ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ Otro-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც იტალიაში გატარებულ პერიოდზე საუბრობს. „პალერმოდან“ დაწყებული „იუვენტუსით“ დამთავრებული.
პაულო აღნიშნავს, რომ „იუვენტუსი“ მისი ოჯახია და ტურინში ძალიან ბედნიერია:
კარიერის პირველი ეტაპი – არ მჯეროდა, რომ ასე სწრაფად შეიძლებოდა მოხდარიყო ყველაფერი. 17 წლის ასაკში მქონდა დებიუტი და 6 თვეში ამბობდნენ, რომ ევროპაში სურდათ ჩემი წაყვანა. ოდესაც მითხრეს, „პალერმოს“ უნდა შენი დამატება“, არ მიყოყმანია და ჩემს ოჯახს ვუთხარი: „დიახ წავედით. ავიღოთ ჩვენი ნივთები, ტანსაცმელი, იტალიაში მივდივართ.
„პალერმო“ – დასაწყისი ადვილი არ ყოფილა. სახლიდან შორს წავედი, ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან, უცხო ენას ვსწავლობდი. არგენტინაში მხოლოდ 1 წელი მქონდა ნათამაშები და ვიცოდი, რომ ეს განსხვავებული იყო. იტალიაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება გახლდათ, სერია A დიდებული ჩემპიონატია, ეს ჩემთვის ახალი თავგადასავალი იყო. გავიცანი შესანიშნავი ადამიანები, პალერმო ულამაზესი ქალაქია, ლამაზი ლანდშაფტებით და კარგი კერძებით. პირველი წელი რთული იყო. ცოტას ვთამაშობდი და მხოლოდ 3 გოლი გავიტანე, საბოლოოდ, სერია B-ში გავვარდით. მეორე წელს ყველაფერი გაუმჯობესდა, სერია A-ში დავბრუნდით. მესამე წელი კი ყველაზე წარმატებული გამოდგა, რისი წყალობითაც, ისეთ მნიშვნელოვან გუნდს შევუერთდი, როგორიც „იუვენტუსია“.
ტურინი – პალერმოდან ტურინში გადასვლის მხრივ დიდი ცვლილება იყო. ამინდიც სრულიად განსხვავებული გახლდათ. პირველი თვეები ურთულესი გამოდგა, სხვა რიტმში მიწევდა ცხოვრება. მაგრამ, როდესაც „იუვენტუსში“ ხარ, ეს სხვა საკითხია. ქუჩაში ხალხი მაჩერებდა და ფოტოს გადაღებას მთხოვდნენ. ეს შესანიშნავია, როდესაც ადამიანები ან ბავშვები ფოტოს გადაღებას გთხოვენ. ტურინი მომწონს, მაგრამ თავიდან ნამდვილად რთული იყო, რადგან პალერმო ძალიან მენატრებოდა.
„იუვენტუსი“ – „იუვეში“ პირველივე დღიდან დღემდე ძალიან კარგად მექცევიან. ისე შემხვდნენ, თითქოს მათთან წლების განმავლობაში ვიყავი. ყველა მესალმებოდა, მესაუბრებოდა, მივხვდი რას ნიშნავდა ამ გუნდში ცხოვრება. ახლა 4 წელი გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ოჯახია. მოსვლის დღიდან ნათელი იყო, რომ „იუვენტუსი“ ყველა ტიტულის მოგებისთვის იბრძვის, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში, როდესაც ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ. მათგან ბევრის მოლოდინია, განსაკუთრებით წინა წლებში მოგებული ტიტულების შემდეგ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მაგრამ არ დასრულებულა ისე, როგორც ყველა ჩვენგანს სურდა. ეს წელი მნიშვნელოვანია, სეზონი კარგად დავიწყეთ, რამდენიმე ქულიანი უპირატესობა უკვე გვაქვს. თუმცა, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ. ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და სეზონიც გრძელია“, – განაცხადა დიბალამ.