ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემიაა. დღეს J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას ჯორჯო კიელინი, ლეონადო ბონუჩი და როდრიგო ბენტანკური გაივლიან. სამივე მოთამშე ტრავმირებულია.
ურუგვაელი ნახევარმცველის შესახებ ამ ეტაპზე მეტი ცნობა არ ვრცელდება. კიელინის კუნთის პრობლემა აქვს და წინასწარი ვარაუდით ორი კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო ბონუჩის 3 კვირით მოუწევს უქმობა, ის „პორტუსთან“ მოსამსაზდებელ პერიოდში დაშავდა.
ამას გარდა, სხვა ფეხბურთელებიც ტრავმირებულები არიან. ხუან კუდრადოს 3 კვირა გაუცდება და ექიმების მიზანია, რომ ის სათამაშოდ მზად 9 მარტს „პორტუსთან“ შეხვედრაში იყოს, მაგრამ ჯერ გადაჭრით თქმა, შეუძლებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისია – არტური. ბრაზილიელის გამოჯანმრთელების დროის გამოთვლა ძნელია. ბევრი რამ დამოკიდებულები იქნება იმაზე როგორ წარიმართება თერაპიის კურსი. ბრაზილიელს წვივის პრობლემა აქვს და „იუვენტუსის“ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე კვირა თერაპიის კურსი გამოიყენონ, რომ უკეთეს შემთხვევაში ოპერაცია თავიდან აიცილონ, უარეს შემთხვევაში კი გადადონ.
პაულო დიბალაც ჯერ მზად არ არის. ის „პორტუსთან“ გუნდს გაჰყვა, განაცხადშიც იყო, მაგრამ თავიდანვე იცოდა, რომ ფორმალურად – ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. თუმცა, მხოლოდ არგენტინელს აქვს მცირე შანსი, რომ „კროტონესთან“ მატჩისთვის თადარიგში მაინც მოხვდეს.
როგორც ხედავთ „იუვეს“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა და ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. ანდრეა პირლოს გუნდი “კროტონეს” ორშაბათს დაუპირისპირდება.