ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი გამოცემა Marca-სგან სპეციალური ჯილდო გადაეცა – Marca leyenda („მარკას“ ლეგენდა).
კრიშტიანუ ავტორიტეტულ გამოცემას ინტერვიუც მისცა:
მადრიდში დაბრუნება – ხშირად ჩამოვდივარ. ამ ქალაქმა ბევრი მომცა არამარტო საფეხბურთო, არამედ პიროვნულ დონეზე. აქ დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, აქაურობისადმი დიდი სიყვარული მაქვს და რაც შეიძლება მალე დაბრუნებას ვიმედოვნებ.
მეექვსე ოქროს ბურთი – იმედია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემი კარიერა კარგად ვითარდება მადრიდიდან წასვლის შემდეგ. „რეალის“ დატოვება ადვილი არ ყოფილა, 9 წლის შემდეგ, 33 წლის ასაკში… ახალი ჩემპიონატი, ახალი თანაგუნდელები. სწორედ ამიტომ, შესანიშნავი სეზონი ჩავატარე, მოვიგე იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი და ერთა ლიგა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იყო, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე.
მანჩესტერი და მადრიდი – რომელი უფრო მენატრება? ორივე, თუმცა მადრიდში უფრო მეტი დრო გავატარე, ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ. უფრო მეტად მადრიდი მაკლია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული – ყველა, მაგრამ ალბათ ევროპის ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა. განსაკუთრებული გემო ჰქონდა. ეს არ ყოფილა კლუბში მიღწეული წარმატების მსგავსი. ემოცია უფრო დიდი და განსაკუთრებულია, როდესაც შენს ქვეყანასთან ერთად გამარჯვებას ახერხებ.
ჩემპიონთა ლიგა – ამ წელს მოვიგებ? არ ვიცი. ვეცდებით მოვიგოთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან ყველა გუნდს უნდა გამარჯვება. საბოლოოდ მხოლოდ ერთი მოიგებს და იმედია, რომ ეს „იუვე“ იქნება.