ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იანგ ბოიზთან“ (1:2) მარცხის შემდეგ ხაზი გაუსვა გამოუყენებელ საგოლე მომენტებს. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაღლილობას არ გრძნობს და ამიტომაც, დასვენებას ჯერ არ აპირებს.
„ბევრი საგოლე მომენტი შექვმენით და ძალიან ცუდია, რომ ვერ გამოვიყენეთ. წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ და პირველი ადგილით გავედით მერვედფინალში. ახლა მოდის ისეთი თამაშები, რომელთა ფასი დიდია და ვნახავთ, ვართ თუ არა მზად.
დაღლილობა? – თავს კარგად ვგრძნობ, ინდივიდუალური პროგრამითაც ვვარჯიშობ. მწვრთნელთან ერთად ვწყვეტ, როდის ვითამაშო მეტი და როდის ნაკლები. მომავალში დავისვენებ“, – განუცხადა რონალდუმ Sky Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 12 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა. მერვედფინალში მეტოქის ვინაობა კი 17 დეკემბერს გაირკვევა.