მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მარიო მანჯუკიჩმა შესაძლოა „იუვენტუსი“ მაინც დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, ხორვატი ყატარში გადაბარგებაზე ფიქრობს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 30 სექტემბრამდეა ღია.
ემრე ჯანისგან განსხვავებით, მანჯუკიჩს ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ისიც ძალიან გაბრაზებულია და ტურინში დარჩენა არ უნდა.
ამიტომ, ბალკანელი შესაძლოა იანვარს არ დაელოდოს და ყატარის ვარიანტი ამჯობინოს. მეორეს მხრივ კი, იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან ჩინეთის ვარიანტი ექნება.
იანვარში გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია ემრე ჯანიც, ხოლო დანიელე რუგანი ტურინში მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე დარჩება. იტალიელმა მცველმა კარგად იცის, რომ სარისთვის მეოთხე არჩევანია, მაგრამ ბოლო დღეებში კიელინის ტრავმის შემდეგ მისთვის დამაიმედებელი სიგნალი იყო, რომ სარიმ ხელმძღვანელობას ჟერომ ბოატენგისა და მეჰდი ბენატიას შეძენაზე უარი განუცხადა და აქცენტი სწორედ რუგანიზე გააკეთა.