ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კროტონეს“ ვერ მოუგო. ანდრეა პირლოს გუნდის რიგებში ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა, რომელიც მოედანზე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 6 – რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა, მაგრამ არცერთი ყოფილა დაუვიწყარი სეივი. სიმის პენალტის დროს ვერაფერი მოახერხა.
დანილო 6 – კიეზას და კუადრადოს ზურგს უმაგრებდა, ახალი „იუვეს“ სრულფასოვანი წევრია.
ბონუჩი 5 – დააგვიანა და პენალტიც აიკიდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარა.
დემირალი 6 – დაცვაში საუკეთესო ის იყო.
კიეზა 5 – დებიუტი საგოლე პასით დაიწყო და ეს ძალიან დიდი თვითრწმენის საფუძველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე ტაიმში გააძევეს და ამიტომ, დებიუტი ძალიან ცუდი ჰქონდა.
არტური 6 – ბურთი მარჯვენა ფეხზე მიმაგრებული ჰქონდა, ზოგჯერ მეტისმეტადაც. მაგრამ თავაწეული თამაშობს და მოკლე პასების ოსტატია.
რაბიო 6 – თამაშში კარგად ჩაერთო.
ბენტანკური 6 – მანაც კარგად ითამაშა და გამორჩეული იყო.
ფრაბოტა 5 – მას ანდრეა პირლოსგან ნდობა აქვს, ასევე კარგად შეუძლია ირბინოს, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა.
კულუსევსკი 5.5 – კიეზას საგოლე მომენტში იდეალური პასი გაუკეთა, მაგრამ ძალიან ბევრ სახიფათო მომენტში დაკარგა ბურთი. ცუდი თამაში ჩაატარა.
ბერნარდესკი 5.5 – როდესაც რაღაც მეტი იყო საჭირო, თავისი მარცხენა ფეხი ერთხელაც ვერ გამოიყენა.
პორტანოვა 5.5 – უშიშრად ითამაშა, მაგარი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ მომენტი გააფუჭა. პირლომ მასზე ფსონი გააკეთა, მაგრამ ალბათ ჯერ მზად არ იყო.
კუადრადო 6 – მარჯვენა ფლანგი გააკოტროლა და შეეძლო საგოლე პასიც, მორატას გოლი რომ არ გაუქმებულიყო.
მორატა 7 – შეტევა მის მხრებზე იყო. გოლი გაიტანა, ძელს მოარტყა, შემდეგ გოლი არ ჩაუთვალეს, ძალიან მცირე მანძილის გამო. მაქსიმუმი გააკეთა, მარტო მეტს ვერ იზამდა.
პირლო 5 – მართალია პრესეზონი არ ჰქონია და ისიც მართალია, რომ ბერვი ფეხბურთელი აკლდა, ბევრიც ნაკრებიდან ახალი დაბრუნებული იყო, მაგრამ მისი ტაქტიკა ჯერჯერობით არ ამართლებს. თუნდაც, შემთხვევითობა არაა, რომ ზედიზედ მეორედ გუნდი კაცნაკლული დარჩა. კროტონეში დაკარგული 2 ქულა ოქტომბერში ისეთივე მძიმეა, როგორც მაისში.