ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ „ტორინოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ამერიკელი ფეხბურთელი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და მალე გოლი გაიტანა, რომელიც „იუვეს“ მაისურით მისთვის პირველი იყო.
„რთული თამაში იყო, პირველ ტაიმში სირთულეები გვქონდა რიტმისა და ბალანსის პოვნის კუთხით, მათი კომპაქტური დაცვის დაძლევა გაგვიჭირდა. მინდოდა გუნდისთვის რაც შემეძლო გამეკეთებინა, რადგან პირველ რიგში გუნდზე ვფიქრობ.
გოლი? მომწონს სტანდარტულებზე საჯარიმოში შესვლა და გამომივიდა. მე და კუადრადო არა მხოლოდ ვგავართ ერთმანეთს, არამედ შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს. ახლა „ბარსელონას“ შევისწავლით და ვეცდებით გავიგოთ, როგორ უნდა ვითამაშოთ საუკეთესოდ მათ წინააღმდეგ“, – თქვა მაკკენიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 10 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს მოპოვებული. მომდევნო შეხვედრას „იუვე“ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.