„იუვენტუსის“ ფეხბურთელთა ინტერვიუებში არაერთხელ ამოიკითხავდით, რომ გუნდის თამაში, სავარჯიშო სისტემა შარშანდელთან შედარებით ძალიან შეიცვალა. ასეცაა, მაურიციო სარი განსხვავებული სტილის მქადაგებელია, ვიდრე მასიმილიანო ალეგრი.
რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს გადაწყობისთვის დრო სჭირდებათ, რომ სარის დომინანტურ ფეხბურთს ალღო აუღონ. იტალიაში, სარის სტილს მოკლედ ჰქვია – სარისიმო.
„ატლეტიკოსთან“ წაგებულ მატჩში (1:2) სარის ფეხბურთის პირველი ნიშნები გამოიკვეთა. „იუვე“ ყველა კომპონენტში დიდ უპირატესობას ფლობდა.
იტალიის ჩემპიონს 59.5% ბურთის ფლობა ჰქონდა 40.5%-ის საპირისპიროდ. ტურინელებმა კარისკენ 27-ჯერ, კარში კი 6-ჯერ დაარტყეს, მაშინ, როდესაც მეტოქეს ამავე კომპონენტში ძალიან დაბალი მაჩვენებლი ჰქონდა (11 კარისკენ დარტყმა, 3 კარში).
და ბოლოს, „იუვემ“ „ატლეტიკო“ კუთხურებშიც ძალიან დაჩაგრა – 14:1! თუმცა, ამჯერად იტალიელი სპეციალისტისა და მისი გუნდის წინაშე ახალი გამოწვევაა – საგოლე მომენტების რეალიზება. სწორედ ამ კომპონენტში სისუსტემ განაპირობა ესპანურ კლუბთან მარცხი.