ტურინის „იუვენტუსმა“ მერიჰ დემირალი, რომელიც მიმდინარე ზაფხულს „სასუოლოდან“ დაიმატა, ოფიციალურად წარადგინა. 21 წლის თურქმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა:
„მოგესალმებით ყველას. ჩემი იტალიური იდეალური არაა, მაგრამ ვეცდები ახლო მომავალში გავაუმჯობესო“.
შეგრძნება – აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ „იუვენტუსი“ ძალიან მნიშვნელოვანი გუნდია, ჩემთვის აქ თამაში იღბალია. ვიმედოვნებ მოკლე დროში შევეწყობი გუნდსა და ახალ გარემოს. ვარჯიშებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
განვითარება – აქ ყოფნისთვის დიდი ძალისხმევა გავიღე, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს სიურპრიზია. ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია და ავიხდინე ჩემი ოცნება.
გულშემატკივრები – როდესაც მოედანზე გავდივარ ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და შემდეგ გულშემატკივარმა უნდა შემაფასოს. იმედია, მაქსიმალურად კარგად ვითამაშე და ყველას დავარწმუნებ ჩემს შესაძლებლობებში.
პირველი თურქი – „იუვენტუსში“ პირველი თურქი ფეხბურთელი ვარ და ეს ჩემთვის პატივია. ჩემთვის ასეთ ძლიერ ფეხბურთელებთან ვარჯიში საპატიოა და მინდა დავამტკიცო და მაგალითი მივცე სხვებს, რომ მძიმე შრომით მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა შესაძლებელია, როგორც მე გავაკეთე.
ბავშვობიდან – როდესაც პატარა ვიყავი მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი. 11-12 წლის ასაკში კი მწვრთნელმა დაცვის ცენტრში დამაწყებინა თამაში.
კიელინი – მის თამაშს ბავშვობიდან ვუყურებდი და პატივია. კიელინი ძალიან მეხმარება, ისევე, როგორც ბონუჩი. იმედია მათგან გარკვეულ გამოცდილებას შევიძენ.
პორტუგალია – სახლი 18 წლის ასაკში დავტოვე, რადგან მინდოდა ევროპულ გუნდში მეთამაშა ახალგაზრდულ ასაკში. ამის მიზეზი სწრაფი განვითარების სურვილი და ოცნებების მიღწევა იყო.
შემდეგი ნაბიჯი – „სასუოლოში“ გატარებულმა 6 თვემ კარგი გამოცდილება მომცა. იტალიაში მცველის ყოფნა ნიშნავს, რომ საუკეთესო სკოლაში ირიცხები.
სატრანსფერო ბაზარი – ეს არ მაინტერესებს. ვცდილობ მაქსიმალურად ვიმუშაო, რომ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე.
ჩემპიონთა ლიგა – „იუვე“ სეზონს იმისთვის იწყებს, რომ ყველა ტიტული მოიგოს და დარწმუნებული ვართ, რომ შესაშნავი სეზონი გვექნება.
მაურიციო სარი – ჩვენი მწვრთნელი ზრუნავს დაცვით ასპექტებზე და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ მაქვს შესაძლებლობა უკეთ ვივარჯიშო და ჩემი სუსტი წერტილები გავაუმჯობესო.
პაოლო მონტერო – მონტეროს შესახებ ისტორიები მოვისმინე და ვნახე მისი ვიდეოები. მასთან პარალელის გავლება ჩემთვის საამაყოა. იმედია, დავამტკიცებ, რომ ძლიერი ვარ და ეჭვებს არავის გავუჩენ.
იდეალი – ყოველთვის მყავდა იდეალები და მათ შორის ნამდვილად არიან ჩემი დღევანდელი თანაგუნდელები. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა კიელინი.
ემრე ჯანი – მასთან ერთად თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ერთი კულტურა გვაქვს, ძალიან დამეხმარა და მინდა მადლობა საჯაროდ გადავუხადო.