ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მაურიციო სარის გუნდი ბერგამოში „ატალანტას“ ეწვია, სადაც თამაში ადვილი არავისთვისაა და არც ეს მატჩი ყოფილა გამონაკლისი.
მეტიც, ბერგამოელები 70 წუთის განმავლობაში საგრძნობ უპირატესოა ფლობდნენ და არაერთი საგოლე მომენტი გაანიავეს. ყველაზე მეტად კი, მატჩის დასაწყისში მუსა ბაროუს მომენტი უნდა გამოვყოთ, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა და ბურთი ხარიხას მოარტყა. თუმცა, „ატალანტამ“ ანგარიში მაინც გახსნა.
56-ე წუთზე ბაროუს ჩაწოდების შემდეგ რობინ გოსენსმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. „იუვეს“ თამაში არ მისდიოდა და გამოსავალიც არ ჩანდა. ტურინელებს სახიფათო მომენტიც კი არ ჰქონდათ შექმნილი, ანგარიში ისე გათანაბრდა. 74-ე წუთზე იგუაინმა მოახერხა რიკოშეტის დახმარებით გატანა. არგენტინელმა მალევე დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს პაულო დიბალამაც იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იუვენტუსმა“ 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს.
„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:0)
ბერგამო, „გევის სთედიუმი“
„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; ტოლოი, პალომინო, ჯიმშიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი (ტრაორე 86), გოსენსი (კასტანე 71); გომესი, ბაროუ (მურიელი 57), პაშალიჩი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო; ხედირა (ემრე ჯანი 70), პიანიჩი, ბენტანკური (დუგლას კოშტა 58); ბერნარდესკი (რემზი 26); დიბალა, იგუაინი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 გოსენსი (56), 1:1 იგუაინი (74), 1:2 იგუაინი (82), 1:3 დიბალა (90)
გაფრთხილება: პალომინო (10), ფროილერი (41), გოსენსი (45), ტოლოი (61), გოლინი (82) – იგუაინი (7), დიბალა (27), კუადრადო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 11 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი