ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა და კომენტარი „იუვეს“, საკუთარი თავისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გააკეთა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიელი ტურინში ბედნიერია.
„რთული წელი იყო, დეტალების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ „პორტუსთან“, რომელიც ჩვენზე უკეთესი გუნდი არ იყო. პირველივე წუთზე დავუშვით შეცდომა, ავიკიდეთ პენალტი და გოლი გავუშვით 40 მეტრიდან, ცოცხალი კედლის ქვეშ გამძვრალი ბურთით. ეს ყველას ბრალია, მატჩის დასაწყისში თავური დარტყმით გოლი რომ გამეტანა, თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა და მეოთხედფინალში გავიდოდით.
რონალდუ? საბოლოოდ ყველა აკრიტიკებს, მაგრამ არავის აქვს იმდენი ტიტული, რაც კრიშტიანუს. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ ფეხბურთის გარდა, რადგან მოედანს მიღმა ვცდილობთ ამაზე არ ვისაუბროთ. წასვლა უნდა? ეს წარუმატებლობა სხვა კლუბში რომ მომხდარიყო, იგივე საუბარი იქნებოდა. ის შეჩვეულია ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს, მაგრამ ეს არ არის „იუვეს“ პრობლემა. ვხედავ, რომ ბედნიერია და თანაგუნდელებით კმაყოფილია. პრობლემა ის არის, რომ ის გამარჯვებებს მიჩვეულია.
ჩემი მომავალი? როდესაც იჯარით ხარ, ორ კლუბს შორის ხარ და შენი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ბედნიერი ვიყავი „ატლეტიკოში“ და ბედნიერი ვარ „იუვენტუსში“, კონტრაქტი მაქვს და მას პატივი უნდა ვცე“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფორვარდმა 34 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.