ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფიორენტინასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელი ცხოვრება „იუვენტუსში“ დარჩებოდა.
„გოლი? საბოლოოდ აღარავის ახსოვს, თუ ის გამარჯვების მომტანი არაა. გვქონდა სხვა კარგი შანსებიც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში უკეთესი დამოკიდებულება გვქონდა, ეს შემდეგ თამაშებს მოგვაგებინებს.
რთული წელი გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადის მოედანზე და ვინ იტანს გოლს, მთავარია, რომ შედეგს მივაღწიოთ და ეს წელი ძალიან რთულია ბევრი რამის გამო. ჩვენ როცა „იუვეს“ მიდგომა გვქონდა, შესანიშნავად ვითამაშეთ. ამ მატჩში ხასიათი ვაჩვენეთ და გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით.
დარჩენა? მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთო იქამდე, სანამ აქ ვარ. ყველამ იცის, რომ აქ კარიერის ბოლომდე ვითამაშებდი, მაგრამ ფეხბურთი ბიზნესია და ყოველთვის ჩვენზე არ არის არჩევანი. ფინალი გვაქვს სათამაშო, რომელიც უნდა მოვიგოთ, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 66 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 მაისს, „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.