ტურინის „იუვენტუსს“ პირველი დანიელე რუგანი დატოვებს. Tuttosport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლამდე 30 მარტს გაახანგრძლივა, კონკურენციის გამო გუნდის დატოვება უწევს.
რუგანი ვილარ პეროზაში გამართული საოჯახო მატჩის დროს ბედნიერი არ ყოფილა. ავტობუსიდან ჩამოსული მის სახეზე ღიმილი არავის შეუნიშნავს და არც შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. იგივე მოხდა მანამდე მადრიდის „ატლეტიკოსთანაც“. ეს კი, პრაქტიკულად ცხადჰყოფს, რომ დანიელე ოთხი სეზონის შემდეგ „იუვეს“ ტოვებს.
ფეხბურთელს „რომა“ და „მონაკო“ ეპატიჟებიან. თავდაპირველად რომაელთა ვარიანტი უფრო რეალური იყო, მაგრამ მერე ფრანგები დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო ცნობებით, რუგანის საფრანგეთში ტრანსფერი ორი მიზეზით გართულდა.
პირველი ის გახლავთ, რომ „იუვენტუსს“ მისი გაყიდვა უნდა, ხოლო „მონაკო“ მხოლოდ ერთწლიან იჯარაზე, შესაძლო გამოსყიდვის უფლებითაა თანახმა, ხოლო მეორე მიზეზი თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელიც მოხიბლული არაა, ლიგა 1-ში თამაშის პერსპექტივით.
რუგანის შემდეგ კი, „იუვენტუსის“ დატოვების მთავარი კანდიდატი ბლეზ მატუიდი გახლავთ, რომელსაც ასევე „მონაკოს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფრანგმა უარი თქვა მონტე კარლოში გადაბარგებაზე. ახლა კი არაა გამორიცხული პსჟ-ში დაბრუნდეს.