ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დამდეგ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ჭორებია და პორტუგალიელი მომდევო სეზონსაც „იუვენტუსში“ გაატარებს.
„რონალდუ რჩება? რა თქმა უნდა. ის გაბრაზებულია იმის გამო, რომ კონკურენტუნარიანია და მისი რეაქცია აჩვენებს მის სულს, სურვილს თამაშისადმი. ის ცხოველია, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება უნდა.
მუხლის პრობლემა ბევრ რამეს უკავშირდება. მას ტრავმები იშვიათად აწუხებს, წელიწად ნახევრის განმავლობაში არ მინახავს, რომ თავი ატკივებოდეს. როდესაც ის ბოლომდე გამოჯანმრთელდება, ნახავთ, რომ ვარჯიშით, რიტმით მოახერხებს თავის დონეზე დაბრუნებას, ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობთ.
ისტორია, რომ თითქოს რონალდუ მომდევნო ზაფხულში დაგვტოვებს, არ არსებობს. მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს, „იუვეში“ კარგადაა. „იუვენტუსი“ შარშან ჩემპიონი გახდა და რონალდუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რატომ უნდა წავიდეს? მე გეტყვით როგორ დასრულდება ეს ყველაფერი: დარჩება „იუვენტუსში“ მომდევნო სეზონშიც, რადგან ეს ჭორები მისი მომავლის შესახებ მხოლოდ ყალბი და უსაფუძვლოა.
ძნელი სათქმელია წაართვეს თუ არა მას „ოქროს ბურთი“, მაგრამ ისეთი გუნდების სახელს, როგორებიც „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან, დიდი წონა აქვთ. ის ნამდვილად იმსახურებდა „ოქროს ბურთს“, რომ აღარაფერი ვთქვათ შარშანდელზე, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა და აქედან 6 პლეი-ოფებში.
ანტონიო კონტე? ვიცოდი, რომ მასთან დუელი ბოლომდე მოგვიწევდა. წარმატებებს ვისურვებ, მაგრამ არა მეტისმეტად“, – აღნიშნა პარატიჩიმ.