„ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ ზედმეტი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. რა თქმა უნდა, იტალიელს კონკრეტული გვარები საჯაროდ არ დაუსახელებია, მაგრამ ფაქტია თქვა, რომ 6 ფეხბურთელი ამჟამინდელი შემადგენლობიდან ზედმეტია.
ისიც ცხადია, რომ ქომაგებისთვის შესაძლოა ეს მტკივნეული საკითხი იყოს, რადგან ყველა ღირებული მოთამაშეა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა გააკეთო არჩევანი, რომ წინსვლა გააგრძელო.
შესაძლო წამსვლელთა ჩამონათვალი და დღევანდელი მდგომარეობა ასეთია:
მატია პერინი – მეკარე ელოდება „მონაკოს“, „იუვენტუსი“ მინიმუმ 15 მილიონ ევროს. „ბენფიკასთან“ კი პირველი უიღბლო მოლაპარაკება იყო.
სამი ხედირა – გუშინ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, შეიძლება დარჩეს კიდეც, მაგრამ ნახევარდაცვაში შემადგენლობა გადატვირთულია და ის 6 მილიონი, რომელსაც ხელფასის სახით ითხოვს, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. არაა გამორიცხული კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყდეს.
ბლეზ მატუიდი – მას „მონაკოსა“ და პსჟ-ს ვარიანტი აქვს. „იუვენტუსმა“ შესაძლოა ფეხბურთელს ფასი დააკლოს.
მარიო მანჯუკიჩი – ინგლისში ჩაშლილი ტრანსფერი შემდეგ ხორვატს გერმანული ბაზარი აქვს ღია. „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ამ შემთხვევაში ყველაზე სანდო და მისაღები პარტნიორებია.
ლუკა პელეგრინი – მარტივი ოპერაცია, იჯარა „კალიარიში“, რომელიც სავარაუდოდ დამდეგ კვირაში უნდა შედგეს.
იგუაინი ან დიბალა – გაცილებით რთული ოპერაციები, ალბათ უფრო მტკივნეულიც. არსებობს რისკი, რომ გუნდი ორივემ დატოვოს. ამისთვის საჭირო იქნება შესაბამისი შემცვლელის ყიდვაც.
დანიელე რუგანი – რუგანის გუნდიდან წასვლა მხოლოდ კონკურენციით იქნება განპირობებული. ის არის მეექვსე წამსვლელი პელეგრინის თუ არ ჩავთვლით. სარი იძულებულია ამას დათანხმდეს, თუმცა იმავდროულად დანიელე ძალიან მოსწონს. არც ისაა გამორიცხული, რომ რუგანი „იუვეში“ დარჩეს.
ახლა დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ უახლოეს სამ კვირაში „იუვენტუსს“ 6 ფეხბურთელი დატოვებს. კონკრეტული სახელებიც სულ მალე უნდა გაირკვეს.