ტურინის „იუვენტუსის“ სათადარიგო შემადგენლობაზე, რომელიც მაურიციო სარის სეზონის პირველ მატჩში „პარმასთან“ ჰყავდა, დიდი მითქმა-მოთქმაა. სოციალურ ქსელში განსაკუთრებით, „მანჩესტერის“ ფანები აქტიურობდნენ.
ისინი წერდნენ, რომ ბუფონის გარდა, „წითელი ეშმაკების“ ძირითად შემადგენლობაში ყველა მათგანი მოხვდებოდა.
Corriere Dello Sport-მა კი, სკამზე მყოფილი ფეხბურთელების ფასი შეაჯამა და გამოვიდა, რომ „იუვეს“ 400-მილიონიანი სათადარიგო სკამი ჰყავდა. იტალიურმა გამოცემა შემადგენლობა პოზიციების მიხედვით გაანაწილა, ხოლო გუნდის სათამაშო სქემად 4-3-3 შეარჩია:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი – ღირებულება 1 მილიონი ევრო
მცველები: ხუან კუადრადო – 15-20 მილიონი ევრო, მატიას დე ლიხტი – 75 მილიონი ევრო, მერიჰ დემირალი – 18 მილიონი ევრო, დანილო – 37 მილიონი ევრო
ნახევარმცველები: ემრე ჯანი, როდრიგო ბენტანკური და ადრიენ რაბიო – თითოეულის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევრო
თავდამსხმელები: ფედერიკო ბერნარდესკი – 45 მილიონი ევრო, მარიო მანჯუკიჩი – 15 მილიონი ევრო, პაულო დიბალა – 80 მილიონი ევრო.
ჯამში კი თანხამ დაახლოებით 400 მილიონი ევრო შეადგინა… გარდა ამისა, განაცხადში არ იყვნენ მატია პერინი, დანიელე რუგანი და აარონ რემზი.
აქვე შეგახსენებთ, “ბებერი სინიორას” ძირითად შემადგენლობას “პარმასთან” ხსენებულ მატჩში: შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, რონალდუ.