და როგორ ვიყო ვარჯიშებზე მთლიანად კონცენტრირებული. მაქსი ძალიან დამეხმარა. თუნდაც მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციაზე მათამაშებდა, მოედანზე თავისუფლებას მაძლევდა.
კრიშტიანუ? მქონდა შესაძლებლობა მესისთან ერთად მეთამაშა, ახლა კი რონალდუსთან ერთად. მშვიდი და ნორმალური ადამიანია, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. კარიერაში ბევრი მოიგო, თუმცა გასახადელში ძალიან თავაზიანია. პარალელი ლეოსთან? ასეთი ფეხბურთელებისგან, როგორებიც ისინი არიან, ყოველთვის ბევრს ვსწავლობ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ“, – განაცხადა დიბალამ.