ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი Corriere Dello Sport-ს ესაუბრა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია.
„ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ნორმალურია, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. ნახევარდაცვაში ახლა 7 მოთამაშე გვყავს და თამაში სამს ან მაქსიმუმ ოთხს მოუწევს. ამიტომ, დიდი ბრძოლა იქნება ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. ეს სასიამოვნოა, რადგან კონკურენცია იზრდება და დონეც მატულობს.
ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ განსაკუთრებით სათამაშო სტილი იცვლება. საქმე კარგად მიდის. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ალეგრის ტაქტიკაც, გარდა იმისა, რასაც სარი ნერგავს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მეტოქეზე და მწვრთნელის არჩევანზე. თუმცა, გუნდს ადაპტაციისთვის პრობლემები არ ექნება. როდესაც ამ მაისურს იმოსავ, ტიტულების მოსაგებად უნდა იბრძოლო, სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ეს არის ტურნირი, სადაც გვინდა, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ. ჩემპიონატში კი ზედიზედ მეცხრე ტიტულის მოგება გვსურს. არ ვიცი, მთავარი კონკურენტი „ინტერი“ იქნება თუ არა, რადგან სხვა ძლიერი გუნდებიც არიან. „ნერაძურისთან“ შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ და მეტოქემაც აჩვენა, რომ კარგი შემადგენლობა ჰყავს. თუმცა, სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება“, – განაცხადა ემრე ჯანმა.