მთავარი / სიახლეები / მაქსიდან სარიმდე: „იუვეს“ მარადიული დაპირება

მაქსიდან სარიმდე: „იუვეს“ მარადიული დაპირება

დანიელე რუგანი შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. იტალიელმა მცველმა ტურინში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო. ჯერ BBC-ის ლეგენდარული დუეტის ჩრდილში იყო, მერე კი დე ლიხტი-დემირალის ტრანსფერების უკან აღმოჩნდა.

არადა, რუგანი ლეგენდარული BBC-ის მთავარ მემკვიდრედ დიდი ხანი მოიაზრებოდა…

„იუვენტუსის“ პრიმავერაში

დანიელე რუგანი პრაქტიკულად „იუვენტუსის“ დიდ სინანულად იქცა. არადა, მაურიციო სარის მოსვლა თითქოს მისთვის ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო სიმშვიდის მომტანი. სარი არის მწვრთნელი, რომელსაც რუგანი ყველაზე კარგად იცნობს და რომელმაც დიდ ფეხბურთში გაიხსნა გზა. მერე კი ჯერ „ნაპოლიში“ წაყვანის არაერთი მცდელობა ჰქონდა და ბოლოს ლონდონის „ჩელსისაც“ არ დაუკლია მცდელობა. თუმცა, მაშინ როგორც ფეხბურთელმა, ისე „იუვენტუსმა“ უარი თქვეს და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ისევე, როგორც მიმდინარე წლის მარტში, როდესაც რუგანიმ კონტრაქტი 2021 წლიდან 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

ახლა კი, სარის „იუვენტუსში“ მისვლის შემდეგ ის ძალიან ახლოსაა „რომასთან“. ყველაფერი კი 7 წლის წინ დაიწყო: „ემპოლის“ აკადემიაში გამოსვლის შემდეგ 2012 წლის აგვისტოში რუგანი იჯარით „იუვეში“ გადავიდა. 2012-2013 წლების სეზონი მარკო ბარონის ხელმძღვანელობით პრიმავერაში გაატარა, მაგრამ მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა და ანტონიო კონტემ „პესკარასთან“ აპრილში გამართულ მატჩში განაცხადშიც შეიყვანა. სეზონის ბოლოს კი პრიმავერაში იტალიის თასიც მოიგო.

სარისთან

2013 წლის 31 ივლისს „იუვენტუსმა“ ტოსკანელებისგან რუგანის ტრანსფერის სანახევრო უფლებები შეიძინა და ფეხბურთელი „ემპოლიში“ დაბრუნდა,სადაც პროფესიონალებში პირველი სეზონი ელოდა. მაურიციო სარისთან სიყვარული მაშინვე მოვიდა. 19 წლის ასაკში სერია B-ში დებიუტი ჰქონდა და სეზონის ბოლოს გუნდის ელიტაში დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სერია A-შიც „მეორე მამა“ სრულ ნდობას უცხადებს და რუგანიმაც ეს ნდობა სრულად გაამართლა. 20 წლის ასაკში სერია A-ში დიდებული სეზონი ჩაატარა – 38-ვე თამაში შეუცვლელად ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათიც არ მიუღია, რაც მცველისთვის მართლაც უნიკალური შედეგია. 2015 წლის 2 თებერვალს, „იუვენტუსმა“, რომელიც მოხიბლული იყო მისი თამაშით, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სატრანსფერო უფლებების მეორე ნახევარიც გამოისყიდა 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ტოსკანაში დატოვა. ზაფხულში კი „იუვეს“ შეუერთდებოდა. ბერლინის ფინალის მერე კი „ბიანკონერის“ მთავარ გუნდში ისტორია ოფიციალურად დაიწყო.

ოსტატების BBC-დან პირველ ყვითელ ბარათამდე

მასიმილიანო ალეგრის ძალიან სჯეროდა დანიელეს და ხშირად აღნიშნავდა პრესკონფერენციაზე. „იუვენტუსში“ მისი დებიუტი 2015 წლის 30 სექტემბერს, „სევილიასთან“ (2:0) შეხვედრაში შედგა, როდესაც ბოლო წუთებზე გამოჩნდა მოედანზე. პირველად ძირითად შემადგენლობაში კი 16 დეკემბერს, იტალიის თასზე 4:0 მოგებულ დერბიში გამოჩნდა. მაქსიც სეზონის მეორე ნახევრიდან დანიელეს უფრო მეტ წუთებს აძლევდა სათამაშოდ და ფეხბურთელიც მშვიდად აბარებდა გამოცდებს. 2016 წლის 24 აპრილს კი, სერია A-ში 53 მატჩის შემდეგ დიდებული სერია შეწყდა – პირველად მიიღო ყვითელი ბარათი! იტალიის ჩემპიონატში ეს იყო პირველი გაფრთხილება 53-ე მატჩში…

ერთი ნაბიჯი წინ, ერთი უკან

მომდევნო სეზონში რუგანიმ „იუვენტუსში“ თავისი პირველი გოლებიც გაიტანა. 2016 წლის 21 სექტემბერს, „კალიარისთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი სერია A-ში, ხოლო იმავე წლის 7 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზეც გახსნა ანგარიში, როდესაც ზაგრების „დინამო“ (2:0) დაამწუხრა. სეზონის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უთამშია „რეალთან“, მაგრამ ზაფხულში გუნდი ლეონარდო ბონუჩიმ დატოვა და მასაც მეტი დრო მიეცა. 2017-2018 წლების სეზონში მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში 22 თამაში ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. თუმცა, მომდევნო ზაფხულში ტურინში კრიშტიანუ რონალდუს ყიდვასთან ერთად ბონუჩის დაბრუნებაც იზეიმეს. ამან კი მისი დრო ისევ შეამცირა. გასულ სეზონში სერია A-ში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა.

დე ლიხტთან ბრძოლა

დიახ, სწორედ ის, ძველი მაესტრო: ტურინში მიმდინარე ზაფხულს მაურიციო სარი მოვიდა და პარატიჩის არჩევანით ყველაზე ბედნიერი რუგანი უნდა ყოფილიყო. ტოსკანელი მწვრთნელი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებდა. ამას დაემატა ანდრეა ბარძალის ფეხბურთიდან წასვლა, რომელიც ასეევ უმცირებდა სათამაშო დროს. მაგრამ ამავე დროს ბევრისთვის მოულონდელად „იუვემ“ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად დაცვის ხაზი გააძლიერა. დემირალმა თავიდანვე მოიპოვა ქომაგების და კლუბის მხარდაჭერა, ხოლო მატიას დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ უკანასკნელთა დე ლიხტს 4 თვის წინ დუელიც ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადამწყვეტი გოლის დროს, სწორედ რუგანიზე მაღლა ახტა დე ლიხტი და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ახლა კი, დანიელეს ტურინიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ყოველშემთხვევაში, ფაბიო პარატიჩის ურჩევნია მას შეელიოს, ვიდრე მერიჰ დემირალს. ისიც ფაქტია, რომ ერთ-ერთმა გუნდი უნდა დატოვოს. წინ კი  სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 დღეა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *