იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩის პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ისინი ტურინში მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად მიდიან.
„ვინც მოიგებს, დიდი შანსი ექნება ჩემპიონთა ლიგის გასვლის, მაგრამ ყველაფერი ხვალ საღამოს არ დასრულდება. კიდევ არის დარჩენილი ბევრი თამაში. ჩვენ გვაქვს უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ მატჩივ და ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია. „იუვენტუსთან“ გამარჯვება შესანიშნავი შედეგი იქნებოდა. ეს ყველაზე სტიმულირებადი და მომხიბლავი მატჩია. ჩვენ საუკეთესოდ მოვემზადეთ და ტურინში გამარჯვებისთვის მივდივართ.
შეტევაში მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი არ იქნება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც საჯარიმოს გარედან ყველაზე ხშირად ურტყამს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ცოტა გოლს იტანს. მოგვიწევს შანსები უკეთ გამოვიყენოთ და უფრო კომპაქტურები ვიყოთ, როდესაც ბურთი არ გვექნება.
დონარუმა? ამ მომენტში „მილანს“ და ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, ეს არის გუნდის ინტერესი და არა პირადი ინტერესი. ფეხბურთელების პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. ვესაუბრე დონარუმას, ისევე როგორც ყველას და ყველანი მიზანზე არიან ორიენტირებულნი“, – თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 9 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.