ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჯანლუიჯი ბუფონმა შეიტანა. 43 წლის მეკარე ყველასთვის მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა და შესანიშნავად ითამაშა.
მან მეორე ტაიმში არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდის. რაც მთავარია, ჯიჯი მთელი თამაშის განმავლობაში თანაგუნდელებს თითოეულ მოქმედებას კარნახობდა და ფაქტობრივად მოედანზე მწვრთნელი იყო. სხვათა შორის, მსგავს ჩართულობას თამაშში იშვიათად თუ ნახავთ ვოიცეხ შჩესნისგან, რომელსაც ბოლო დროს შეცდომები მოუმრავლდა.
სტატისტიკა და ბევრ რამეზე მეტყველებს – მიმდინარე სეზონში „იუვეს“ არ წაუგია თამაში, რომელშიც ბუფონი მოედანზე იყო! სერია A-ში 6 მატჩი, 5 გამარჯვება და 1 ფრე, მხოლოდ 3 გაშვებული გოლი და სამჯერ მშრალად შენახული კარი. ყველა ტურნირზე კი 11 თამაში, 9 გამარჯვება, 2 ფრე, 6 გაშვებული გოლი და 6-ჯერ მშრალად შენახული კარი.
საგულისხმოა, რომ ბუფონის საწინააღმდეგო არგუმენტად არც ის გამოდგება, რომ მან შედარებით სუსტ გუნდებთან ითამაშა. არა, რადგან ამ 11 თამაშიდან ორჯერ იყო თამაში „ინტერთან“, ასევე „ბარსელონასთან“ და „ნაპოლისთან“. საინტერესოა, რომ იმ 6 გაშვებული გოლიდან, რომელიც ამ 10 თამაშში გაუშვა, ორი პენალტით გაუტანეს და თამაშიდან მხოლოდ ოთხჯერ მოახერხეს მეტოქეებმა მისი დამწუხრება.
ჯიჯისთვის „ნაპოლისთან“ თამაში „იუვეს“ მაისურით 682-ე იყო. მან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „შეიძლება დაეცე, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტა არ შეგიძლია“.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ოღონდ პაულო დიბალაზე. მას ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გაუცდა. არგენტინელმა მხოლოდ 17 შეხვედრაში ითამაშა და „იუვემ“ ამ მატჩებიდან ერთადერთხელ წააგო („ბარსელონასთან“) – 12 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება.