მირალემ პიანიჩი როგორც ჩანს ხელშეუხებელი არაა. Tuttosport-ის ცნობით, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში „იუვენტუსი“ მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს.
ბოსნიელით სერიოზულ ინტერესს „პარი სენ ჟერმენი“ იჩენს, რომლის სპორტული დირექტორი ლეონარდო მოხიბლულია მირალემის თამაშით. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა გასულ ზაფხულს „იუვესთან“ წარმატებით ითანამშრომლა (ბონუჩი-კალდარა-იგუაინის სატრანსფერო ოპერაცია), როდესაც „მილანში“ მუშაობდა.
ხმები აქამდეც დაირხა პიანიჩის პარიზში შესაძლო გადასვლაზე, თუმცა სანაცვლოდ „იუვემ“ მარკო ვერატი მოითხოვა. ბოლო ინფორმაციით კი, იტალიის ჩემპიონი ბოსნიელ შუახაზელს 80 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა.
ამასობაში რადარებზე მიუნხენის „ბაიერნიც“ ჩანს, რომელიც ნახევარდაცვაში ტოპ ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს. თუმცა, პსჟ-ს შანსი უფრო დიდია და თუ პიანიჩი ტურინს დატოვებს, ალბათ პარიზში გადაბარგდება.
მითქმა-მოთქმის დასასრულებლად კი 5 დღე რჩება, რადგან 2 სექტემბერს სატრანსფერო ფანჯარა იხურება. მაურიციო სარი ალბათ ყველაზე ბედნიერი იქნება, თუ ამ დროში ტრანსფერი არ შედგება, რადგან იტალიელს მასთან განშორება არ სურს.