ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა გუნდმა „ინტერთან“ უპირატესობა გაზარდა. თუმცა, „პარმასთან“ მატჩის ბოლო ნაწილით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
სარის განცხადებით, ურჩევნია კონტრშეტევაზე გოლი გაუშვას, ვიდრე საკუთარ ნახევარზე გამოიკეტოს და მეტოქემ ისეთი ანერვიულოს, როგორც „პარმამ“.
„გუნდი იზრდება, დღეს საღამოს ნაკლებად სუფთა თამაში ჩავატარეთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ თამაში დროულად ვერ დავხურეთ და ინტრიგა ბოლომე შენარჩუნდა. ბოლო 5 წუთი ძალიან ბევრი ვიტანჯეთ ფიზიკურად ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „პარმაა“. ოთხშაბათთან შედარებით ბევრად შევიცვალეთ, 2:1-ზე მოედანზე იგუაინის შეყვანა გუნდისთვის მესიჯი იყო, რომ მესამე გოლი უნდა გაგვეტანა, ხოლო დუგლას კოშტათი ბალანსის შეტანას ვეცადეთ.
რაბიოს ერთადერთი პრობლემა მარჯვნივ თამაშია, მაგრამ რომბისებულ ნახევარდაცვაში მშვიდად შეუძლია თამაში და ვითარდება. რემზი „არსენალში“ ხშირად იყო გამთამაშებელი, ზოგჯერ მეორე თავდამსხმელიც კი, ასე, რომ მასაც შეუძლია ამ პოზიციაზე უსაფრთხოდ თამაში. ორივე სხვა ლიგებიდან მოვიდნენ და თან ფიზიკური პრობლემებიც ჰქონდათ.
გოლი პასიურობის შედეგად გავუშვით. როდესაც ბურთი დაიძრა, ჩვენ ყველა გაჩერებულნი ვიყავით, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, სტანდარტულებზე დიდი პროგრესი გვაქვს, დღეს გავუშვით გოლი, მაგრამ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ამ ფაზის სპეციალისტია.
არ მომეწონა თამაშის დასასრული. ჩვენს ნახევარზე მეტოქე ბურთს აკონტროლებდა და ძალიან არ მომეწონა. მირჩევნია კონტრშეტევით გოლი გავუშვათ, ვიდრე ასე ვიტანჯოთ საკუთარ ნახევარზე.
რონალდუ? კრიშტიანუ არის ჩემპიონი, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას 100 პრობლემა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერს“ 4 ქულით გაასწრო, ხოლო მომდევნო მატჩს 22 იანვარს, იტალიის თასზე „რომასთან“ ჩაატარებს.