ტურინის „იუვენტუსში“ ივან რაკიტიჩის ტრანსფერი ზაფხულში ჩაიშალა, მაგრამ შესაძლოა იანვარში ხორვატი იტალიაში მაინც გადავიდეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მხარეები ამჯერად ემრე ჯანისა და რაკიტიჩის ბარტერზე ისაუბრებენ. გერმანელი მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა, გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია და დიდი ალბათობით, ეს ზამთარში მოხდება.
31 წლის ხორვატი კი, თავის მხრივ ტურინელთა ინტერესის სფეროში ისევ არის.
აქვე შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, რადგან „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“, რომელსაც ფედერიკო ბერნარდესკისთან გაცვლა სურდა, დამატებით 23 მილიონი ევრო მოსთხოვა. ეს წინადადება კი ესპანურ მხარეს ეძვირა.