ტურინის „იუვენტუსში“ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი აქტუალურობას არ კარგავს. როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, „ბებერი ქალბატონი“ ბრაზილიელი ვარსკვლავის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.
წყაროს ინფორმაციით ტურინელები მიმდინარე კვირაში ნეიმარის აგენტ პინი ზაჰავის შეხვდებიან, რაც აღნიშნულ ტრანსფერს მეტ რეალურობას სძენს.
თავის მხრივ „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფა სამხრეთ ამერიკელი შემტევის სანაცვლოდ იგივე თანხას ითხოვს, რაც მასში „ბარსელონას“ გადაუხადა – 222 მილიონი ევრო. სხვა შემთხვევაში მის გაშვების საკითხს არც განიხილავს.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი პარიზული გუნდისთვის კი შემდეგ შეთავაზებას ამზადებს – ნეიმარის ნაცვლად პაულო დიბალასა და ბლეზ მატუიდის შეელევა და დამატებით თანხასაც გადაიხდის, რომელიც ჯერ ცნობილი არ არის.
რაც შეეხება ნეიმარს, მას კატალონიაში დაბრუნება სურს. თუმცა, „ბლაუგრანა“ მასში იმ თანხის გადახდას არ აპირებს, რამდენიც წლების წინ ბრაზილიელის წასვლით გამოიმუშავა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად პსჟ-ს 27 წლის შემტევის ესპანეთში დაბრუნის იდეა დიდად არ ხიბლავს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის შეძენით „იუვენტუსის“ გარდა მადრიდის „რეალიც“ არის დაინტერესებული, თუმცა უცხოური მედიის ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ შანსები გაცილებით მცირეა.
აქვე გეტყვით, რომ ნეიმარმა ყველა ჩემპიონატის გათვალისწინებით პარიზული კლუბის შემადგენლობაში 58 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.