ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის თასის გათამაშება დასრულდა. მეოთხედფინალში „იუვე“ „ატალანტას“ ესტუმრა და ისე წააგო, რომ შანსიც არ ჰქონია – 0:3.
ტურინელთათავის შეხვედრა ძალზე უიღბლო გამოდგა და გარდა იმისა, რომ წააგეს, კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაშავდა. მისი ტრავმის ხარისხი ამ დროისთვის უცნობია და ალბათ, ხვალ გვეცოდინება პასუხი. მანამდე ვიცით, რომ ტურინელებს ერთადერთი ცენტრალური მცველი დარჩათ – დანიელე რუგანი.
კიელინის ადგილი მატია დე შილიომ დაიკავა და ნათლად გამოჩნდა, რომ ის ცენტრალური მცველი არაა. „იუვეს“ დაცვაში დიდი სივრცეები აგჩნდა და ბერგამოელებმა ამით შესანიშნავად ისარგებლეს. პირველივე ტაიმში კასტანემ და დუბან ძაპატამ პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. „იუვეს“ თამაში უკვე მეორე მატჩია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გუნდმა ერთადერთხელ დაარტყა კარის ჩარჩოში და ისიც მეორე ტაიმში. ბოლოს, დე შილიომ კიდევ ერთხელ ითამაშა კატასტროფულად და ძაპატას დუბლის შესრულების შესაძლებლობა მისცა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მოკლედ, მძიმე ვითარებაა. „იუვე“ 2014 წლის შემდეგ პირველად დარჩა იტალიის თასის გარეშე. თუმცა, ამაზე მეტად საფიქრალი ცნეტრალური მცველების ტრავმებია და ამასობაში, „ატლეტიკოსთან“ მატჩიც კარსაა მომდგარი.
„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 3:0 (2:0)
ბერგამო, „ატლეტი აძური“
„ატალანტა“ (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, ჯიმშიტი, პალომინო (მაზიელო 89); ჰატებური, ფროილერი, დე რუნი (გოსენსი 90), კასტანე; გომესი; ილიჩიჩი (პაშალიჩი 26), ძაპატა
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კიელინი (კანსელუ 27), ალექს სანდრო; ბენტანკური, ხედირა (პიანიჩი 71), მატუიდი; ბერნარდესკი, რონალდუ, დიბალა (დუგლას კოშტა 62)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 კასტანე (37), 2:0 ძაპატა (39), 3:0 ძაპატა (86)
გაფრთხილება: ჯიმშიტი (43), ფროილერი (45), ჰატებური (54) – პიანიჩი (79), მატუიდი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 5 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ფაბრიციო პასკუა