ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისა და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შორის ვითარება დაიძაბა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი გაბრაზებულია, რომ პარატიჩიმ ფეხბურთელების გაყიდვა ვერ მოახერხა.
რამდენიმე კვირის წინ სარიმ პრესკონფერენციაზე ღიად თქვა, რომ „იუვეს“ ხელმძღვანელობას რამდენიმე მოთამაშე უნდა გაეყიდა:
„თქვენ იცით ჩვენი შემადგენლობა როგორია? ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა 6 ფეხბურთელი უნდა დავტოვო. ეს რთული სიტუაციაა, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეები რისკის ქვეშ დგებიან. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, – ამბობდა სარი.
მაურიციოს 6-ფეხბურთელიანი სია შეუმცირდა, რადგან ტრავმების გამო მატია პერინი, მარკო პიაცა და ჯორჯო კიელინი ავტომატურად აღმოჩნდნენ განაცხადს მიღმა.
აი, ემრე ჯანისა და მარიო მანჯუკიჩის განაცხადს მიღმა დატოვება კი თავად მოუწია. სწორედ ამის შემდეგ სარიმ პარატიჩის უსაყვდურა, რომ ფეხბურთელები ვერ გაყიდა. აქვე ვთქვათ, რომ ზუსტად ამ პრობლემის გამო სარი მანამდე თავისი საყვარელი შეგირდის დანიელე რუგანის გაყიდვას დათანახმდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია ჯორჯო კიელინის ტრავმამ შეცვალა, ხოლო ჟერომ ბოატენგის ტრანსფერი თავად დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ პარატიჩი მზად იყო გერმანელი ეყიდა.