ლივერპულის „ევერტონი“ მოიზე კინის გადაბირებას აპირებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. Sky Sport-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი „იუვენტუსთან“ საწყის კონტაქტზე გავიდა.
თავის მხრივ, ტურინელები კინის გასხვისებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ, მაგრამ ფეხბურთელთან განშორებას მხოლოდ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში აპირებენ.
როგორც ხსენებული წყარო წერს, „იუვე“ კინის სანაცვლოდ „ევერტონს“ 40 მილიონ ევროს სთხოვს, თუმცა, ლივერპულელთა პასუხი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კინმა 7 გოლი გაიტანა, ხოლო კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.