ემრე ჯანისა და ივან რაკიტიჩის მოულონდელი ბარტერი დღის წესრიგში ორშაბათს დადგა, მაგრამ მხარეები პოზიტიური სვლებით და სწრაფად მიიწევენ წინ.
Tuttosport-ის ცნობით, ბარსელონაში მყოფი ფაბიო პარატიჩი კატალონური გრანდის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობდა და საქმე ხსენებული ბარტერის განხილვაზეც მივიდა. ორივე გუნდი სერიოზულად ფიქრობს, რომ თანხმობა განაცხადონ.
მიუხედავად იმისა, რომ ემრე ჯანი „იუვეს“ მხოლოდ 12 თვის წინ შეუერთდა და 25 წლისაა, მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება. იტალიელი გერმანელზე წინ მირალემ პიანიჩს, ადრიენ რაბიოს, სამი ხედირას, როდრიგო ბენტანკურსა და აარონ რემზის განიხილავს. გამოდის, რომ სასტარტოში მოხვედრის შანსი ხუთ ფეხბურთელს უფრო მეტად აქვს. სათამაშო პრაქტიკის არქონა კი, ჯანს გერმანიის ნაკრებთან ერთად დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს პრაქტიკულად უკარგავს.
თანაც, კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის შემდეგ ლიონელ მესის თანაგუნდელობა კარგი პერსპექტივაა და ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება.
რაკიტიჩის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე კი ერნესტო ვალვერდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საუბრობდა. ახლა ყველაფერი ღიაა და გუნდებმა შესაძლოა ახლო მომავალში შეთანხმებას მიაღწიონ.