ტურინის „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენის სატრანსფერო უფლებები გელზენკირხენის „შალკედან“ ოფიციალურად გამოისყიდა. აქამდე ამერიკელი ტურინში იჯარით თამაშობდა, მაგრამ ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრია.
ტრანსფერის ღირებულებამ 18.5 მილიონი ევრო შეადგინა, რომელსაც „იუვე“ სამ სატრანსფერო ფანჯარაში დაფარავს. გარდა ამისა, ფეხბურთელის ღირებულებამ შეიძლება 6.5 მილიონი ევროთი მოიმატოს, რაც მის სპორტულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„იუვემ“ მაკკენის კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. ამერიკელის თამაშით გუნდის ხელძღვანელობა კმაყოფილი დარჩა და ამიტომაც, გამოისყიდეს.
მიმდინარე სეზონში ვესტონ მაკკენიმ „იუვენტუსში“ ყველა ტურნირზე 31 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარმცველია, რომელსაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში მინიმუმ 4 გოლი აქვს გატანილი.