ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „პარმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„პირველ რიგში მინდა ანასტაზი გავიხსენო, ვფიქრობ, რომ ის ამ გუნდისთვის და იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.
ვნახოთ, როგორ კონდიციაში იქნებიან დიბალა და იგუაინი, ამის შემდეგ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. დე ლიხტის ზედიზედ მესამე თამაში მოკლე პერიოდში? ვფიქრობ, შეუძლია ამის გაკეთება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, როგორ გამოვიდა აღდგენის პერიოდიდან. ვნახოთო, ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბონუჩიმ დაისვენა, ხოლო რუგანიმ დაამტკიცა, რომ მზადაა.
შემტევი სამეული? ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ბალანსზე, დომინაციაზე, მაგრამ რისკის გარეშე. იგუაინს ძალიან კონკრეტული როლი აქვს, დანარჩენი ორი უფრო ინსტიქტურად მოქმედებს მოედანზე, განსაზღვრული ადგილმდებარეობის გარეშე.
მგონია, რომ დიბალა ყველასთან კარგადაა შეთამაშებული, როდესაც რონალდუსთან ერთადაა მოედანზე, ცენტრიდან ნაკლებად ვუტევთ, მაგრამ ყოველთვის კარგად თამაშობენ, ერთად იბრძვიან და მეტოქეს პრობლემას უქმნიან.
კულუსევსკი თავიდნვე „იუვეში“? ვფიქრობ, ის ზაფხულამდე არ შემოგვიერთდება. ვიმედოვნებ, ხვალ მის შესაძლებლობებს ვერ ვნახავთ, ამისთვის კიდევ 6 თვე გვექნება.
ემრე ჯანი? ყოველ კვირაში ფეხბურთელებს თვისებებს ვაქცევ ყურადღებას, ამის მიხედვით ვარჩევ შემადგენლობას. არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს. დუგლას კოშტა კარგა ხანი უთამაშებელი იყო, არასდროს უვარჯიშია უწყვეტად, ამიტომ, მისთვის წუთები ჯერჯერობით განსაზღვრულია.
რაბიოს თავიდან სირთულეები ჰქონდა, გარემოსთან ადაპტაციის გამო, რაც ნორმალურია. ახლა ის მუდმივად თამაშობს, ნდობას გრძნობს და კარგადაა. ბევრად უფრო ტაქტიკური გახდა, ვიდრე მანამდე, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში.
„ინტერის“ თუ მეშინია? შიში მძიმე სიტყვაა, ჩვენ სპორტზე ვსაუბრობთ. არ მაინტერესებს „ინტერი“ ვის დაიმატებს სატრანსფერო ბაზარზე, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი არაა.
ბერნარდესკის წასვლა? აქამდე ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს ბერნარდესკის შესაძლო წასვლის შესახებ. ასე, რომ ამ მომენტში მსგავსი არაფერი არსებობს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარმას“ მატჩი 19 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.