ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი The Guardian-ს ესაუბრა. ვეტერანმა კარის დარაჯმა ანდრეა პირლოზე, საკუთარ მომავალზე, კარიერის დასრულების ეტაპზე და კორონავირუსის პანდემიაზე ილაპარაკა.
„ჩემს გონებაში ნამდვილად არის ბოლო გაჩერების ნიშანი, მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც 2023 წლის ივნისია. ეს მაქსიმუმია. მაგრამ შემიძლია ასევე 4 თვეში დავასრულო კარიერა. კონტრაქტის განახლება არ ხერხდება? ვისწავლე, რომ ცხოვრებაში გარანტირებული არაფერია.
სიმართლე გითხრათ, ლოქდაუნის პირველი თვე ჩემთვის მშვენიერი იყო. პანდემიამ საშუალება მომცა საკუთარი თავისთვის დრო დამეთმო. ეს, ისეთი რამეა, რაც ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა.შემეძლო მეუღლესთან და ჩემს შვილებთან ყოველდღე ყოფნა, შემეძლო ჩემი ჰობისთვის, კითხვისთვის დრო დამეთმო. ლამაზი პერიოდი იყო, რომელიც არასდროს მეგონა, რომ დადგებოდა. შემდეგ, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში სიტუაცია დამძიმდა. უფრო მეტს ფიქრობ იმაზე, რასაც სხვები განიცდიან.
43 წლის ასაკში თამაში? ამბობენ, რომ ამ ასაკში დაცემა ხდება, მაგრამ მე არ მჯერა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მტკიცედ სწამს ბედისწერის. როდესაც „იუვენტუსმა“ დაბრუნების შანსი მომცა, ვფიქრობდი, რომ უნდა გამომეყენებინა. არასდროს იცი რა მოხდება, იქნებ, არსებობს რაიმე მიზეზი, რატომაც იქ დავბრუნდე. ბოლო დიდი ისტორიაა დასაწერი. ასე რომ, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ეს ეგოდან მოდის, რომელიც ყველას გვაქვს.
პირლო? პირლოსთან ჩემი მეგობრობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. მე, ის და გატუზო ერთმანეთს 1993 წლიდან ვიცნობთ. გვქონდა ბედნიერება და შესაძლებლობა ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვეგო და ეს ჩვენს ურთიერთობას ამყარებს. არა მეგობრობას, მეგობრობა არ განისაზღვრება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით, მაგრამ ამან კავშირი გაამყარა. სხვა ადამიანების წინაშე მას ყოველთვის მისტერს დავუძახებ, ეს არის როლის, პატივისცემის და ინტელექტის საკითხი. სანამ ჩვენ აქ ვართ, მას ერთი როლი აქვს, მე კი სხვა. როდესაც ამ ადგილს დავტოვებთ და ერთად სხვაგან გავალთ, მაშინ შეგვიძლია ვიყოთ ჯიჯი და ანდრეა.
როდესაც თამაშში შეცდომას ვუშვებ, გულწრფელად თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. სრულიად ნაწყენი ვარ. საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მოლოდინს შევეჩვიე, ასე რომ, შეცდომას თუ ვერ ვასწორებ, უზარმაზარ უხერხულობას ვგრძნობ“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ ერთი სეზონი პსჟ-ში გაატარა და გუნდს 2019 წელს დაუბრუნდა. ვეტერან კიპერს კლუბთან კონტრაქტი 4 თვეში ეწურება.