ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისი დაუსრულებელია. „მილანმა“ 29-ე ტურში „სამპდორიას“ ვერ მოუგო და ანდრეა პირლოს გუნდს შანსი ჰქონდა ჩამორჩენა შეემცირებინა, მაგრამ ამ გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება უკვე ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
არადა, „იუვენტუსმა“ „ტორინოსთან“ დერბი დელა მოლე შესანიშნავად დაიწყო და საწყისი 15 წუთი ფანტასტიკურად ჩაატარა. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი და ფედერიკო კიეზას გოლი – 0:1. ამ დასაწყისის მერე ძნელი წარმოსადგენი იყო ის, რაც მოხდა. ტაიმის შუაწელს სანაბრიამ ვოიცეხ შჩესნის ცუდად მოეგრიებულ ბურთს დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთი გავიდა და ანგარიშში მასპინძლები დაწინაურდნენ. შჩესნი კიდევ ერთხელ შეცდა და სანაბრიამ დუბლი შეასრულა. შჩესნის შეცდომამდე, ბურთი დეიან კულუშევსკიმ დაკარგა, რომელმაც არაზუსტი პასი საკუთარ საჯარიმოსთან გააკეთა და ბურთი სანაბრიას ჩააბარა.
„იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელიც თავის შეცდომებზე წელს ვერ სწავლობს. რატომ? კულუშევსკიმ ზუსტად იდენტური შეცდომა დაუშვა, რაც ერთი თვის წინ „ლაციოსთან“, მაშინაც იგივე პოზიციიდან, იგივე ზონაში არაზუსტი პასი გააკეთა და გოლი გავიდა. ახლაც ასე იყო. კიდევ ერთი: „პორტუსთან“ პირველი მატჩი გავიხსენოთ – „იუვემ“ მაშინ პირველივე წუთზე და მეორე ტაიმის დაწყებიდან წამებში გაუშვა გოლები – ახლაც იგივე მოხდა…
პირლოს გუნდი წაგებას კრიშტიანუ რონალდუმ გადაარჩინა, რომელმაც 79-ე წუთზე გაათანაბრა. ბოლოს ორივე გუნდს შეეძლო მოგება. ერთხელ ბენტანკურის დარტყმა ძელს მოხვდა და ერთხელაც შჩესნიმ ივარგა – 2:2.
„იუვენტუსი“ მეოთხე-მეხუთე ადგილებს 56 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს, რომელმაც 7 აპრილს შეხვდება სერია A-ს მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 2:2 (1:1)
ტურინი, „გრანდე ტორინო“
„ტორინო“ (3-4-1-2): სირიგუ; იცო, ბრემერი, ბონჯორნო; ვოივოდა, რინკონი (ლუკიჩი 65), მანდრაგორა, ანსალდი; ვერდი (ბაზელი 87); სანაბრია, ბელოტი (ძაძა 72)
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო (რაბიო 87); კულუშევსკი (ბერნარდესკი 71), დანილო (რემზი 71), ბენტანკური, კიეზა; მორატა, რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 კიეზა (13), 1:1 სანაბრია (27), 2:1 სანაბრია (46), 2:2 რონალდუ (79)
გაფრთხილება: ანსალდი (42), რინკონი (59), სანაბრია (83), მანდრაგორა (88) – კუადრადო (68), ბერნარდესკი (90)
სტატიტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 18 (9) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: მიკელ ფაბრი