ტურინის „იუვენტუსმა“ „ინტერის“ წაფორხილებით ისარგებლა და უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. „იუვემ“ მეოცე ტურში „პარმას“ უმასპინძლა და ნერვიულობს გარეშე ვერ მოიგო, მაგრამ რაც მთავარია იმარჯვა და კონკურენტს უფრო მეტად გაექცა.
„იუვენტუსს“ საკმაოდ გაუჭირდა „პარმას“ ძლევა და ანგარიში ტაიმის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელსაც მატეო დარმიანის რიკოშეტიც დაეხმარა. ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში „პარმამ“ გაათანაბრა. კუთხურის შემდეგ კრიშტიანუს კორნელიუსმა დაასწრო და დანიელმა ტაბლოზე ორი ერთიანი დააფიქსირა. თუმცა, ეს ანგარიში მხოლოდ 3 წუთი შენარჩუნდა. რონალდუმ ამჯერად დიბალას ჩინებული პასით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პორტუგალიელს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა, რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა. საპასუხოდ, „პარმაც“ არ ყოფილა უსაქმოდ და რამდენიმე სახიფათო იერიში მიიტანა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.
„იუვენტუსმა“ 51 ქულა დააგროვა და „ინტერს“ 4 ქულით გაასწრო. მომდევნო ტურში კი „ნაპოლის“ სტუმრად შეხვდება, მაგრამ მანამდე შუა კვირაში იტალიის თასზე „რომას“ დაუხვდება.
„იუვენტუსი“ – „პარმა“ 2:1 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო (დანილო 21); რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; რემზი (იგუაინი 59); დიბალა (დუგლას კოშტა 81), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„პარმა“ (4-3-3): სეპე; დარმიანი, იაკოპონი, ბრუნო ალვეში, გალიოლო; კუცკა, სკოცარელა (სპროკატი 66), ერნანი; კულუსევსკი (სილიგარდი 88), ინგლეზე (კორნელიუსი 44), კურტიჩი
მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა
გოლები: 1:0 რონალდუ (43), 1:1 კორნელიუსი (55), 2:1 რონალდუ (58)
გაფრთხილება: კურტიჩი (71)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: მარკო დი ბელო