ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (2:2) შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბენტანკურის გაძევების შემდეგ კარგი ხასიათი გამოავლინა.
თუმცა, ალეგრიმ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მიმართა, რომელიც მსაჯებს გამუდმებით აკრიტიკებს და დასძინა, რომ იტალიაში არაფერი შეიცვლება:
„კარგ განწყობაზე არ ვარ. მსაჯებზე არასდროს ვსაუბრობ, ბანტიმ კარგად გაართვა დავალებას თავი. ვწუხვარ, რომ მოედნის მიღმაც ბევრი რამ ხდება, ქცევების შესახებ ბევრი საუბარია. ზოგიერთი გუნდის ხელმძღვანელების განცხადებები მსაჯების წინააღმდეგაა მიმართული (ალეგრიმ აურელიო დე ლაურენტისი იგულისხმა – ავტ). იმედგაცრუებული ვარ, დღეს უფრო მეტად ნერვული ვიყავი, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგრამ კარგად მესმის, რომ იტალიაში ამ მხრივ სიტუაცია არასდროს შეიცვლება.
თამაში? – პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მეტოქემ კი ერთადერთი შანსი გამოიყენა და გოლი გაიტანა. 1:0-ზე გვქონდა შანსი, რომ მეორე გოლი გაგვეტანა, თუმცა ვიცოდით, რომ აქ ურთულესი მატჩი გველოდებოდა. 10 კაცით დავრჩით, მაგრამ ბიჭებმა კარგად იმოქმედეს და ბოლოსკენ მოგების შანსიც გვქონდა, როდესაც რონალდუმ გამჭოლი პასი გააკეთა მანჯუკიჩის მიმართულებით.
შემადგენლობა? – პიანიჩის გარეშე ვამჯობინე, რომ ბონუჩი ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო. ემრე ჯანმა დაცვის წინ კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისევე, როგორც ხედირამ დაბრუნების შემდეგ. სამწუხაროა, რადგან მოგება გვინდოდა, რაც ვერ შევძელით“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პირველი წრისა და 2018 წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.