ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურისთვის ემზადება. Tuttosport-ი წერს, რომ პაულო დიბალა პირველივე წუთიდან სათამაშოდ მზადაა და ანდრეა პირლოც მის ძირითადში დაყენებას განიხილავს. თუ ასე მოხდა, „ლა ჯოიას“ სეზონური დებიუტი შედგება.
დიბალა ახლოს იყო „რომასთან“ ეთამაშა, შეცვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ადრიენ რაბიო გააძევეს და პირლოს გეგმები შეიცვალა, დიბალა სკამზე დარჩა. შემდეგ ის ვირტუალურად ძირითადში იყო „ნაპოლისთან“, მაგრამ თამაში არ შედგა. „კროტონესთან“ კი თადარიგში დარჩა, დიდი დანაკლისისა და უარყოფითი შედეგის მიუხედავად, პირლომ ის არ გამოიყენა. როგორც მან ეს ნამატჩევს განმარტა, ნაკრებიდან დაბრუნებულ დიბალას მხოლოდ 10 წუთი ჰქონდა ნავარჯიშები და მზად არ იყო.
გუშინ იტალიურ მედიაში ისიც გავრცელდა, რომ დიბალამ სოციალურ ქსელში პირლოსკენ მიმართული კრიტიკული კომენტარი დაალაიქა… ვნახოთ, რა იქნება კიევში.
გარდა ამისა, თითქმის გამორიცხულია ალექს სანდროსა და აარონ რემზის თამაში, კრიშტიანუ რონალდუ და ვესტონ მაკკენი კი ნამდვილად ვერ ითამაშებენ კორონავირუსის გამო. ტურინული გაზეთი იმასაც ვარაუდობს, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ შესაძლოა შანსი მიიღოს და ისიც ძირითადში იყოს.
შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.